ოჯახში, სადაც უხეშობა, ლანძღვა-გინება და წივილ-კივილი ცხოვრების წესია, თავაზიანი ადამიანი ვერ გაიზრდება რომელ მშობელს არ უნდა, რომ მისი შვილი ზრდილობისა და თავაზიანობის განსახიერება იყოს, სანიმუშოდ იქცეოდეს და ყველას თავს აყვარებდეს. არადა ხშირად ბავშვებს სანიმუშო კი არა, ელემენტარული ზრდილობაც არ აქვთ. საერთოდ, წინასწარ ჯობს თადარიგის დაჭერა, რომ მოზრდილობაში შვილის ქცევის გამო არ შეგვრცხვეს, მაგრამ არც მერეა გვიან, როცა პრობლემა შემაწუხებლად იჩენს თავს.
1. დაიწყეთ ოჯახიდან
ოჯახში თბილი, მოსიყვარულე გარემო, როცა ოჯახის წევრები თვალებში შესციცინებენ ერთი მეორეს, ისედაც განაწყობს ბავშვს გარშემო მყოფთა მიმართ კეთილგანწყობისა და თავაზიანობისკენ. როცა ბავშვს სხვა ადამიანის პატივისცემის ნიმუში მუდმივად თვალწინ აქვს, ეს აუცილებლად იმოქმედებს მის ბუნებაზე. ოჯახში, სადაც უხეშობა, ლანძღვა-გინება და წივილ-კივილი ცხოვრების წესია, თავაზიანი ადამიანი ვერ გაიზრდება.
2. იყავით მაგალითი
ბავშვის თანდასწრებით სხვები უპატივცემულოდ არ მოიხსენიოთ. სხვისი ნაკლის აღმოჩენისას თავშეკავებულები იყავით, ანგარიში გაუწიეთ სხვის სურვილებსა და მოთხოვნებს. მათ შორის ტრანსპორტში და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. ნუ დაგავიწყდებათ, რომ ბავში პრაქტიკულად, "აკოპირებს" ქმედებას, მშობელი ხომ მისთვის ეტალონია.
მშობელი, რომელიც ბავშვის თვისებების შეცვლას საკუთარი თავის ცვლილებებით არ იწყებს, მარცხისთვის განწირულია.
3. მიმართეთ ჯადოსნურ ხერხებს
ეს ხერხებია წიგნები, ზღაპრები, საბავშვო ლექსები, ფილმები და მულტფილმები ზრდილობის შესახებ. ეს საშუალებები კარგად დაეხმარება მშობლებს, რათა შვილებს აუხსნან, რამდენად აუცილებელია თავაზიანობის გამოჩენა. ზოგიერთ სკოლასა და საბავშვო ბაღში "ზრდილობის გაკვეთილები" სასკოლო პროგრამაშიც შედის.
4. აუხსენით და განუმარტეთ
კატეგორიული მოთხოვნა, "აბა, მიესალმე დეიდას", "მადლობა გადაუხადე", "ბოდიში მოუხადე", განსაკუთრებით სხვების თანდასწრებით, მხოლოდ დათვურ სამსახურს გაგიწევთ. რაკი ბავშვს ამ სიტყვების წარმოთქმა უჭირს, ესე იგი შინაგანად ამისთვის მზად არ არის. ასეთი სიტყვების დაძალებით ბავშვს ზრდილობას ვერ ასწავლით. უნდა აუხსნათ, რომ ბოდიშით ადამიანს ვაგრძნობინებთ, რამდენად ვწუხვართ, რომ ვაწყენინეთ. განუმარტეთ, რისთვის ვიხდით მადლობას და ა.შ.
საერთოდ, ზრდილობიანი და ტაქტიანი შვილის აღზრდა ადვილი ამოცანა არ არის. ამას დრო, პირადი მაგალითის მიცემა და მოთმინება სჭირდება, თუმცა შედეგი ამად ღირს.