ფრთხილად, ბავშვებია!
ვზრდით შვილებს, მომავალ თაობას. ვზრდით, ჩვენი აზრით, რომ მივცეთ ჯანმრთელი ორგანიზმი, ჯანსაღი სული. ვასწავლით. სწავლობენ. ვაკვირდებით. გვეიმედება, რასაც ვხედავთ. თითქოს, სწორ გზაზე ვდგავართ.
არა, არ გვაქვს დაიმედების, დამშვიდების უფლება. მარტივად - ისინი ბავშვები არიან. ჭკვიანი, და მაინც, ბავშვები.
ხოლო ეს, შესაძლოა, ყველა გაუთვალისწინებელის მიზეზი გახდეს.
როცა დიდი საფრთხის გადატანა მოგიწევს ადრეულ ასაკში, ამას, ხშირად, ვერ ამბობ. გაუცნობიერებლად კეტავ სადღაც, რომ აღარ შეგაწუხოს და იქ რჩება წლების მანძილზე.
ამას წინათ კი, როცა შემძრა უამრავმა საფიქრალმა ადრე წასულ თვითმკვლელ ბავშვებზე, მათზე, რომელთაც ადვილად უკეთებენ ტვინის გამორეცხვას და იგივე თვითგანადგურებამდე მიჰყავთ (ნარკოტიკებს ვგულისხმობ, და არა მხოლოდ...), უცებ, წლების უკან თავსგადამხდარი ამბავი ამომიტივტივდა გონებიდან. შემზარა იმის გაფიქრებამ, რომ იმ დღიდან, დიდი ალბათობით, მე, უბრალოდ, გავქრებოდი, ან ცხოვრების სულ სხვა გზას დამაყენებდნენ.
ეს მოსკოვში მოხდა. თხუთმეტისა ვიყავი. უკანდასაბრუნებელი ბილეთისთვის გამიშვა დილიდან ნათლიამ (მუშაობდა და ვერ ახერხებდა გამოყოლას). მისამართი დამიწერა. არბატზე იყო ბილეთების სააგენტო.
უზარმაზარი რიგი დამხვდა, როგორც წესი, "ბარხატნი სეზონი" იწყებოდა და ბათუმის თვითმფრინავის ბილეთებზე დიდი მოთხოვნა იყო.
მახსოვს, ხელზე დამაწერეს ნომერი - 300...
ვდგავარ და გულშიც და ტვინშიც ჩიტები მიფრინავენ.
მომიახლოვდა არაჩვეულებრივად საინტერესო, დახვეწილი რუსი ქალბატონი. მთხოვა, ვითომ ერთად ვართ, მეც ბილეთი მინდა და რიგში რომ აღარ დავდგეო. მშვენივრად გავიგე, რაც უნდოდა და გავიხარე, რომ ამ სათნო ქალს დავეხმარებოდი.
აღმოჩნდა, რომ რეჟისორი იყო და ბათუმშიც ფილმის გადასაღებად მიდიოდა, ჯგუფი იქ ელოდებოდა. მოვეწონე რომელია, აღფრთოვანდა - ხელიდან არ გაგიშვებო!
აქვე ახლო ვცხოვრობ და რამდენიმე სინჯს "პრობას" გავაკეთებდი, რომ დავრწმუნდე, ტყუილად არ გაგაწვალებო.
რიგი მაინც არ გვიწევდა, ვასწრებდით "პრობას"...
კი, არბატზე ცხოვრობდა.
პირველად მოვხვდი, ყოველ შემთხვევაში რუსი საბჭოელის ოჯახში, სადაც სიმდიდრემ და ფუფუნებამ ენა ჩამიგდო (ეს კი არ იყო ასე ადვილი!)...
სამზარეულოში ჩაი დამისხა და დამტოვა.
აქ დაუშვა შეცდომა. ეგონა, იქ დაველოდებოდი. მე კი, ჩვეული ინტერესით სავსე, გამოვედი "ზალაში" და გარემოს შესწავლა დავიწყე. კი, დაკვირვება, ამას (ეტყობა) ტვინი უჩვენოდ აკეთებს. განგაშის ზარებისგან ყურებმა შხუილი დამიწყო.
მერე, იმ საძინებლისკენ გავწიე, ფეხაკრეფით, საიდანაც ტელეფონზე ლაპარაკის ხმა გამოდიოდა. და მოვისმინე ფრაზა" სკაჟი ვიკტორუ, უ მენია, სვეჟაია მიასა"...
კარი არ დამხვდა გადაკეტილი. ღიად დავტოვე მეც და სულ თავქუდმოგლეჯილი გამოვვარდი კორპუსიდან.
ისევ ბილეთების რიგს დავუბრუნდი. დავმშვიდდი.
ახლა ვფიქრობ - რომ მოვა, რა ვუთხრა, რატომ წამოვედი და არც დავემშვიდობე?!
არ მოვიდა....
ბევრი არც მიფიქრია, ძალიანაც კარგი, რომ არ მოვიდა, უხერხულობისგან დავიხსენი თავი.
ნათლიას ამ ამბავს, და სხვასაც ვერავის, ვეტყოდი - უცნობს სახლში გავყევი-მეთქი! მე ხომ ჭკვიანი გოგოს სახელი მქონდა...
ფრთხილად - ბავშვებია!
პ.ს. ისე ცნობისათვის, მეორე დღესაც მოგვიწია ბილეთებზე დგომა, ვერ მოასწრეს ყველას მომსახურება და არც მეორე დღეს გამოჩენილა ჩემი "რეჟისორი"...
მადონა თედორაძე