ერეკლეს კი ახლახან პირველი სასწავლო წელი დაეწყო ტელეწამყვანი გვანცა დარასელია 2 შვილის - ერეკლეს და ლილეს დედა გახლავთ. მის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი სიახლეებია: ოჯახთან ერთად დედაქალაქიდან მცხეთაში გადასახლდა, ერეკლეს კი ახლახან პირველი სასწავლო წელი დაეწყო. რაც შეეხება ლილეს, ის ჯერ 2 წლისაც არ არის.
როგორ შეარჩია შვილისთვის სკოლას და რას მიანიჭა უპირატესობა, ამ და ბევრ სხვა ოაჯხურ თემაზე გვანცამ ჟურნალ "გზასთან" ისაუბრა.
- ერეკლეს პირველი სასწავლო წლისთვის როგორ ემზადებოდით?
- დიდი ხანია, რაც პირველი კლასისთვის ვემზადებით. ჯერ იყო სკოლის შერჩევის უმნიშვნელოვანესი ეტაპი. ეს ძალზე სტრესული გახლდათ: ცხოვრებაში როგორი სტრესიც უნდა განმეცადა, არ ყოფილა შემთხვევა, რომ ღამით ვერ დამეძინა, ახლა კი - ღამით შფოთვით მეღვიძებოდა, - ვაიმე, ნეტავ სწორ გადაწყვეტილებას ვიღებ? ნეტავ, კარგი სკოლაა თუ არა-მეთქი?.. როგორც იქნა, სკოლა შევარჩიე. მეორე უმნიშვნელოვანესი ეტაპი ის იყო, რომ ერეკლე ამ სკოლაში უნდა მიმეყვანა და მეჩვენებინა, გარემო მასაც უნდა მოსწონებოდა... ძალიან მიხარია, რომ პირველ კლასში თავის უახლოეს, საბავშვო ბაღის მეგობართან ერთად მივიდა. მათთვის ეს სტრესის შემსუბუქება იქნება. ფაქტობრივად, ერეკლემ ორშაბათს ახალი ცხოვრება დაიწყო. მანამდე მოვუყევი, რომ სკოლა ის ადგილია, სადაც ბევრი პასუხისმგებლობა აკისრია; სადაც რაღაცას გთხოვენ და შენც შეგიძლია, მოითხოვო-მეთქი. სხვათა შორის, პასუხისმგებლობა აქვს. არ უყვარს, როცა შენიშვნას იმსახურებს. სულ ცდილობს, მომზადებული იყოს. იმედი მაქვს, ეს თვისებები სკოლაში გამოადგება.
- კერძო სკოლაში სწავლობს?
- დიახ.
- რატომ შეარჩიეთ კერძო სკოლა და არა - საჯარო?
- სიმართლე გითხრათ, საჯარო სკოლაზე არც მიფიქრია, რადგან პირველ რიგში, მინდა, იქ იაროს, სადაც სწავლას შეეჩვევა. სასწავლო დაწესებულების მხრიდან ყურადღების თითოეულ მოსწავლეზე კონცენტრაცია მნიშვნელოვანია, მოსწავლეები ერთმანეთს იმაში კი არ უნდა ეჯიბრებოდნენ, ვის როგორი ჩანთა ან ტელეფონი აქვს, ზაფხულში მშობლებმა ვინ უკეთეს ადგილას წაიყვანეს დასასვენებლად, არამედ - ვინ უკეთესად ისწავლის. ამის მიხედვით ვეძებე, ვეძებე და ვფიქრობ, რომ სკოლა სწორად შევარჩიე, თუმცა სტერეოტიპულად გავრცელებული "ძაან მაგარი სკოლები" მაინც არ მომეწონა. წინასწარ ვერაფერს გეტყვით - მინიმუმ, პირველი წელი გვიჩვენებს, ჩემი შერჩეული სკოლა როგორია...
- რატომ გამორიცხე, რომ კერძო სკოლაში ბავშვებს შორის არ იქნება შეჯიბრება, ვინ უკეთეს ადგილას დაისვენა, ვის უკეთესი ტელეფონი აქვს?..
- არა, ეს ყველგან შეიძლება, იყოს. ასეთი შეჯიბრება კერძო სკოლებშიც არის და ე.წ. ელიტურ საჯარო სკოლებშიც. თავიდანვე ვიცოდი, რომ ჩემი შვილი კერძო სკოლაში ივლიდა, რადგან მინდა, გარანტიები მქონდეს, მაგალითად, უსაფრთხოების თვალსაზრისით, ვფიქრობ, რაც მშობელს შეუძლია, კერძო სკოლას უფრო მოსთხოვოს, რადგან კერძოს თავისი მენეჯმენტი, გადაწყვეტილებები აქვს და საკითხებს მეტი პასუხისმგებლობით უდგება, ვიდრე სამწუხაროდ, საჯარო სკოლები. სასწავლო დაწესებულების შერჩევისას უსაფრთხოება უმთავრესი იყო. მგონია, რომ კერძოში, მოსწავლეებთან მიდგომების თვალსაზრისით, ბევრი აქვთ ნაფიქრი - როგორ უნდა შევიდეს სკოლის სამყაროში პირველკლასელი, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო.
ინტერვიუს სრული ვერსია და პასუხები ბევრ პირადულ კითხვაზე იხილეთ ჟურნალ "გზის" 20 სექტემბრის ნომერში