"პირობა მომცა, აღარ გაგაბრაზებო და მას მერე, არც გავუბრაზებივარ" საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთ-ერთი „ძველი“ სახე, ჟურნალისტი და გადაცემა "რეალური სივრცის“ წამყვანი ნინო ზუატაშვილი სოციალურ ქსელში ბავშვებთან დაკავშირებულ ემოციურ პოსტს აქვეყნებს, სადაც იმ ექსტრემალურ ვითარებაზე ყვება, რაც 5 პატარასთან ერთად მყოფს გადახდა:
„ზოგადად ვგიჟდები ბავშვებზე და ვთვლი, რომ ყველაზე დიდი მისია ბავშვების კარგად აღზრდაა, ყველაზე დიდი ინვესტიცია ბავშვებში უნდა განახორციელო. დავიბენი ძალიან, სხვა ღირებულებებია, სხვა ინტერესებია, ტექნოლოგიები ვითარდება, ზღაპარსაც ვეღარ წაუკითხავ და ვერაფრით ხიბლავ პატარა ადამიანს, იმხელა არჩევანია.
მიხარია, როცა სოფელში მიდიან. მდინარე, ორღობე, შინაური ცხოველები, იქაურები, ყველაფერი ბუნებრივი და სასარგებლო. ჩემს მანქანას ქუჩის ბოლოს რომ მოკრავენ თვალს, გადარეულები მორბიან ბაბა-ბაბას ძახილით. სპეციალურად ვირჩევ საჩუქრებს, წიგნებს, სამაგიდო სათამაშოებს, ასაწყობებს, რაც გონების გასავარჯიშებლადაა აუცილებელი. შემიძლია ვთქვა, რომ არასდროს ჩემს ცხოვრებაში ბავშვისთვის არ დამიყვირია, არც დამისჯია.
მდინარეზე წავიდეთო, აცეტდნენ. არაგვზეა საუბარი, არც მეტი, არც ნაკლები. ცურვა კი კარგად ვიცი, მაგრამ არაგვი საკმაოდ სწრაფი და საშიში მდინარეა. მოკლედ, მე და 5 ბავშვი წავედით არაგვზე. იქ მამაჩემი გამახსენდა, უდიდესი და უკარგესი ადამიანი, აფხაზეთში, ახალ კინდღში უზარმაზარ ტალღას რომ გამომტაცა და მიუხედავად იმისა, რომ ძალიან გაბრაზებული იყო ჩემზე, ჩამიხუტა და მეფერებოდა, ნუ გეშინია, მე აქ ვარო. რამხელა გამძლეობა გინდა ადამიანს, რომ ასეთ ექტრემალურ ვითრებაში ბავშვს კი არ გაუბრაზდე, პირიქით, მშვიდად და წყნარად დაელაპარაკო, აუხსნა და დაარიგო, მოეფერო და დაამშვიდო.
გამომექცა ჩემი პატარა ნიკოლოზი, მირბის უკანმოუხედავად. იქით ტრასა, მანქანები დაქრიან, აქეთ დანარჩენი 4 ბავშვი არაგვთან. მივდევ ნიკოლოზს, თან ამათ ვეხვეწები, წამომყვნენ. დიდხანს რომ არ გავაგრძელო, ჯოჯოხეთი გავიარე. დავეწიეთ ნიკოლოზს, როგორც იქნა და მინდა კარგად მივტყიპო და ჭკუა ვასწავლო და უცებ მოვიცელე, ძალა დავკარგე. გავაანალიზე წამებში, რომ გადავრჩით, ცრემლები წამომივიდა, ჩავეხუტე პატარა სულელ კაცს. მთელი საღამო ვუხსნიდი, რა შეიძლებოდა მომხდარიყო, პირობა მომცა, აღარ გაგაბრაზებო და მას მერე, არც გავუბრაზებივარ.“
თეკლა ჟვანია