ტროლეიბუსის მძღოლს, რომელმაც მისი სიცოცხლე იმსხვერპლა, კაბინაში უამრავი სურათი ჰქონდა გაკრული, მისთვის საყვარელი მსახიობი იყო მარჯანიშვილის თეატრთან ახლოს, მაშინდელ პლეხანოვის პროსპექტზე მოხდა ის ტრაგიკული შემთხვევა, რომელმაც 49 წლის მსახიობი, გიორგი შავგულიძე სიცოცხლეს გამოასალმა. ტროლეიბუსის მძღოლს, რომელმაც მისი სიცოცხლე იმსხვერპლა, კაბინაში უამრავი სურათი ჰქონდა გაკრული, მისთვის საყვარელი მსახიობი იყო...
უნიჭიერესი მსახიობი პირველ რიგში ვახტანგ ტაბლიაშვილის კინოფილმში - "ქეთო და კოტე" შესრულებული როლით ახსენდება ყველას, სადაც ის იშვიათი პლასტიკურობით ასრულებს "კინტაურს".
1934 წელს გიორგი შავგულიძე დაქორწინდა. მისი მეუღლე მსახიობი ლიზა ვაჩნაძე გახლდათ. მარჯანიშვილს მათი სიყვარულის ამბავი რომ გაუგია, უთქვამს - მოსკოვიდან რომ დავბრუნდები, თეატრში გრანდიოზულ ქორწილს გადაგიხდითო, მაგრამ არ დასცალდა, რეჟისორი რუსეთში, 1933 წელს გარდაიცვალა.
გიორგის მეუღლის ფოტო პორტსიგარში ჰქონია ჩაკრული, ერთად იყვნენ შინ და თეატრშიც. ისინი საკმაოდ დიდხანს ერთ უსარკმელო ოთახში, გაუსაძლის პირობებში ცხოვრობდნენ. 1949 წელს მაშინდელი ცეკას პირველი მდივნის, კანდიდ ჩარკვიანის დახმარებით, შავგულიძეების ოჯახს ოროთახიანი ბინა გადასცეს. თეატრალურ წყვილს ტყუპი შეეძინა: ნურადინი და ჯუანშერი (ნუკრი და ჯუნა). ჯუნა მცირეწლოვანი დაიღუპა, ნუკრი შემდგომ მხატვარი გახდა.
ცნობილია, რომ ერთხელ, ქუთაისში კოტე მარჯანიშვილი თეთრ ხიდზე მიაბიჯებდა, როცა მისი ყურადღება თვალში საცემი გარეგნობის ახალგაზრდა კაცმა მიიპყრო. ვიდრე რეჟისორი მას აკვირდებოდა, ბიჭი ხიდიდან რიონში გადამხტარა. მეორე დღეს მარჯანიშვილმა უცნობი თავისთან, თეატრში დაიბარა. მაშინ გიორგი 18 წლის იყო. შავგულიძის სცენური ცხოვრებაც სწორედ ქუთაისში დაიწყო და მოგვიანებით თბილისში გაგრძელდა... იმ პერიოდში რეპეტიციაზე დაგვიანებული მსახიობები ფულადი ჯარიმით ისჯებოდნენ. თუმცა, გიორგი შავგულიძეს ვერასოდეს ნახავდით დაგვიანებულთა სიაში, არა იმიტომ, რომ არ აგვიანებდა, უბრალოდ, დაჯარიმებულთა სიიდან მას თავად კოტე მარჯანიშვილი შლიდა.
გიორგი დიდ ყურადღებას აქცევდა თავის სხეულს, სულ ვარჯიშობდა და სადაც მიდიოდა, თან გირები დაჰქონდა, ამიტომ მისი ჩემოდანი ყოველთვის მძიმე იყო.
რამდენი წელი გავიდა, თუმცა ის არავის დავიწყებია, ყველა დიდი სიყვარულით იგონებს...
დაკრძალვაზე ზღვა ხალხმა გააცილა კაცი, რომელიც დააკლდა ქალაქს!
ფოტოზე: გიორგი შავგულიძე მეუღლესთან ერთად
ანი ანდრონიკაშვილი