აი, როგორი მხიარული და სახიფათო ბავშობა ჰქონდა საბჭოთა დროის ბავშვს ფოტოგრაფმა ალექსეი მარახოვეცმა შეაგროვა ყველაფერი ის, რაც წარმოდგენას შეგვიქმნიდა იმაზე, თუ როგორი მხიარული და სახიფათო ბავშობა ჰქონდა საბჭოთა დროის ბავშვს. ფოტოგრაფი ამბობს, რომ მათი თაობის პატარაობა ბევრად უფრო საინტერესო და ლაღი იყო, კომპიუტერისა და სხვა თანამედროვე სათამაშოების გარეშე. საბჭოთა ბავშვების "სათამაშოები" იმალებოდა მშობლებისგან შორს, კარადაში, აივანზე, ეზოში. ამ დროს ბავშვებს მეტი ფანტაზიის უნარი ჰქონდათ, სხვანაირად არც შეიძლებოდა, თუ გართობა გინდოდა, აუცილებლად უნდა მოგეფიქრებინა, რამე შეგექმნა.
ბავშვები აკეთებდნენ შურდულებს, რომლებსაც მაშინ ბევრის ფანჯრები შესწირვია. სრულიად საკმარისი იყო სამი მეტრის რადიუსზე ქვით დატენილი შურდული გესროლა და შამპანიურის ბოთლი გატყდებოდა. ეს ნივთი ძალიან ფასობდა, რადგან ყველა ბავშვმა არ იცოდა მისი გაკეთება, ამიტომ ხშირად ცვლიდნენ მას საღეჭი რეზინის, ტურბოს, სინ სინის ან ფინალ 90-ის სტიკერებში.
ალბათ, ახლანდელი თაობის ბავშვები ვერც კი წარმოიდგენენ, რომ ქაღალდის ფურცლით, 4 ღერი ასანთით, ნემსით, წებოთი და ძაფით შესაძლებელია დართსის ისრების გაკეთება. დართსის თამაშის დროს ბავშვებს ისარი ხელში და მუცელშიც კი მოხვედრიათ. დღეს კი ალბათ, არც ერთი მშობელი არ მისცემს შვილს იმის უფლებას, რომ ასეთი საშიში სათამაშოებით ითამაშოს.
დღეს ბუმერანგის ყიდვა ნებისმიერ მაღაზიაშია შესაძლებელი. 80-იანი წლების ბოლოს კი ამაზე არც კი ფიქრობდნენ. იმისთვის, რომ ბუმერანგი გაეკეთებინათ, ყიდულობდნენ ორ ცალ, ხის 30-სანტიმეტრიან სახაზავს, აწებებდნენ იზოლენტით და ორთქლზე ატრიალებდნენ. გამოდიოდა ბუმერანგი, რომელმაც უკან დაბრუნებაც იცოდა. მშვენივრად აფრთხობდა მტრედებს.
80-იან წლებში ბავშვების საყვარელი სათამაშო იყო ჩვეულებრივი გამადიდებელი. როდესაც მას მზის სხივები მოხვდებოდა, შესაძლებელი იყო ხის ამოწვა, ან თუნდაც ცეცხლის დანთება.
დანის ტარება იმ დროს დიდი სიმამაცის გამომხატველი იყო. ის ყველა ბიჭს ჰქონდა. ინახავდნენ სახლიდან მოშორებით სპეციალურად აგებულ შტაბებში.
ბევრი სხვა გასართობი ჰქონდათ მოფიქრებული იმდროინდელ ბავშვებს, მათ ფანტაზია შესაძლოა მართლაც მეტი ჰქონდათ, ვიდრე XXI საუკუნის პატარებს, მაგრამ რეალურად ძალიან სახალისო და უნდა ვაღიაროთ, სახიფათოც იყო მათი გამოგონილი სათამაშოებით თამაში.
მოამზადა სალომე გორგოშიძემ