ფაქტობრივად, ჭოჭინის ფუნქცია შეასრულა ცხოველები არის თემა, რომელზეც გიორგი ქორქია სიამოვნებით საუბრობს. ალბათ ცოტამ თუ იცის, რომ ''რუსთავი 2''-ის ტელეწამყვანი ერთი პერიოდი ზოოპარკში ცხოველების მომვლელად მუშაობდა. ახლა ციმბირული ჰასკი ჰყავს, სიუქსი, რომელიც უკვე 5 წლისაა. ერთი თვისაც არ იყო, სახლში რომ მოიყვანა და მასზე პასუხისმგებლობა მთლიანად საკუთარ თავზე აიღო.
- სანამ ვაკეში, დედაჩემის სახლში ვცხოვრობდით, ქუჩის ძაღლი გვყავდა. მაშინ 3-4 წლის ვიყავი, კარგად არც მახსოვს, მაგრამ ცხოველებთან შეხება იმ დროიდან მქონდა. 8-9 წლის ასაკში დავიწყე ცხენოსნობაზე სიარული. დიდი ხნის განმავლობაში ნაკრებშიც ვთამაშობდი და სულ მყავდა ცხენი. 12 წელი ვიყავი ამ სპორტით დაკავებული. თბილისის ჩემპიონი, საქართველოს ჩემპიონატის პრიზიორიც გახლდით. საერთაშორისო მასშტაბებზე არ გავსულვარ. ერთ ცხენს, რომლითაც ვასპარეზობდი, დევიზი ერქვა.
- შენთვის ძაღლს თუ უკბენია?
- კი, საკუთარსაც.
- რა ძაღლი გყავს?
- ხუთი წლის წინ მომინდა, მყოლოდა ციმბირული ჰასკი. მაშინ ეს ჯიში ბევრი არ იყო ქალაქში, სულ რამდენიმე ცალი. ოჯახის წევრებიც ნორმალურად შეხვდნენ ჩემს ამ ახირებას, მიუხედავად იმისა, რომ დედაჩემი სულ ამბობდა, სახლში ძაღლს რა უნდაო. ეზო გვაქვს, მაგრამ ჰასკის ეზოში ცხოვრება არ შეიძლება. ეს ის ჯიშია, რომელიც გარბის, იმიტომ არა, რომ პატრონს გაურბის, ამ ჯიშის დანიშნულება სირბილია. მარხილში აბამენ. ჰორიზონტს რომ ხედავს, გარბის.
- მაინცდამაინც ჰასკი რატომ მოგინდა?
- იმ პერიოდში ბავშვს ველოდებოდი, ვიფიქრე, ბავშვი და ძაღლი კარგი იქნება ერთად-მეთქი.
- ვიცი, რომ ძაღლები პატარა ბავშვებზე ეჭვიანობენ.
- ეჭვიანობენ, მაგრამ შენ უნდა დაალაგო ურთიერთობები. ძაღლს არ უნდა მისცე ამის საფუძველი. სახლში რომ მივდივარ, ჯერ ძაღლს ვეფერები და მერე ბავშვს. ბავშვი რომ გაჩნდა, ძაღლი საწვრთნელ ბაზაზე გავუშვი. სამი თვის განმავლობაში იქ იყო. რომ დავაბრუნეთ, ჩემი შვილი უკვე სამი თვის დახვდა. ერთმანეთს ადვილად შეეგუვნენ. მეტსაც გეტყვით, სიარული ჩემს შვილს ძაღლმა ასწავლა.
- როგორ?
- აი, ასე, ხოხვა არ დაუწყია ბავშვს. ფეხზე დადგა თუ არა, ძაღლი გვერდში ამოუდგა და გაიარა. ორი დღე ატარა ასე ოთახებში და ისწავლა სიარული. ფაქტობრივად, ჭოჭინის ფუნქცია შეასრულა. ჰასკი ყველაზე ერთგული ძაღლია. მდედრობითი სქესი განსაკუთრებით. რბილი ხასიათი აქვთ, უფრო ადვილად იწვრთნებიან.