საქართველოში მოზარდთა მშობლების უმრავლესობა მიმართავს აღზრდის ავტორიტარულ სტილს საქართველოში მოზარდთა მშობლების უმრავლესობა მიმართავს აღზრდის ავტორიტარულ სტილს, რომელიც მოიცავს ფიზიკური და ფსიქოლოგიური დასჯის მეთოდებს; მშობლები ძირითადად ზრუნავენ მოზარდების მატერიალურ და ფიზიკურ კეთილდღეობაზე, ნაკლებად - მათ ემოციურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე -- ასეთია საქართველოში "მოზარდთა მშობლობის და მათი მხარდამჭერი პროგრამების კვლევის" შედეგები, რომელიც გაეროს ბავშვთა ფონდმა დღეს გამოაქვეყნა.
კვლევის თანახმად, საქართველოში მოზარდთა მშობლების უმრავლესობა სიძნელეებს განიცდის მოზარდთა აღზრდის საქმეში. მოზარდები მათთვის ყველაზე ემოციურ პერიოდებში ვერ გრძნობენ მშობლის სათანადო მხარდაჭერას, რაც უარყოფითად აისახება მათ ფსიქო-სოციალურ მდგომარეობაზე. მშობელთა მხოლოდ მცირე რაოდენობაა ჩართული მოზარდისათვის ისეთ უმნიშვნელოვანეს საკითხებში, როგორიც არის: მოზარდთა ჯანმრთელობა, ჯანმრთელობისათვის სარისკო ქცევების პრევენცია, სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობა, ფსიქოლოგიური კეთილდღეობა, ძალადობის პრევენცია.
აღმოჩნდა, რომ ქართველი მამები, რომლებიც ძალიან დაღლილები და სასოწარკვეთილები ჩანან შვილების დაუმორჩილებლობით, მხარდაჭერას და იმედს სასულიერო პირებთან ეძებენ. თბილისელი მამები შვილებთან არსებული გადაუჭრელი კონფლიქტების მოსაგვარებლად ხშირად მღვდლებს მიმართავენ. მათი აზრით, მონასტერში ცხოვრება მოზარდის ქცევას შეცვლის და გამოასწორებს.
"მე ორი წლის წინ გავაგზავნიდი მას მონასტერში, მაგრამ მითხრეს, რომ განსაკუთრებულად ძნელია მონასტერში დიდი მარხვის დროს" - ამბობს ერთ-ერთი მამა ფოკუსჯგუფიდან.
ჯერ კიდევ ადრეული მოზარდობის პერიოდში მყოფი გოგონები კი მშობლების სიტყვებსა და ქმედებებს შორის შეუსაბამობაზე სწუხან; ისინი საუბრობენ მშობლების არასწორ დამოკიდებულებებზე, რომლებიც მათი აზრით უსამართლოა.
"გვეუბნებიან, რომ ასე არ უნდა მოვიქცეთ; ჩხუბი არ მუშაობს, რადგან შვილი უარესს იზამს, ამიტომ მშობლებმა სხვა მეთოდი უნდა გამოიყენონ, უფრო ფრთხილად უნდა იყვნენ და მეგობრულად სთხოვონ შვილს რაღაცის გაკეთება"
"დედას შეუძლია მომაბრუნოს სახლში და შემაცვლევინოს ვარცხნილობა, თუ არ მოსწონს"
"მამაჩემმა არ იცის, რომ თმა შევიჭერი, ვერ იტანს მოკლედ რომ მაქვს, ამიტომ, სავარაუდოდ მეჩხუბება" - ეს ფოკუსჯგუფში მყოფი 10-13 წლის გოგონების მოსაზრებაა.
ეს კი 14-17 წლის ბიჭების მოსაზრებებია:
"არ მაინტერესებს გაბრაზდება თუ არა"
"არ მინდა ჩემი მშობლები ერეოდნენ ჩემს პირად ცხოვრებაში. არ მინდა, რადგან თავად ვიცი, როგორ მოვიქცე. ასე თავს შეზღუდულად ვგრძნობ"
"ერთხელ ჩემი მეგობარი იყო სტუმრად და ცოტა მეუზრდელა, მამაჩემი გაბრაზდა და მითხრა, რომ მეორეჯერ ამ გოგოს დანახვა აღარ უნდოდა".
საქართველოში მოზარდთა მშობლობასთან დაკავშირებული კვლევა ჩატარდა გაეროს ბავშვთა ფონდის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისის მიერ განხორციელებული კვლევის ფარგლებში - "მოზარდთა მშობლობა და მოზარდთა მშობლობასთან დაკავშირებული პროგრამების შესახებ".
კვლევის მიზანი იყო საბაზისო ინფორმაციის მოპოვება იმის თაობაზე, თუ როგორ ესმით და აღიქვამენ მშობლობას და აღზრდის რა მეთოდებს იყენებენ მოზარდი ბიჭებისა და გოგოების მშობლები/აღმზრდელები საქართველოში; რა გავლენას ახდენს მიკრო და მაკრო ფაქტორები მშობლობის ზოგად დინამიკაზე და აღმზრდელობით მეთოდებსა და სტილზე; ასევე თუ ვის მიმართავენ მოზარდები და მათი მშობლები ფორმალური და არაფორმალური მხარდაჭერისთვის.