ბავშვებს ცხოვრების ადრეულ ეტაპზევე უწევთ ძალადობასთან შეხება საქართველოში ბავშვებს ცხოვრების ადრეულ ეტაპზევე უწევთ ძალადობასთან შეხება. ამის შესახებ UNICEF-ის კვლევაშია აღნიშნული. 10-14 წლის ბავშვების თქმით, ისინი სკოლაში თანატოლების მიმართ ძალიან ხშირად იჩენენ ძალადობას, იხსენებენ "ბულინგის" შემთხვევებსაც და ოჯახში ძალადობის ფაქტებზეც საუბრობენ.
მათივე თქმით, სახლში იმ პრობლემებზე საუბარს ერიდებიან, რასაც გარეთ აწყდებიან. მათ დასჯის, კრიტიკისა თუ საერთოდ იგნორირების ეშინიათ:
"არ მოვყვები, რადგან საბოლოოდ მე დამადანაშაულებენ. თუ ვინმემ რამე გითხრა, უნდა მოგეთმინაო მეტყვიან. მე ასეთებს ვერ ვითმენ", - ამბობს 10-13 წლის ბიჭი.
"რომ მოვყვე, მეჩხუბებიან, ერთხელ კლასელმა დამარტყა და ვცემე. ცხვირში ისე დამარტყა, გამისივდა. სახლში რომ მოვედი, მე დამსაჯეს", - უყვება მკვლევარს 10-13 წლის კიდევ ერთი ბიჭი.
მოზარდობის პერიოდში ბიჭებს ხშირად უწევთ მონაწილეობა "ქუჩურ გარჩევებში". მკვლევრებისთვის საინტერესო აღმოჩნდა, თუ როგორ ხვდებიან ამ ფაქტს მშობლები. კვლევის თანახმად, მამები საერთოდაც არ გამოთქვამენ შეშფოთებას ამ სარისკო ქცევების მიმართ:
"ბიჭმა ქუჩის აკადემია უნდა გაიაროს და იცოდეს, რომ პოლიციაში არ უნდა დარეკოს", - ამბობს მშობელი.
მამების ასეთი მიდგომა არც ბავშვებს გამორჩენიათ. მათ იციან, რომ ქუჩური გარჩევების გამო შინ არავინ დასჯით, პირიქით:
"მამაჩემი უფრო ბედნიერი იქნებოდა, თუ ვცემდი მას, ვინც სხვებს ჩაგრავს", - ამბობს 10-13 წლის ბიჭი.
კვლევის თანახმად, მშობლები მოზარდებს თავდაცვას ასწავლიან და გაუცნობიერებლად ძალადობისკენ უბიძგებენ.
"ასეთი მშობლები ხშირად წაახალისებენ ძალადობაზე ძალადობრივ საპასუხო ქმედებას, რადგან შიშობენ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი შვილი თანატოლებში დაიჩაგრება. მამები თავიანთ ბიჭ მოზარდებს თავდაცვას ასწავლიან და ურჩევენ, რომ თუ საჭირო იქნება, ბრძოლის ფიზიკური მეთოდები გამოიყენონ", - ნათქვამია კვლევაში