13 წლის ასაკში გათხოვება, ძალადობა, ბავშვის სიკვდილი... პატრიცია დელონი დღეს რამდენიმე ბიზნესწარმოებას უდგას სათავეში, ფლობს 10 უცხო ენას, ხატავს, ლექსებს წერს და 7 შვილიშვილის ბებიაა. თუმცა აქამდე მან ბევრი სირთულე გამოიარა, მათ შორის 13 წლის ასაკში გათხოვება, ძალადობა, ბავშვის სიკვდილი, ოჯახის დანგრევა, მაგრამ ყველაფრის გადალახვა შეძლო. მან ჟურნალ "გზისთვის" მიცემულ ინტერვიუში ამ ყველაფერზე ვრცლად ისაუბრა. გთავაზობთ რამდენიმე ამონარიდს.
- თბილისში, გრიშაშვილზე გავიზარდე. 13 წლის ვიყავი, როცა გამათხოვეს. 16 წლის ასაკში ორი ბავშვით უქმროდ დავრჩი. მალე შვილებთან ერთად საცხოვრებლად ისრაელში გადავედი. 18 წელი იქ შემისრულდა. ბევრს ვმუშაობდი. რთული, წინააღმდეგობებით სავსე, თუმცა, საინტერესო ცხოვრება გავიარე, რამაც გამაძლიერა. ორი წლის შემდეგ მეორედ დავქორწინდი. მყავდა არაჩვეულებრივი მეუღლე, რომლისგანაც ბევრი ვისწავლე.
- ენების შესწავლაც საჭიროებამ მოიტანა თუ ჰობია?
- 10 ენაზე ვსაუბრობ, აქედან 7-ზე ვწერ და ვკითხულობ. ებრაულად საუბარი ისრაელში ჩასვლიდან ორ კვირაში დავიწყე. არავის სჯეროდა, რომ ენა მანამდე არ ვიცოდი. ჩემი მეუღლე ნახევრად სერბი, ნახევრად იტალიელი იყო. ინგლისურად ვეკონტაქტებოდი. რომ დავქორწინდით, დედამთილთან კონტაქტის დამყარების მიზნით, სერბულის შესწავლა გადავწყვიტე. მამამთილთან ურთიერთობის დასამყარებლად იტალიური იყო საჭირო...
- როგორც ქალ ბიზნესმენს, სქესის გამო ბარიერები არ შეგქმნიათ?
- საქართველოში ჩამოსულს ქარხნის აშენება მინდოდა. კახეთში დამპატიჟეს. მოვიდა ერთი ადგილობრივი და მითხრა, ფული შენი იქნება, მაგრამ დირექტორი მე ვიქნები და ყველაფერს მე გადავწყვეტ, აბა, ქალის მიერ საქმის გაძღოლა ვინ გაიგონაო?! მშვიდად ავუხსენი, რომ თუკი ფულს მე ჩავდებდი, დირექტორიც თავად ვიქნებოდი და გადაწყვეტილებებსაც მივიღებდი.
...მეუბნებოდნენ, ვერ წარმოვიდგენდით, რომ მკვეთრი ფერის პომადით ჩამოსული მალე "ბუშლატს", ჩექმას ჩაიცვამდით და ჩვენთან ერთად ტყეში წამოხვიდოდითო. საერთოდ, არასოდეს ვაძლევ თავს მოდუნების საშუალებას, რადგან ვფიქრობ, ვიღაც შეიძლება სულაც არაა ჩემზე სულელი, პირიქით, იქნებ ჩემზე ბევრად ჭკვიანია?!
- ალბათ, დროსთანაც განსაკუთრებული დამოკიდებულება გაქვთ... რა ხერხებით ატევთ ამდენ საქმეს 24 საათში?
- ხშირად ეს ღამის ხარჯზე ხდება. თუ საქმე მაქვს, შეიძლება, ერთი კვირა არ დავიძინო...
- რა რჩევას მისცემდით ქართველ დიასახლისებს?
- არასოდეს დაივიწყონ, რომ ქალები არიან. გაითვალისწინონ, რომ სადილიც შეიძლება გაამზადო და სახლიც დაალაგო მოწესრიგებულმა. არ დანებდნენ ყოველდღიურ რუტინას. ასეა თუ ისე, საქართველოში ქალი მაინც ძალიან დაჩაგრულია. მინდა, ძლიერები იყვნენ და ყოველთვის გააპროტესტონ ნებისმიერი სახის ძალადობა.
- ნანობთ რამეს?
- ვნანობ, რომ დედას ვერ მოვუარე... სათანადოდ ვერ მივხედე... რომ გამათხოვეს, მალევე მიხვდა, რომ დიდი შეცდომა დაუშვა... ეს ვერ გადაიტანა... ინერვიულა და ცხრა თვეში გარდაიცვალა. განვიცდი, რომ დიდი ძალისხმევის მიუხედავად, ვერ ვიპოვე ბავშვის საფლავი, რომელიც დანის შემდეგ დაიბადა და სამწუხაროდ, 27 დღის გარდაიცვალა...
პატრიციას ინტერვიუს სრული ვერსია ფოტოებით ნახეთ ჟურნალ "გზის" 50-ე ნომერში