ცხოვრება საინტერესოა და იმავდროულად, ძალიან ხანმოკლე ექიმ-გინეკოლოგსა და რეპროდუქტოლოგს, მხატვარს, პოეტს, სერტიფიცირებულ ასტრონავტსა და ფოტომოყვარულ არსენ გვენეტაძეს ბედნიერების აინშტაინს უწოდებენ. როგორც თვითონ ამბობს, რასაც აკეთებს, მხოლოდ იმიტომ, რომ სამყარო უკეთესი გახადოს, ადამიანები კი - ბედნიერები! ამიტომაც გაუჩნდა იდეა, დაეფუძნებინა "ბედნიერების აკადემია" და ეს იდეა სისრულეში მოიყვანა კიდეც. სამიოდე კვირის წინ თბილისში გაიმართა "ჰეფინეს აკადემიის" პრეზენტაცია. რა არის ბედნიერება, რაში იპოვა ბედნიერება თვითონ და რატომ სჭირდებათ ქართველებს ბედნიერების სწავლა, ამის შესახებ ვისაუბრეთ ამ ნოვატორ და ძალზე საინტერესო ადამიანთან.
- ბედნიერების მიღება და გაცემა უადვილესია. რაც მეტს იღებ, უფრო მეტს გასცემ და რაც მეტს გასცემ, უფრო მეტს იღებ - ამას "ჰეფინეს" ანუ "ბედნიერების წრე" დავარქვი. ერთმა ჩემმა მეგობარმა მკითხა, მაგას კი მართალს ამბობ, მაგრამ თავიდან საიდანღაც ხომ უნდა მქონდეს, რომ გავცეო? დავფიქრდი და ვუპასუხე, რომ პირველ რიგში საკუთარი თავის პატივისცემა უნდა მოიპოვო, საკუთარ თავს უნდა დაუმეგობრდე და თავისუფლება მოიპოვო. აი, ამით მიიღებ ბედნიერებას და როგორც კი მიიღებ, უკვე შეგიძლია გასცე. რა არის ბედნიერება? არ იჭმება, არ ისმება, არც ბანკში სესხად იძლევა - ან ხარ ბედნიერი, ან - არა. იცვლება სიტუაციები, წარმატებას წარუმატებლობა ცვლის და ბედნიერება სამუდამო არ არის, მაგრამ შეგიძლია, წარუმატებლობის დროსაც კი იპოვო რაღაც, რაც თავს უკეთესად გაგრძნობინებს: მარცხი გამოცდილებად ჩათვალო ან მიხვდე, რომ ეს შენი საქმე არ არის და სხვა რამისკენ მიმართო სურვილები... ადამიანმა არც ერთი შანსი არ უნდა გაუშვას ხელიდან, თუ უნდა, წარმატებას მიაღწიოს. ციდან არაფერი ცვივა. კონტრასტების გარეშე კი ბედნიერების აღქმა შეუძლებელია. უბედურება ჩვენივე მოგონილია და ასეთ ადამიანს რომ ჩამოუთვალო, ბევრი რამ აღმოჩნდება, რის გამოც ის წესით ბედნიერად უნდა გრძნობდეს თავს.