ცნობილია, რომ 1902 წელს გალიაში გამოკეტილი შავკანიანები 800 ათასამდე დამთვალიერებელმა ნახა მხოლოდ და მხოლოდ 1935-36 წლებში დახურეს უკანასკნელი გალიები ბაზელისა და ტურინის ზოოპარკებში, სადაც შავკანიანები ჰყავდათ გამომწყვდეული. ამ დრომდე ადამიანები დიდი მონდომებით დადიოდნენ დაპატიმრებული შავკანიანების, ინდიელებისა თუ ესკიმოსების დასათვალიერებლად.
ჯერ კიდევ XVI საუკუნეში შეიყვანეს შავკანიანები ევროპაში როგორც ეგზოტიკა, ისევე, როგორც ცხოველები ახალაღმოჩენილი მიწებიდან - შიმპანზეები, ლამები თუ თუთიყუშები. თუმცა XIX საუკუნემდე შავკანიანები ძირითადად მდიდრებთან ცხოვრობდნენ, მათ კარზე მსახურობდნენ და ჩვეულებრივ ადამიანებს ისინი ჯერაც არ ენახათ, უმეტესობა უწიგნურიც იყო და არც წაეკითხა არაფერი მათზე.
მაგრამ ყველაფერი შეიცვალა მოდერნის ეპოქაში - როცა ევროპელების დიდმა ნაწილმა კითხვა ისწავლა, ემანსიპაცია განიცადა იმ დონეზე, რომ ისეთივე სიამეები მოითხოვა, როგორიც ბურჟუაზიასა და არისტოკრატიას ჰქონდა. მათ სურვილს დაემთხვა სწორედ კონტინენტის ტერიტორიაზე პირველი ზოოპარკების გახსნა - დაახლოებით 1880-იან წლებში.
უკვე მეოცე საუკუნის დასაწყისში ''ადამიანთა ზოოპარკები'' ევროპასა და აშშ-ში დიდი პოპულარობით სარგებლობდა. თავდაპირველად გალიებში უმთავრესად შავკანიანები ჰყავდათ დატყვევებული. ასეთი რამ ხდებოდა ბაზელისა და ბერლინის, ანტვერპენისა და ლონდონის, ვარშავის ზოოპარკებში. ცნობილია, რომ 1902 წელს გალიაში გამოკეტილი შავკანიანები 800 ათასამდე დამთვალიერებელმა ნახა.
მოდაში იყო ასევე ე.წ. ეთნოგრაფიული სოფლების მოწყობა - გალიებში ამწყვდევდნენ შავკანიანთა ერთდროულად რამდენიმე ოჯახს. ისინი გალიებში დადიოდნენ ეროვნულ სამოსში ჩაცმულნი და ტრადიციულად ცხოვრობდნენ, ამზადებდნენ კერძებს ცეცხლზე, წნავდნენ კალათებს, აჭმევდნენ ბავშვებს. დამთვალიერებლები კი ყოველივე ამის ცქერით ''ტკბებოდნენ''.
თუმცა, როგორც წესი, ამგვარ პირობებში მყოფი შავკანიანები დიდხანს ვერ ცოცხლობდნენ, რადგან ევროპულ სიცივეს ვერ უძლებდნენ. მაგალითად, ცნობილია, რომ ჰამბურგის ზოოპარკში 1908-დან 1912 წლამდე 27 დატყვევებული შავკანიანი გარდაიცვალა.
იმ დროის ზოოპარკებში ჰყავდათ ასევე სხვა პრიმიტიული ხალხები - პოლინეზიელები, სურინამის ინდიელები, პიგმეები. ეგ კი არა, აღმოსავლეთ პრუსიაში 1920-იან წლებში ეთნოგრაფიულ სოფელში ჰყავდათ ბალტიისპირელები, რომლებსაც ''ძველი პრუსიელები'' უნდა განესახიერებინათ და მათი რიტუალები უნდა შეესრულებინათ ხალხის წინაშე.
ამ ყოველივეში საზოგადოება ვერაფერს ხედავდა გასაკიცხს. დიდი ნაწილი ამ ადამიანებს ადამიანებად არც აღიქვამდა - ისინი ჩვეულებრივი ეგზოტიკური არსებები იყვნენ. ჰოდა, ვისაც არ ჰქონდა იმის ფუფუნება, რომ ამ ეგზოტიკის სანახავად მათ ქვეყნებში ემოგზაურა, მას შეეძლო, ზოოპარკში დაეკმაყოფილებინა ცნობისმოყვარეობა.
დღეს პარიზული სამხეცე, სადაც შავკანიანები ჰყავდათ დატყვევებული, მიტოვებულია. ცოტა ხნის წინ ადგილობრივმა მერიამ გადაწყვიტა, აღედგინა შენობები და ტერიტორია პარკის სახით აემუშავებინა. თუმცა საზოგადოება ამ წინადადებამ აღაშფოთა - მათ არ სურთ, კოლონიალიზმის ის საშინელი დროება ყოველ წუთას შეახსენონ, ურჩევნიათ, ისევე იყოს, მიტოვებული და დანგრეული.