იაშვილის კლინიკა 6 წლის საბა კიწმარიშვილის დიაგნოზთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"გარდაცვლილი პაციენტის, ს.კ-ს დიაგნოზია ჰემოფაგოციტური ლიმფოჰისტიოციტოზი. დიაგნოზი დადასტურდა ძვლის ტვინის პუნქტატის ჰისტოპათოლოგიური შესწავლით, იმუნოლოგიური კვლევით, ასევე იმუნოფერმენტული, ბიოქიმიური, რადიოლოგიური კვლევებით.
ჰემოფაგოციტური ლიმფოჰისტიოციტოზი მიეკუთვნება რთულად სადიაგნოსტიკო, იშვიათ, გენეტიკურ დაავადებათა ჯგუფს, მისი სიხშირე განსხვავდება გეოგრაფიული რეგიონის მიხედვით და აშშ-ში შეადგენს 1 შემთხვევას 1.000.000 ბავშვზე. ჰემოფაგოციტური ლიმფოჰისტიოციტოზი ასოცირებულია სიმსივნეებთან, სხვადასხვა ვირუსულ, ბაქტერიულ, სოკოვან პათოგენთან. ამ მხრივ განსაკუთრებით საშიშია ეპშტეინ-ბარის ვირუსი და იმ პირებში, რომლებიც ამ ვირუსის მატარებლები არიან, ლეტალობის მაჩვენებელი 100%-ს აღწევს. ამ დაავადების სამკურნალო ეფექტური საშუალება მსოფლიოში არ არსებობს.
პაციენტთან კლინიკაში შემოსვლის დღიდანვე ტარდებოდა აგრესიული, კომბინირებული ანტიბიოტიკოთერაპია, ჰორმონოთერაპია, სისხლის და სისხლის კომპონენტების ტრანსფუზია, სხვადასხვა სახის დამხმარე თერაპია, ფილტვის ხელოვნური ვენტილაცია, თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპია, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. გარდაცვალების მიზეზია ჰემოფაგოციტური ლიმფოჰისტიოციტოზი და ამ ფონზე განვითარებული მძიმე, პოლიორგანული უკმარისობა და სიცოცხლესთან შეუთავსებელი დარღვევები სისხლის შემადედებელ სისტემაში" - ნათქვამია ინფორმაციაში.
6 წლის საბა კიწმარიშვილი, რომელიც რამდენიმე დღის განმავლობაში იაშვილის კლინიკაში მკურნალობდა, წუხელ გარდაიცვალა. მისი ოჯახი ჯანდაცვის სამინისტროსგან უცხოელი ექიმის მოწვევას ან საზღვარგარეთ მკურნალობის გასაგრძელებლად დახმარებას ითხოვდა. როგორც რამდენიმე დღის წინ "ინტერპრესნიუსს" ბავშვის დედამ, თამარ ჩხიკვაძემ განუცხადა, ბავშვის მდგომარეობა მძიმე იყო და ის მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.
ოჯახის ინფორმაციით, 6 წლის ბავშვის მდგომარეობა 25 დეკემბერს გაუარესდა. ის ჯერ ბათუმის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს, შემდეგ თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში, შემდეგ კი, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში. მისი დიაგნოზი, როგორც ბავშვის ოჯახის წევრები აცხადებდნენ, უცნობი იყო.