გორგოლაჭების "ათვისება" უკვე 3 წლის ბავშვსაც შეუძლია ყველა ბავშვი ოცნებობს, რომ გორგოლაჭებიან ციგურების კარგად ტარება იცოდეს. მშობლებო, ნუ მოაკლებთ ბავშვებს ამ სიამოვნებას. გორგოლაჭების "ათვისება" უკვე 3 წლის ბავშვსაც შეუძლია, რა თქმა უნდა, რეგულარული ვარჯიშის შემდეგ. თბილ ამინდებში პარკშიც შეგიძლიათ ივარჯიშოთ, ზამთარში კი საგანგებო ტრასები და მოედნები უნდა გამოიყენოთ.
ასეთი ფიზკულტურა ბავშვს გააკაჟებს კიდეც და დადებითი ემოციებითაც აავსებს.
სანამ გორგოლაჭებიან ციგურებს შეიძენთ, მანამდე გირჩევთ იქირაოთ და მოსინჯოთ მათზე სრიალი. თუ მოეწონა ბავშვს და მასზე დგომის სურვული ისევ აქვს, შეძენის მეტი აღარაფერი გიშლით ხელს.
როცა გორგოლაჭებს ყიდულობთ, ყურადღება მიაქციეთ არა მარტო ფირმასა და მწარმოებელს, არამედ იმასაც, რამდენად კომფორტულად გრძნობს "ბათინკს" ბავშვი ფეხზე. თუ მოდელი სწორად არის შერჩეული, ბავშვს ფეხზე არაფერი აწუხებს არც დგომისას, არც სიარულისას.
ქუსლზე სამაგრი "როლიკები" დიდი ფასდაკლებით
პირველი მცდელობისთვის შეარჩიეთ მოასფალტებული ტერიტორია (და არა ფილებდაგებული). მოარგეთ ბავშვს მთელი ეკიპირება - მუზარადის, სამუხლეებისა და სამკლავურების ჩათვლით. ორივე მხარეს წონასწორობის დაცვაში დაეხმარეთ და გააგორეთ გორგოლაჭები (შეგიძლიათ, აქეთ-იქიდან თოკებიც გაუბათ მოკლე მანძილზე, რომ მას ჩაეჭიდოს და ისე ისრიალოს). რაც არ უნდა მარცხი მოუვიდეს, ხელი არ ჩაიქნიოთ, საკმაოდ მალე ისწავლის. ჯერ მთავარი წონასწორობის დაცვაა. დააწყებინეთ სწორხაზოვანი გადაადგილებით. პირველსავე ეტაპზე აუხსენით, როგორ უნდა დაამუხრუჭოს. ჯერ მოკლე დისტანციებით დაიწყეთ, სადაც ხელის ჩაჭიდებასაც შეძლებს რამეზე. მერე დისტანციებიც გაზარდეთ და თანდათან ნაკლები საყრდენი უნდა გამოიყენოს. ამის მერე მიხვევ-მოხვევასაც ადვილად აითვისებს.
თუ მშობელს დიდი დრო არა აქვს, რომ გორგოლაჭებზე სრიალისას ბავშვი სულ მეთვალყურეობის ქვეშ ჰყავდეს, "ცალი ფეხის" მეთოდი გამოიყენეთ. ამ დროს ბავშვი ჯერ ცალ ფეხზე იცვამს გორგოლაჭებიან ციგურებს და დამოუკიდებლად "დაგორავს". რამდენიმე დღეში ორივეზე დადგება.
ყველაფერთან ერთად გაითვალისწინეთ, რომ ყველაზე ოსტატური მოსრიალეებიც არ არიან ტრავმისგან ბოლომდე დაზღვეული. ამიტომ მუზარადი და სამუხლეები, ჯობს, ბავშვს ყოველთვის ეკეთოს.