ჩვენს დროში, როცა მშობლები გამუდმებით ჩივიან იმაზე, თუ როგორ უჭირთ ბავშვების წიგნებით დაინტერესება, რასაკვირველია, ყველა ახალი საინტერესო და რაც მთავარია, პატარებისთვის მოსაწონი გამოცემა ყურადღებას იპყრობს. წიგნი, რომელიც არა მხოლოდ მშობელს მოეწონება, ასევე იქნება ფსიქოლოგის თუ სხვა სპეციალისტების მიერ რეკომენდებული და რაც ყველაზე მთავარია - მოხიბლავს იმ მოზარდსაც კი, რომელსაც კითხვა ჯერაც არ შეჰყვარებია - დაგვეთანხმებით, იშვიათი მონაპოვარია.
სწორედ ასეთი განსაკუთრებულია სერია "ნერდის დღიურები", რომელიც გამომცემლობა „პალიტრა L”-მა სერიის „ლიბერქიდსის“ ფარგლებში გამოსცა და გააცნო საზოგადოებას. გასაკვირი არაა, რომ მსოფლიო ბესტსელერმა, რომელიც უამრავ ენაზეა თარგმნილი - და უკვე ქართულ ენაზეც - მაშინვე საყოველთაო ყურადღება მიიპყრო.
მთარგმნელი ნინო შეყილაძე:
- „სუპერნერდის დღიური“ ცნობილი ამერიკელი მწერლის ფილიპ ოზბორნის ცნობილი სერიის „ნერდის დღიურის“ მესამე ტომია. ამ ნაწილში, მეგობრები ტრადიციულად ახალ თავგადასავლებს პოულობენ და ბლომად სირთულეს ართმევენ თავს.
ფილს, ჯორჯსა და ნიკოლასს სიგიჟემდე უყვართ ფიზიკა, ქიმია, მათემატიკა, „ვარსკვლავური ომები“, „დიდი აფეთქების თეორია“, ყველა კომიქსი. განსაკუთრებით კი, „ადამიანი-ობობა“. ერთი სიტყვით, ყველაფერი ის, რაც ნერდებსა და გიკებს ძალიან იტაცებს.
წიგნი არის უაღრესად კეთილი, სახალისო და რაც მთავარია, შემეცნებითი. ბლომად სახალისო ილუსტრაცია და ასოთა შრიფტის თამაში, ბავშვებს წიგნის გადაშლისთანავე დააინტერესებს. მათაც კი, ვისაც კითხვა დიდად არ უყვართ. ამ კონკრეტული წიგნის მთავარი გზავნილია, არ დანებდე, რომ სიკეთე და მეგობრობა ყველაფერზე მაღლა დგას და მათთვის ბრძოლა ყოველთვის ღირს; რომ ნამდვილ სუპერგმირებს სუპერძალა არასოდეს დასჭირვებიათ, რადგან მათ კაცობრიობა ყოველგვარი ძალადობის გარეშე, სიყვარულითა და ბრძოლის მშვიდობიანი მეთოდებით შეცვალეს.
ნერდების ცხოვრების შესახებ ბოლო პერიოდში არა ერთი წიგნი დაიწერა და ფილმი შეიქმნა. ფილიპ ოზბორნის „ნერდის დღიური“ მნიშვნელოვანი ნაწარმოებია ნერდების შესახებ, რომლის უკვე მესამე ნაწილი ითარგმნა ქართულად.
სტივ ჯობსი, ბილ გეითსი, მარკ ცუკერბერგი, ალბერტ აინშტაინი, ალან ტიურინგი, ნიკოლა ტესლა - ამ ადამიანებმა მსოფლიო შეცვალეს, თუმცა გარდა აღნიშნულისა, მათ კიდევ ერთი რამ აერთიანებთ - ისინი ყველა ნერდები არიან. ეს არის მათი ხასიათის მთავარი შტრიხი, რამაც თითოეული მათგანის ასეთი წარმატება განაპირობა, თუმცა ცხოვრების საწყის ეტაპზე სწორედ ნერდობის გამო არაერთი სირთულე შეხვედრიათ.
- დღეს მე წაკითხული მაქვს უამრავი წიგნი და მათი შინაარსი არ მახსოვს დეტალურად, თუმცა მახსოვს ის ემოცია, რომელიც ამ წიგნმა დატოვა. „ნერდის დღიურმა“ სწორედ ის დადებითი ემოცია დატოვა, რომელიც არასდროს დამავიწყდება. მე ვფიქრობ, იგივე ემოცია ექნება მის ყველა მკითხველს. 21-ე საუკუნის თაობას ბევრი ინტერესი აქვს: კომპიუტერი, ფენტეზის ჟანრის ფილმები, თამაშები, კომიქსები. სწორედ ამიტომ ეს წიგნი ფილიპ ოზბორნმა დაახლოებით კომიქსის სტილში დაწერა. აქ აღწერილი არიან ნერდები. აქ კარგად ჩანს მშობლის როლი, ამიტომ აუცილებელია რომ მშობლებმაც წაიკითხონ. არ არის სწორი, როცა მშობლის ჩართულობა ნაკლებია, იმიტომ რომ ამ ასაკში ბავშვებს უყვართ თავისი მშობლებისთვის ამბების მოყოლა. მათ სწორად უნდა გავუგოთ და მათ განვითარებასაც სწორი მიმართულება უნდა მივცეთ.
ასე რომ, არ გამოგრჩეთ ამჯერად უკვე "სუპერნერდის დღიური" - წიგნი თანამედროვე ბავშვებისთვისა და მოზარდებისთვის ციფრული ეპოქიდან, საერთაშორისო ბესტსელერი.