სინამდვილეში ყველა ჩვენგანს აქვს გადატანილი ტკივილი , რომელიც არ აისახება ჩვენს ლამაზ ინსტაგრამებზე და არ ჩანს გაპრანჭულ ფოტოებზე.
რეალობაში ეს ერთი შეხედვით უდარდელი, მოდური, პატარა გოგო იმაზე ბევრად დიდია, ვიდრე ეს გარეგნულად ჩანს.
ამ გოგოს უკან გამოცდილი პიროვნება იმალება, რომელსაც უკვე იმდენი რამე აქვს ცხოვრებაში გაკეთებული და გააზრებული, რაც ბევრმა უფროსმა, ჯერ კიდევ ვერ გაიაზრა და ალბათ ვეღარც გაიაზრებს..
ეს არის ის იშვიათი ადამიანი, რომელიც არ მიგატოვებს გასაჭირში, რომელსაც უხარია სიკეთის კეთება, რომელიც აკვირდება ადამიანებს და სწავლობს მათ შინაგან ბუნებას.
ლიტუკა, თავისებური, ახლებური კუთხით ხედავს ყველაფერს, არა მარტო ჩემს ცხოვრებაში, ზოგადად სამყაროს, ახალი რაკურსით აღიქვამს.
მე ვერც ვამჩნევ ხოლმე, ისეთ დეტალზე გამიმახვილებს ყურადღებას, ისეთ რჩევებს მოგცემს, რომ შეიძლება ყბა დააღო და ვერ დაიჯერო, რომ 16 წლის გოგო გელაპარაკება.
ჩემი სიკეთის ეტალონი.
რამდენჯერ დამდგომია მხარში.
არ დამავიწყდება, როცა ქმარს დავშორდი და მძიმედ ვიყავი, ლიტუკა გვერდიდან არ მომშორებია.
ამ პატარა გოგომ, ჩემი ცხოვრების ურთულესი ეტაპი გადამალახინა.
ღამეებს მითენებდა, რამდენიმე კვირა განუწყვეტლივ როცა ვტიროდი.
ლიტუკა არ იძინებდა, სულ ათენებდა, გვერდში მეწვა და მეფერებოდა.
ჩემს თავში ძალებს ვერ ვპოულობდი.
ვიწექი დასიებული თვალებით, ცრემლები თავისთავად მომდიოდა და ხმას ვერ ვიღებდი.
ისეთ ფრუსტრაციაში ვიყავი, რომ არ იქნებოდა სასიამოვნო სანახავი, განსაკუთრებით შვილისთვის.
ლიტუკამ ყველაფერი ქნა იმისთვის, რომ ფეხზე დავმდგარიყავი.
მესაუბრებოდა, მამშვიდებდა, მიხსნიდა, დახვეწილი იუმორით მამოტივირებდა.
არ ვიცი, საიდან დაგროვდა ამ პატარა გოგოში ამდენი სიბრძნე, სიკეთე და მოთმენის უნარი.
მაგრამ ფაქტია, რომ ყველაზე დიდი ზურგი, რაც ამ ქვეყანაზე გამაჩნია, ეს არის ჩემი ბემბი-ლიტუკა .