წლის და ცოტა უფრო მეტი ასაკის ბავშვები სიარულის დაწყების შემდეგ ცდილობენ სხვა უნარებიც შეიძინონ. მაგ. დაიწყონ ჩაცმა დამოუკიდებლად და სასაცილო მდგომარეობაშიც ხშირად ვარდებიან. თუნდაც მაშინ, როცა რეიტუზები თავზე აქვთ ჩამოცმული.
თუ როგორ ვასწავლოთ ბავშვს დამოუკიდებლად ჩაცმა მარტივად, საკუთარ რჩევებს და გამოცდილებას გვიზიარებს საჯარო ბაღის აღმზრდელი. როგორც აღმოჩნდა 10 წლის მუშაობისა და დაკვირვების შედეგად, მან პატარებისთვის ჩაცმის იოლ გზას მიაკვლია.
მოგეხსენებათ, ახალი უნარების ათვისება პატარებისთვის სულაც არ არის იოლი, ამიტომ შესაძლოა ისინი ასეთ დროს არაკონფორტულად გრძნობენ თავს, თქვენ კი ნერვიულობთ და განიცდით. თუმცა, თუ მათ ნაცვლად თქვენ იმოქმედებთ, ბავშვები შეეჩვევიან დახმარებას და თავად აღარ მოინდომებენ შეითვისონ ახალი უნარები.
თითოეული უნარის გამომუშავებას აქვს თავის დრო. ამასათანავე უნდა გავითვალისწინოთ ბავშვის ინდივიდუალური შესაძლებლობები.
როგორ ვასწავლოთ 2 წლის ასაკიდან ბავშვს დამოუკიდებლად ჩაცმა?
ერთმნიშვნელოვნად თამაშით. მაგ. ანახეთ, როგორ უნდა ჩააცვას თოჯინას წინდები, როგორ დაახუროს ქუდი, როგორ მოარგოს ქურთუკი. აუხსენით თითოეული ნაბიჯი თანმიმდევრობით და ნელა. ამის შემდეგ გახადეთ თოჯინას ტანსაცმელები და ბავშვმა თვითონ ჩააცვას. არ შეუშალოთ მას ხელი. თუ არ გამოუვიდა, შეარჩიეთ ნეიტრალური შეფასებები - "თითქმის შეძელი", "მოდი, ისევ ვცადოთ", "ყველაფერი გამოგივა". შეარჩიეთ ადვილად ჩასაცმელი სამოსი, მაგალითად, წინდები. მოაწყვეთ პატარა აქტივობა. ჯერ თვითონ ჩააცვას, შემდეგ კი ოჯახის თითოეულ წევრს მოარგოს. იგივე პროცედურა რამდენჯერმე გაიმეოროს. გამოიყენეთ სპეციალური ლექსები და სიმღერები, რომლებიც ასოცირდება ჩაცმასთან. ასე ბავშვი უკეთ დაიმახსოვრებს ჩაცმის წესებს. გაითვალისწინეთ, 2 წლის ასაკში ნუ მოთხოვთ ბავშვს ძალიან ბევრს. 2 წლის ასაკში ნაკლებად მოსალოდნელია ბავშვმა თვითონ ჩაიცვას ქურთუკი და შეკრას ღილები. უმჯობესია, დაეხმარო მას.
როგორ ვასწავლოთ ჩაცმა 3 წლის ბავშვს?
ნებისმიერ ასაკში ბავშვს სჭირდება შექება სწავლის პროცესში. 3 წლის ასაკში ბავშვები მეტად ცდილობენ დამოუკიდებლობას. აქვთ სურვილი თვითონ ჩაიცვან, ამიტომ გამოიყენეთ ეს მომენტი სათქვენოდ.
დაელაპარაკეთ, როგორც დიდს - ჩაიცვი შენ თვითონ. შესთავაზეთ დახმარება საჭიროების შემთხვევაში. შეგიძლიათ განუმარტოთ ჩაცმის წესები, უსაფრთხოების მიზნით. მაგ. რის გაკეთება შეუძლია უფროსებს და რის - პატარებს.
რჩევები:
ჩაცმამდე ცოტა ადრე შეაგროვეთ ტანსაცმელი, რადგან ბავშვი ნელა აკეთებს ამას. საკუთარ მაგალითზე ანახეთ, როგორ უნდა ჩაიცვას, მაგ. შარვალი, კოფთა, როგორ განსაზღვროს რომელია ტანსაცმლის წინა და უკანა მხარე. ამის გამეორება შეიძლება რამდენჯერმე დაგჭირდეთ. თუ ბავშმა უკვე ისწავლა ჩაცმა, მაგრამ მაინც ნელა იცვამს, პატარა შეჯიბრი მოუწყვეთ და ჩაურთეთ დრო, ვთქვათ, ათ წუთში მოასწროს. ჩაცმის შემდეგ არ დაგავიწყდეთ აღნიშვნა, როგორ იყოჩაღა. დააკვირდით ბავშვს ჩაცმის დროს, რომ დაინახოთ, სად უშვებს შეცდომებს. უკარნახეთ მათ საჭიროების შემთხვევაში, როგორ მოიქცნენ. მოიფიქრეთ სხვადასხვა თამაშები ტანსაცმლის ჩაცმაზე. მაგ. მოეწყოს მოდების ჩვენება. ჩასაცმელად დრო მიეცით. თუ არ გეჩქარებათ, მისი ნელი მოძრაობა ნუ გაგაღიზიანებთ. ტანსაცმელი იმ თანმიმდევრობით დაუწყვეთ, რომელი თანმიმდევრობითაც უნდა ჩაიცვას. პატარებისთვის მოსახერხებელია დიდღილებიანი ტანსაცმელი. ასევე ისეთი, ტანსაცმელი, რომელსაც ფხრიწიანი შესაკრავი აქვს. ასწავლეთ ღილები ქვემოდან ზემოთ შეიკრას.