"ჩემი ოცნება დავწერე ფურცელზე“ - საჩხერელი ბიჭის წერილი, რომელსაც უამრავი ადამიანის გამოხმაურება ჰქონდა "გენერალი ბრძოლაში კურთხეულად მოკვდება, გენერალი თავის სამშობლოს არასოდეს უღალატებს. აი, ასეთი ვიქნები მე. დიახ! მე ქართველი ვარ და ვამაყობ კიდეც ამით. დამელოდე, საქართველო!“ - ეს სიტყვები 9 წლის ლუკა ტოროშელიძეს ეკუთვნის. ლუკა საჩხერიდანაა და აკაკი წერეთლის სახელობის საჩხერის პირველ საჯარო სკოლაში, მესამე კლასში სწავლობს. ლუკს წერილს ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელში. გადავწყვიტეთ, მოგვეძებნა ამ საოცარი წერილის ავტორი.
- მე ჩემი ოცნება დავწერე ფურცელზე. მინდა, რომ ჩემი მეგობრები ჩემით ამაყობდნენ და სულ გვერდში მედგნენ. მინდა, ქვეყანა რომ გავაერთიანო და ავაყვავო, - ამბობს ლუკა.
სკოლაში ყველაზე მეტად საგანი "მე და საზოგადოება“ უყვარს. იმასაც გვიყვება, რომ გენერლობა 5 წლიდან გადაწყვიტა და ეს მისი ოცნებაა.
ლუკას დედა ამბობს, რომ ბავშვი მას ხშირად სთხოვს სამხედრო ნაწილში წაყვანას და ჯარისკაცების ცხოვრება აინტერესებს.
- თავად წერს "დამელოდე, საქართველო“, "კურთხეულ ხარ, საქართველო“... ასეთ რაღაცებს. გარდა იმისა, რომ განვიცდი, მის ჩუმად ხშირად მიტირია, რომ ასეთ ტექსტებს წერს, - ამბობს სოფო ღონღაძე, ლუკას დედა.
- ლუკას პერევში ჰყავს ბებო და მამიდა და იმ გულისტკივილს, რასაც განიცდიდა ხოლმე, ხშირად ამბობს. მე გაკვეთილზე რასაც ვხსნიდი ხოლმე, ყოველთვის ამბობდა ლუკა, "მასწავლებელო, მე არ მინდა ასეთი საქართველო" და ვეუბნებოდი, "არა, ლუკა, ყველაფერი გამოსწორდება-თქო". მერე მივეცი გაკვეთილზე დასაწერად ,,ჩემი პროფესია", ლუკამ ეს თემა დამიწერა. რომ გამოვდიოდი გაკვეთილიდან, ცრემლები გადმომცვივდა და ვუთხარი, გამატანე, დირექტორს ვაჩვენებ-თქო. მერე ჩვენმა დირექციამ გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში... რა სულიერ ტკივილსაც განიცდის, ის გადმოსცა მაგ ნაწერში“, - გვიყვება ლუკას მასწავლებელი, ნანა გოდაბრელიძე.
ლუკას დამრიგებელი, ნონა შალამბერიძე იმასაც იხსენებს, რომ ლუკას სასკოლო ყველა ნივთზე დაწერილი აქვს, რომ გენერლობა უნდა.
თამარ იაკობაშვილი