ცნობილი მსახიობი ნოდარ მგალობლიშვილი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ნოდარ მგალობლიშვილი დაიბადა სოფელ გომბორში, 1931 წლის 15 ივლისს. ბავშვობიდანვე სურდა ოპერის მომღერლობა, მაგრამ 1950 წელს, მამის გარდაცვალების შემდეგ ნოდარმა დარდისგან ხმა დაკარგა და კონსერვატორიის მისაღებ გამოცდებზე ვერ გამოცხადდა. სრულიად შემთხვევით, ერთ-ერთი ახლო მეგობრის რჩევით ამავე წელს ჩააბარა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში.
1954 წელს, სწავლის დამთავრების შემდეგ, ნოდარმა მუშაობა დაიწყო კოტე მარჯანიშვილის დრამატულ თეატრში მსახიობად. თავდაპირველად ის ასრულებდა მარტივ, დადებით როლებს. მაგრამ მალევე იპოვა საკუთარი თავი სპეციფიკური როლების შემსრულებელში. ადრეული პერიოდის როლებიდან გამოირჩევა მაქსიმ გორკის "ფსკერზე", ჰენრიკ იბსენის "მოჩვენება". უფრო მოგვიანებით ლეო ქიაჩელის "ჰაკი აძბა", იაგოს როლი უილიამ შექსპირის "ოტელოში", თეიმურაზ ხევისთავი მიხეილ ჯავახიშვილის "ჯაყოს ხიზნებში".
კინოკარიერა მგალობლიშვილმა მეორეხარისხოვანი როლებით 1958 წლიდან დაიწყო. კინემატოგრაფიაში ყველაზე დასამახსოვრებელი და გამორჩეული როლი მისი შესრულებით მარკ ზახაროვის "სიყვარულის ფორმულაში" გრაფი კალიოსტროა.
1986-დან ნოდარ მგალობლიშვილმა კინოში ტემპი შეანელა. ამ პერიოდში გადაღებული ნამუშევრებიდან მან ითამაშა ედმონდ სეშანის "ზღვის მაშვრალში", ზაზა ილურიძის "ანთიმოზ ივერიელში", რუსულ ტელესერიალში "სახელად ბარონი" და ა.შ.
საქართველოს დამსახურებული არტისტი იყო 1976 წლიდან და სახალხო არტისტი 1979 წლიდან. 2001 წელს ნ უარი თქვა მაშინდელი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის მიერ გადაცემულ ღირსების ორდენზე. მან განაცხადა, რომ არ სურდა ღირსების ორდენი ისეთი რეჟიმის მხრიდან, რომელმაც მას ღირსება წაართვა და აიძულა უკიდურეს გაჭირვებაში ეცხოვრა.
ნოდარ მგალობლიშვილს დარჩა მეუღლე, ვაჟიშვილი, ორი შვილიშვილი და ორი შვილთაშვილი.