დედის ხელში რწევა საშვილოსნოში ყოფნის გაგრძელებაა საკმაოდ ხშირია შემთხვევა, როცა ბავშვს დედა ხელში რწევით აძინებს. დაძინების ეს რიტუალი სიცოცხლის პირველ თვეებში პრობლემას არ წარმოადგენს, მაგრამ როცა ბავშვი იზრდება და მძიმდება, დედას უკვე მისი ხელში ჭერა უჭირს. არადა, 9 თვის ბუთქუნა უკვე მიჩვეულია, რომ დედამ ხელში ანანაოს... როგორც წესი, ახლობლები ასეთ დედებს ურჩევენ, რაც შეიძლება მალე გადააჩვიოს ბავშვი ამ "უზნეობას", თუნდაც ტირილის ფასად.
რას გვირჩევენ ამ საკითხთან დაკავშირებით ფსიქოლოგები?
1. დედის ხელში რწევა საშვილოსნოში ყოფნის გაგრძელებაა. ასე რომ, ამით ბავშვისთვის არაბუნებრივს არაფერს აკეთებთ.
2. ბავშვებისთვის, რომლებიც ასფიქსიით, საკეისრო კვეთით, ჰიპოტონუსით დაიბადნენ, საჭიროც კია, რომ დედამ ხელში რწევით დააძინოს.
3. თუ ბავშვი ჯანმრთელია, მაშინ ხელში დაძინება დიდი პრობლემა არ არის. ჯანმრთელ ბავშვს სულ რამდენიმე გარწევა ეყოფა და მაშინვე დაიძინებს, შესაბამისად, დედაც არ გაწვალდება. სულ სხვა საქმეა, როცა ბავშვს დაძინება უჭირს. ეს უკვე პრობლემაა, რომელიც ექიმთან კონსულტაციით უნდა მოგვარდეს. ამ დროს პატარა ვერც ხელში იძინებს და ვერც საწოლში. ამიტომ სჭირდება დიდი ხნით რწევა. დედაც იღლება და ჰგონია, მისი ბრალია, რომ "ხელში დაძინებას მიაჩვია". სინამდვილეში ბავშვს ძილის პრობლემა აქვს, რასაც დროული მოგვარება სჭირდება.