90-იანი წლების საქართველოში ეზოში ბურთის გორება, ეს ჩვეულებრივი მოვლენა იყო, ომგამოვლილ ქვეყანაში კი - ბიჭებისთვის გართობის ერთადერთი შესაძლებლობა. ქვეყანაში, სადაც ტრაგედია და გლოვა ყოველდღიური ყოფის ნაწილია, ფეხბურთის ბურთი თითქოს ახალი სამყაროს გასაღები ხდება.
ჭაბუკთა თაობები ბურთის გორებისკენ იღვწოდნენ, მაგრამ ქართულ საფეხბურთო რეალობაში ერთი მუწუკი მწიფედ იყო გაბატონებული. ქრთამი და "მამიკოს ფულით" ძირითად გუნდში მოხვედრილი "შვილიკოები". დიახ, ესოდენ მახინჯმა სტრუქტურამ ძალიან ბევრ ახალგაზრდას, რომელთაც ტალანტი ჰქონდათ, მომავალი დაუნგრია. ამის პროპორციულად კი დაიკარგა ქართული ფეხბურთის მომავალიც.
ჩვენი დღევანდელი გმირიც, ბევრი დაბრკოლების მიუხედავად, შეეცადა, თავი დაემკიდრებინა. მან გზა ქართული ფეხბურთის მინდვრიდან მარადიული რომის მოედნამდე გრძელი და რთული ნაბიჯებით გავლო.
ზურა მჭედლიძე ის თაობაა, რომელსაც ქართული ფეხბურთის მომავალი უნდა შეექმნა. კარში დგომაც სცადა, თუმცა ბავშვთა ფეხბურთი უფრო წარმატებით გამოუვიდა. ალბათ, იმიტომ, რომ ანგელოზების აღზრდა ევალება.
"სკოლაში მწვრთნელი კახა დაშნიანი მოვიდა. ახალგაზრდებს გვკითხა, გვსურდა თუ არა ფეხბურთის თამაში, - იხსენებს ზურა. - უცნაური ისაა, რომ იმ პერიოდში ფეხბურთს ვერ ვიტანდი. ჩემი მიზანი იყო სპორტით დაკავების სურვილი. მაშინ კახამ ბავშვებს გვკითხა, თუ ვის სურდა კარში ჩადგომა. ჩემდაუნებურად ხელი ავწიე და... ასე ამოვყავი კარში თავი.
შემდეგ იყო "მთვარის გლობუსი", გიორგი ნატროშვილის გუნდი. მეკარეების მწვრთნელი ვოვა ჩაჩუა იყო ჩემი, როგორც მეკარის ჩამოყალიბების ფუძემდებელი. პერსპექტიულ ახალგაზრდად ვითვლებოდი და 16 და 18-წლამდელების ნაკრებშიც ვითამაშე. ასევე, ახალგაზრდულთა ამხანაგურ შეხვედრებშიც. ცუდი კი ის იყო, რომ ტურნირების დასკვნით შეხვედრებში უკვე ჩაწყობით მოხვედრილი ბავშვები ხვდებოდნენ.
ერთხელ ტრაპიდანაც კი მომხსნეს. სამწუხაროდ, იმ გაუსაძლის სიდუხჭირეში მწვრთნელებს ქრთამით შეეძლოთ ოჯახების რჩენა და ეს დაკარგული თაობის ზურგზე ხდებოდა. "დინამოს" დუბლებში ივო შუშაკის რჩეული ვიყავი. სამწუხაროდ, ნაკრების ამხანაგურ შეხვედრაში ფეხი მოვიტეხე. იყო პერიოდი, დაბრუნებაც ვცადე, თუმცა იძულებული გავხდი, კარიერა ნაადრევად დამესრულებინა".
რა ასაკიდან შეიძლება ბავშვი დავაკავოთ სპორტით
"ტრავმამ დიდ ფეხბურთს მომწყვიტა. დროებით ფეხბურთი შემზიზღდა კიდეც, - ამბობს ზურა, - ფიზკულტურის ინსტიტუტში სამწვრთნელო კურსები გავიარე, რადგან გამიჩნდა სურვილი, სამწვრთნელო კარიერა მეცადა. ჩემი ხედვა გაცილებით განსხვავდებოდა იმ პერიოდის ტიპური ქართველი მწვრთნელისგან.
ბავშვის შეურაცხყოფა და მისი აბუჩად აგდება ითვლებოდა მის ძლიერ პიროვნებად ჩამოყალიბების გზად. შემდეგ უეფას სამწვრთნელო კურსებიც გავიარე. ამ ახალმა გამოცდილებამ კიდევ უფრო გამიმტკიცა სურვილი. ჯერ 159-ე საჯარო სკოლასთან, თემქაზე არსებული საფეხბურთო კლუბი შევქმენით და რატომღაც, მიუხედავად იმისა, რომ "მილანის" ქომაგი ვარ, გუნდს "რომა" დავარქვით.
შემდეგ ამ სკოლიდან "საბურთალოს" აკადემიაში ნიჭიერ ბავშვებთან ერთად გადავედით. აკადემიის ხელმძღვანელობა ზრუნავდა თაობათა სწორად აღზრდაზე. თუნდაც ის, რომ მათ ესპანეთიდან მოიწვიეს გამოცდილი მწვრთნელი ანდრეას კარასკო. მას "ბარსელონაში" მიღებული გამოცდილება მწვრთნელებისთვის უნდა გაეზიარებინა და დაელაგებინა ასაკობრივი ჯგუფები. ეს იყო ხელმძღვანელობისგან გადადგმული სწორი ნაბიჯი. რაც ყველაზე მეტად მახარებს, ისაა, რომ იმ თაობამ შეინარჩულა სპორტულობა. მეტიც, თუნდაც მავნე ჩვევა, სიგარეტისგანაც კი შორს დგანან". განაგრძეთ კითხვა