საჯარო სკოლებში კვებასთან დაკავშირებით უამრავი პრობლემაა, მათ შორის, ჰიგიენა, საკვების ხარისხი, ფასი, უვნებლობა და ასე შემდეგ. ბევრ მოსწავლეს არ აქვს შესაძლებლობა, სკოლის ბუფეტში ისაუზმოს ან იყიდოს პროდუქტი. ბევრ სკოლაში არსებობს ე.წ. ნისიების რვეული, რომელშიც იმ ბავშვების სახელი და გვარებია მითითებული, რომლებიც ვალად იღებენ საკვებს.
"პატრიოტთა ალიანსის" წევრი, ირმა ინაშვილი, გამოდის ინიციატივით, რომ საჯარო სკოლებში მოსწავლეების კვება უფასო გახდეს:
“ჩვენ ვნახეთ, რომ სკოლებში ე.წ. ნისიების რვეული არსებობს. ბავშვები ნისიად იღებენ სკოლებში ფუნთუშას, ხაჭაპურს, შემდეგ ვერც ახერხებენ მათი მშობლები ამ ვალის გადახდას, ეს კატასტროფაა, დიდი ტრაგედიაა. ეს არის საქართველოს პარლამენტის თითოეული წევრის სირცხვილი, საქართველოს მთავრობის სირცხვილი. ხელისუფლება ამბობს, რომ 146 ათასი ბავშვი 50-ლარიან დახმარებას იღებს. ეს ჩვენ რომ გამოვიანგარიშოთ, დღეში ბავშვზე ორი ლარიც არ არის. გეკითხებით, თქვენს შვილებს დღეში ორი ლარი ჰყოფნით? ან მინისტრების შვილებს ჰყოფნით დღეში ორი ლარი? როგორ შეიძლება დღეში ორი ლარი ჩვენი თანამოქალაქეების შვილებს ეყოთ?!".
ჩვენ მშობლებს ვკითხეთ აზრი. ნაწილისთვის ეს ინიციატივა მისაღებია, ნაწილი კი საკვების ხარისხზე საუბრობს:
"თუ საკვები ობიექტები ისეთივე იქნება, როგორებიც ეხლა არიან შესული სკოლაში - ამას აზრი არ აქვს. ეხლა კატასტროფა ხდება. თუ სათანადოდ გაკონტროლდება ხარისხი, სისუფთავე, და დაცული იქნება ყველა სტანდარტი - რა თქმა უნდა მომხრე ვარ. თუნდაც მშობლის ნაწილობრივი თანადაფინანსებით ". "ფულს იხდი და ნაგავს გაჭმევენ, უფასო რა იქნება, წარმომიდგენია". "ნამდვილად მივესალმები ამ იდეას. ყველას არ აქვს საშუალება და მათი შვილები მშივრები არ უნდა იყვნენ და სხვებს არ უნდა უყურებდნენ, როგორ ჭამენ".
ინიციატივა დეპუტატმა პარლამენტის სხდომაზე წარადგინა.
თამარ იაკობაშვილი