ინდოეთი უნიკალური ქვეყანაა. მეშვიდე ტერიტორიის სიდიდითა და მეორე მოსახლეობით. ქვეყანაში სწრაფად განვითარდა ეკონომიკა, თუმცა ამის მიუხედავად, მოსახლეობის დიდი ნაწილი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს. ქვეყნის მეორე მთავარი პრობლემა დაბინძურებაა.
2013 წელს ინდოელი მაზინ მუხტარი ნიუ-იორკში ცხოვრობდა, სადაც შემთხვევით გაიცნო მომავალი მეუღლე, პარვიტა სარმა. ისინი ოცნებობდმნენ, რომ დაბრუნებულიყვნენ ინდოეთში და გაეხსნათ სკოლა ღარიბი ბავშვებისთვის. მათ თავიანთი გეგმა განახორციელეს, თუმცა იმისგან ცოტა განსხვავებულად, როგორც მოსალოდნელი იყო.
წყვილი სამი წლის შემდეგ ჩავიდა ინდოეთში და გახსნა უფასო სკოლა ღარიბი ბავშვებისთვის. ერთადერთი პირობა იყო შესასრულებელი, ბავშვებს უნდა შეეგროვებინათ პოლიეთილენის ნაგავი.
ინდოეთში პლასტმასის დაწვა ნორმაა, ამიტომ წყვილმა გადაწყვიტა, სწავლის საფასურად პლასტმასის ნივთების შეგროვება დაეწესებინა, შემდეგ გადაეგზავნათ გადასამუშავებლად და ასე დახმარებოდნენ ბავშვებს განათლების მიღებაში, სახელმწიფოს კი პლასტმასის მოშორებაში.
,,მე მახსოვს, როგორ ივსებოდა ჩვენი საკლასო ოთახები ტოქსიკური გაზებით ყოველ ჯერზე, როცა ახლომდებარე რაიონებში პლასტმასს წვავდნენ. გვინდოდა, ეს შეგვეცვალა და ჩვენი მოსწავლეები წაგვეხალისებინა. მათ უნდა მოიტანონ პლასტმასი, სწავლის საფასურის ნაცვლად." - ამბობს პარვიტა.
სკოლაში სწავლობენ არა მხოლოდ ბავშვები, არამედ მათი მშობლებიც. თავდაპირველად, მათ არ სურდათ წყვილთან თანამშრომლობა, მაგრამ როდესაც დაიწყეს ლექციის მოსმენა პლასტმასის მავნებლობაზე, ძალიან სწრაფად გააანალიზეს, რა საფრთხეს უქმნის ეს ნივთიერება და მისი დაწვა თავიანთ შვილებს.
გაკვეთილების შემდეგ ბევრი მოსწავლე რჩება სკოლაში, ეხმარება წყვილს ამ ნარჩენების დახარისხებაში. სკოლის გახსნამდე, ძალიან ბევრი ბავშვი იძულებული იყო, ემუშავა მაღაროში და 2,5 დოლარამდე გამოემუშავებინა დღეში.
მაზინმა და პარმიტამ გადაწყვიტეს, რომ ბავშვებისთვის შიდა სასკოლო ვალუტით გადაეხადათ, რათა შეძლებოდათ ჭამა, ტანსაცმლისა და სასკოლო ნივთების შეძენა. ბავშვებს ფულის გამომუშავება კი კარგი ნიშნებისა და პლასტმასის შეგროვებით შეუძლიათ. გარდა ამისა, მოსწავლეები ცუდი ქცევისა და სხვადასხვა დანაშაულისთვის დაჯარიმდებიან. გარკვეული თანხის შეგროვების შემდეგ, მოსწავლეებს შეუძლიათ სთხოვონ მასწავლელებს დახმარება Amazon-დან საჭირო საბავშვო ნივთების გამოწერაში.
,,ჩვენ ბავშვების შრომას ვიყენებთ მათი მძიმე შრომის წინააღმდეგ. სიღარიბეში მცხოვრებ ბავშვებს სჭირდებათ ფული, რომ შეძლონ სწავლა. ჩვენ მათ ვაძლევთ საშუალებას, რომ ამ ფორმით გამოიმუშაონ ფული, მიიღონ განათლება და ცუდი საქციელისთვის დაჯარიმდნენ. როდესაც ბავშვები შემდეგ კლასში გადადიან, მათი ,,ხელფასი" იზრდება. მათ ასევე უვითარდებათ ახალი უნარები." - ამბობს მაზინ მუხტარი.
სკოლაში ბავშვები სწავლობენ მათემატიკას, სხვადასხვა ენასა და მეცნიერებას. ასევე ხელსაქმესაც. სკოლის შემქმნელები ამბობენ, რომ ეს მათ ეხმარება დამოუკიდებლობასა და თანამედროვე პრობლემების გააზრებაში.
როდესაც ახალგაზრდა წყვილმა გადაწყვიტა სკოლის შექმნა, მხოლოდ 20 მოსწავლე ჰყავდათ. ახლა მათი რიცხვი 110-ია. ისინი ოცნებობენ, რომ მსგავსი სკოლები გახსნან მთელ ინდოეთში.
ასეთი ენთუზიაზმით აკეთებს ორი ახალგაზრდა სკუთარ საქმეს ინდოეთში ღარიბი ბავშვების დასახმარებლად და ქვეყნის ეკოლოგიური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.