ნინო ინაძე ამბობს, რომ პირველია საქართველოში, ვინც მშობიარობებს პროფესიონალურ დონეზე იღებს და ბავშვების დაბადების პირველივე წამებს აღბეჭდავს ფირზე. ის პროფესიით ჟურნალისტია, უკვე ორი წელია სერთიფიცირებული ფოტოგრაფია და წინ კიდევ ბევრი გეგმა აქვს. ნინო საკუთარი საქმიანობის შესახებ გვიყვება.
- პროფესიით ვარ ჟურნალისტი და ყოველთვის მაინტერესებდა ფოტოჟურნალისტიკა. უნივერსიტეტი რომ დავამთავრე, შევქმენი ოჯახი. ჩემი მეუღლე ვიდეოგრაფია და გადავწყვიტეთ სტუდიის გაკეთება. გამოცდილება რომ მიმეღო და ცოდნაც გამეღრმავებინა, დავიწყე ფოტოგრაფიის შესწავლა. ვარ სერთიფიცირებული ფოტოგრაფი. არაერთ გამოფენაში მაქვს მიღებული მონაწილეობა. ორი წლის განმავლობაში ბაქოში, წელს კი უკრაინაში მქონდა გამოფენა. შარშან მოვიპოვე ევროპის ფოტოგრაფის წოდება. ევროპის ფოტოგრაფთა ასოციაცია იყო ჩამოსული რამდენიმე თვის წინ საქართველოში და მეც ვიღებდი გამოფენაში მონაწილეობას. ახლა იგეგმება გასვლითი ტური პრაღაში, კვალიფიკაციის ამაღლების კუთხით. ორი წელია, რაც ოფიციალურად ამ საქმეში ვარ. მანამდე უფრო მოყვარულის დონეზე ვიყავი. სერთიფიცირების შემდეგ კი ოფიციალურად დავიწყე მუშაობა. ჩვენი სტუდია გვაქვს, ვიღებთ ქორწილებს, ბანკეტებს. გარდა ამისა, საქართველოში პირველი ვარ, ვინც ოფიციალურად, ხელოვნების განხრით იღებს მშობიარობებს. როგორც აღმოჩნდა, არც უკრაინაშია მსგავსი პრაქტიკა. ახლახან ჩამოვედი იქიდან და დიდი აღფრთოვანება გამოიწვია ჩემმა ფოტოებმა.
- სამწუხაროდ, ძალიან ხშირია, რომ ბევრი მომავალი პატარძალი უყურებს სხვას. თუნდაც გადასაღები ადგილები. მე თბილისში ვცხოვრობ, რა თქმა უნდა, რაიონებშიც მქონია გასვლა, მაგრამ ძირითადად ყველა ირჩევს ერთსა და იმავე ადგილს. მართალია, თბილისი პატარაა, მაგრამ შეიძლება, გახვიდე და რაღაც ახალი და საინტერესო იპოვო. ზოგადად, ყველა ორიენტირებულია ერთსა და იმავე ადგილზე. მაგალითად, აბანოთუბანი. ბევრჯერ ყოფილა, რომ პატარძალს ფოტოებიც უჩვენებია, რომ მსგავსი სტილის ფოტო გადავუღო. მე, რა თქმა უნდა, გული რომ არ დაწყდეს, ვუღებ მსგავს ფოტოს, მივყვები იმ ადგილას, სადაც უნდა გადაღება, მაგრამ ძირითად ფოტოსესიას როდესაც ვუგეგმავ, მიმყავს ჩემს შერჩეულ ადგილზე იმიტომ, რომ ჩემთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, იყოს გამორჩეული ფოტოები. მაგრამ, მაინც ბევრი ერთმანეთს უყურებს, სამწუხაროდ.
- 2015 წელს მეყოლა შვილი. მაშინ არ ვიყავი ფოტოგრაფიით დაკავებული. ყოველთვის მქონდა გულში დარჩენილი, რომ ჩემი შვილის ფოტოები, იმწამინდელი მქონოდა. ერთი წლის რომ გახდა, სტუდიაში ფოტოების გადასაღებად წავიყვანე და ზუსტად მანდ მომივიდა იდეა, რომ რატომ არ მაქვს ჩემი შვილის დაბადებიდან პირველი წუთების პროფესიონალური ფოტო. არავისთან არ მქონდა ნანახი მსგავსი მშობიარობის დროს პროფესიონალურად გადაღებული ფოტოები. 2017 წელს მივწერე იმ კლინიკას, სადაც ვიმშობიარე, რომ მშობიარის თანხმობის შემდეგ, მოეცათ უფლება, გადამეღო ეს პროცესი. არც სახეს გამოვაჩენდი, არც ინტიმურ ადგილებს, მხოლოდ ბავშვზე ვიქნებოდი ორიენტირებული. სამწუხაროდ, საქართველოში ბევრი კომპლექსი გვაქვს. მეც არ დავთანხმდებოდი მშობიარობის გადაღებაზე. კლინიკას დიდი სურვილი ჰქონდა, მაგრამ, სამწუხაროდ, არავინ არ აღმოჩნდა მსურველი. შარშან ძალიან მომინდა ამის გაკეთება და ვფიქრობ, ძალინ რომ გინდა ადამიანს რამის გაკეთება, ყველაფერს შეძლებ. ჩემი ბიძაშვილის ბავშვი იყო პირველი, ვინც გადავიღე. მანამდე, ევროპის ფოტოგრაფთა ასოციაცია რომ იყო ჩამოსული, იქ ერთ-ერთმა ფოტოგრაფმა მასტეკლასი ჩაატარა ბავშვთა ფოტოგრაფიაზე. სულ შემთხვევით აღმოჩნდა, რომ ეს კაცი იღებდა მშობიარობებს. ეს ჩემთვის კიდევ ერთი სტიმული იყო. მას ვკითხე, როგორ შეიძლებოდა მივდგომოდი აქ ადამიანებს. მითხრა, რომ თუ ძალიან მინდოდა ამის გაკეთება, აუცილებლად გავაკეთებდი და აქედან გამომდინარე, შევძლებდი მშობიარის დარწმუნებას, რომ გადამეღო. მეც სტიმული მომეცა, დეკემბერში მშობიარობდა ჩემი რძალი, დავითანხმე, გადავიღე და ამ გადაღების შემდეგ უკვე აღარ გავჩერებულვარ.
- ძალიან ხშირად დაუსვამთ ეგ კითხვა, მაგრამ პასუხი დღემდე არ მაქვს. ბევრი ქალი ვიცი, კაცთანაც არ მშობიარობს იმიტომ, რომ კომპლექსი აქვს. ბუნებრივად ხდება ეს ყველაფერი. მშობიარისთვის გადაღებული ჩემი პირველი სურათები რომ ავტვირთე და სხვამ ნახა, რომ იქ არ იყო არაფერი ისეთი, არც სახე ჩანდა, არც არაფერი, უკვე მოეხსნათ კომპლექსი. მშობიარობის დროს ვსაუბრობთ, ვეხმარები და მათ განცდებს საკუთარივით განვიცდი. სანამ ბავშვი პირველად ამოისუნთქებს, მეც ვერ ვსუნთქავ. მშობიარეც ამ ყველაფერს გრძნობს, რაღაც კავშირი ჩნდება ჩვენს შორის. ყველას ძალიან უკვირს, როგორ მოვახერხე საქართველოში ეს, კაცის მენტალიტეტიდან და ბუნებიდან გამომდინარეც, მაგრამ არ ვიცი, მაინც ვახერხებ ამის გაკეთებას.
- ჩემს ემოციებს ვერ აღგიწერთ. ჩვეულებრივად ვარ იმ ყველაფრის მონაწილე. ტკივილსაც განვიცდი. ძალიან სუსტი გული მაქვს, სისხლის დანახვაზეც კი ცუდად ვხდები, მაგრამ იქ უკვე ობიექტივში რომ ვიყურები და ორიენტირებული ვარ სხვა რაღაცაზე, მეტს ვერაფერს ვხედავ. როგორც მშობიარე ამოისუნთქავს, ბავშვის გაჩენის შემდეგ, ისე ვარ მეც. გარეთ რომ გავდივარ, ხალხი თითქოს მე უფრო მელოდება იმიტომ, რომ ისინი უკვე რაღაც განსხვავებულს ელოდებიან. მათ შორის, მამები.
- ტყუპების საკეისრო კვეთა იყო. პირველი ბავში რომ ამოიყვანეს, ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ მეორე რომ ამოიყვანეს, ბავშვი გალურჯებული იყო და არ სუნთქავდა. მე ფოტოს ვიღებდი მექანიკურად, ექიმებიც დაიძაბნენ, ბავშვს ხელოვნური სუნთქვა და მასაჟები ჩაუტარეს. ვუყურებდი ამ უსუსურ არსებას, თავისი ძმა უკვე გაიყვანეს, ეს ისევ იქ იყო და იმდენად ცუდი შეგრძნება გამიჩნდა, სანამ არ ამოისუნთქა, მეც ვერ ვსუნთქავდი. ბოლოს, სუნთქვა რომ დაიწყო, ექიმს ცრემლები წამოუვიდა და მეც მასთან ერთად ვტიროდი. შემეშინდა კიდეც, იმაზე არასდროს მიფიქრია, რაღაც ცუდად რომ დამთავრდეს, ალბათ ვეღარ შევძლებ ამის გაგრძელებას. ეს იყო ყველაზე ამაღელვებელი, რაც ცხოვრებაში არ დამავიწყდება.
- ძალიან მინდა, რომ მშობიარობის გადაღებები დაინერგოს საქართველოში. ბავშვი როდესაც გახდება ერთი წლის, რამდენიმე თვის, მიჰყავთ სტუდიაში და უღებენ ფოტოებს, მინდა ანალოგიურად გაუჩნდეთ სურვილი, რომ შვილის დაბადების პირველი წამები აღბეჭდონ ფირზე. ეს არის ჩემი ყველაზე დიდი მოტივი. რაც მთავარია, ჩემი საქმე მიყვარს, არასდროს ვიღლები და მსიამოვნებს ამის გაკეთება.
თამარ იაკობაშვილი