რა რაოდენობის წყალი უნდა დალიონ სიცხეში მომავალმა დედებმა, შეიძლება თუ არა ორსულისთვის საზამთრო, რატომ უნდა ერიდოს წყალსაცავებს? ამ და სხვა კითხვებზე მიან-გინეკოლოგები გვპასუხობენ.
ორსულობა - ნორმალური მდგომარეობაა, რომელიც არ არის დაკავშირებული აკრძალვებთან და შეზღუდვებთან. უბრალოდ, ორსულობა მოითხოვს საკუთარი ჯანმრთელობისადმი უფრო მეტ ყურადღებას. ფიზიოლოგიის კუთხით, არანაირი განსხვავება არ არის გაზაფხულის, ზაფხულის, შემოდგომისა თუ ზამთრის ორსულობას შორის: ის მიმდინარეობს აბსოლუტურად ერთნაირად - წელიწადის ნებისმიერ დროს. მაგრამ ზაფხულის ორსულობას მაინც აქვს რიგი თავისებურებები და უპირატესობები.
სიცხეში ატარეთ თავისუფალი სამოსი
რაც მეტია ორსულობის ვადა, მით დიდია ორგანიზმზე დატვირთვა და ნაკლებია გამძლეობა. ეს უნდა გაითვალისწინონ მომავალმა დედებმა სიცხეში: დიდხანს არ ისეირნონ, თუ გარეთ მაღალი ტემპერატურაა. ხშირად დაისვენონ ჩრდილში.
დალიეთ საკმარისი რაოდენობის წყალი
ზაფხულში მნიშვნელოვანია 1,5-2 ლიტრი წყლის გალევა. სიცხეში ქალი ოფლის სახით კარგავს სითხეს. შეშუპება არ არის დაკავშირებული მიღებული სითხის რაოდენობასთან: ორსულობის ვადის ზრდასთან ერთად იზრდება მექანიკური ზეწოლა ქვემო ვენებსა და ლიმფის დინებაზე.
იცურეთ: ეს სასარგებლოა
ცურვა - ფიზიკური დატვირთვაა, რომელიც პირდაპირ ნაჩვენებია ორსულთათვის. ცურვა სასარგებლოა როგორც მომავალი დედისთვის, ასევე ნაყოფისთვის: წყალში მცირდება სხეულის მასა, რაც აქტუალურია ორსულობის გვიან ვადებზე.
წყალი აუმჯობესებს ქალის მდგომარეობას, ბავშვისთვის კი საკმაოდ კომფორტული გარემოა. მხოლოდ, რასაკვირველია, საუბარია აუზის სუფთა და უსაფრთხო წყალზე.
წყალში ყოფნის დროს ყურადღება მიაქციეთ სუნთქვას და პულსს
თუ გულისცემამ მოიმატა, ამოდით წყლიდან - ნუ მიიყვანთ მდგომარეობას თავბრუსხვევამდე. ეს სიმპტომი არის მაჩვენებელი იმისა, რომ მოცემული ცურვის რეჟიმი თქვენთვის არ არის მისაღები.
არ იცუროთ წყალსაცავებსა და ღია დაგუბებულ წყალში.
არ გამოიყენოთ ტამპონები ცურვის დროს
სხვადასხვა ინფექციისგან თავის არიდების მიზნით, ხშირად ორსული ქალები ცურვის დროს იყენებენ ტამპონებს, რაც დაუშვებელია. საშო კუნთოვანი ორგანოა, მისი კედლები კუმშვადია. ფიზიკის კანონის თანახმად, იქ წყალი ვერანაირად ვერ მოხვდება, თუ არ მოხდება რაიმე სპეციფიური ზემოქმედება.
აქტიური ცურვის შემთხვევაშიც კი საშოში წყლის მოხვედრის ალბათობა მიზერულია.
საშო არ არის სტერილური. სწორედ ტამპონი შეიძლება გახდეს ინფექციის მოხვედრის მიზეზი. ის სწრაფად შეიწოვს წყალს და მივიღებთ ინფექციის იდეალური გავრცელების არეალს. ყურადღება მიაქციეთ საცურაო კოსტუმის სისველეს. წყლიდან ამოსვლის შემდეგ სწრაფად გამოიცვალეთ საცურაო კოსტუმი.
არ გადააჭარბოთ ტკბილი ხილის მიღება
ეს განსაკუთრებით ეხება მესამე ტრიმესტრში მყოფ ორსულებს. ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ ხილი წყლისა და უჯრედისის გარდა შეიცავს დიდი რაოდენობით ფრუქტოზასა და გლუკოზას, რომელთ დიდმა რაოდენობამ შეიძლება აწიოს შაქრის დონე სისხლში.
ხილი მიიღეთ ცალკე
ხილი უნდა მიიღოთ ცალკე და არა როგორც დესერტი. სასურველია მისი მიღება კვებამდე ნახევარი საათით ადრე, ან კვებიდან 2 საათის შემდეგ.
ეგზოტიკურ ხილზე...
იდეალურ შემთხვევაში უნდა მივირთვათ ის, რაც იზრდება ჩვენს გარემოში, რადგან ჩვენ მაქსიმალურად მიჩვეული ვართ მის შემადგენლობას. მაგრამ ამავე დროს ხშირად გვინდება ეგზოტიკური ხილის გასინჯვაც. ორსულებიც არ წარმოადგენენ გამონაკლისს. თუ ქალი ორსულობამდე მიირთმევდა ეგზოტიკურ ხილს და არ ჰქონდა ალერგიული რეაქციები, მაშინ შეუძლია თამამად მიირთვას შემდეგაც - ოღონდ შეზღუდული რაოდენობით.
სიფრთხილე გამოიჩინეთ საზამთროსთან
ბოლო დროს გახშირდა ნიტრატებით მოწამვლა, რაც უხვად შეჰყავთ საზამთროში. ნიტრატებით მოწამვლა რთულად მიმდინარეობს - განსაკუთრებით ბავშვებსა და ორსულებში.
რუჯი მიიღეთ დილა-საღამოს
D ვიტამინის აბაზანები შეგიძლიათ მიიღოთ დილის 9-11-მდე და საღამოს - 17 საათიდან. ამასთან, მომავალმა დედამ უნდა წაისვას მზის დამცავი მალამო. თუ ორსული ძლიერ გაოფლიანდა, გაუხშირდა პულსი, ძნელად სუნთქავს - ეს არის ნიშანი იმისა, რომ სასწრაფოდ უნდა შეეფაროს ჩრდილს. შეუძლია შუბლზე დაიფინოს სველი ხელსახოცი და დალიოს წყალი
ნუ შეგეშინდებათ მზეზე გაჩენილი პიგმენტური ლაქების - ეს ნორმალურია
მზეზე კანზე ჩნდება პიგმენტური ლაქები. ორსულობის დროს იზრდება მელანინის სინთეზი. ამიტომ გაძლიერებულად მუშაობენ თირკმელზედა ჯირკვლები. ორსული მზის გარეშეც მიდრეკილია პიგმენტაციისკენ. მზე კი აძლიერებს მას, რაც ნამდვილად არ ახარებს მომავალ დედას.