ქვეყანაში შექმნილი ვითარების ფონზე ახალგაზრდები ცდილობენ, მიმდინარე პროცესები მაქსიმალურად ჯანსაღ კალაპოტში მოაქციონ და ქვეყანა პოლიტიკოსთა პირადი ინტერესებისგან დაიცვან. ამასობაში სოციალურ ქსელსა თუ პირად საუბრებში უფროსი თაობიდან ძალიან ბევრი უზიარებს რჩევას, როგორ მოიქცნენ და რა გზას დაადგნენ.
რა თქმა უნდა, უფროსი თაობის გამოცდილება მნიშვნელოვანია, თუმცა ნამდვილად მოიძებნება ბევრი ისეთი თვისება, რაც სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების გამო უფროს თაობას ახასიათებს, ახალი თაობა კი ჯობს მისგან თავისუფალი იყოს, თუ გვინდა, რომ მართლაც უკეთესი საზოგადოება გვყავდეს, რაც ქვეყნის მომავალსაც გამოადგება.
ეს თვისებები ერთგვარი ნაკრებია იმისა, რაც ბოლო დროს ყველაზე მეტად გამოიკვეთა.
პასიური
უფროსი თაობა ძირითადად სხვისგან ელოდება შველას. უცდის, ვიღაც სხვა როდის დაგეგმავს და უზრუნველყოფს მის მომავალს, შესთავაზებს გამზადებულ სამსახურს და შემოსავალს. თუ ასე არ ხდება, დეპრესიაში ვარდება, ბოღმას ანთხევს ოჯახის წევრებზე, ბავშვებზე ან მასზე სუსტებზე.
პესიმიზმი
"ამ ქვეყანას მაინც არაფერი ეშველება", "ყველაფერი ჩაწყობილია", "უკვე იციან, ვინ უნდა აირჩიონ" - ამ ფრაზებით წინასწარ გვაქვს ხელი ჩაქნეული მომავალზე და დიდი ხანია ბრძოლა და ხელის განძრევა უაზრობად გვეჩვენება.
საბჭოთა ნოსტალგია
"აი, როგორ არა ვთქვა, მაშ ის წყობა არ ჯობდა? სად აღარ დაგვყავდა ბავშვები, ყველაფერი უფასო იყო, კვება - უმაღლესი. აბა, ახლაა კარგი?" - ბევრმა დღემდე ვერ გაარჩია, რა უფრო მნიშვნელოვანი იყო - ის, რაც გვქონდა მაშინ, თუ ის, რაც არ გვქონდა.
შური და ბოღმა
წარმატებულ ადამიანს თუ არ დავესიეთ და დავკორტნეთ, ისე ვერ გავიხარებთ. რაც მეტად წარმატებულია, მით მეტი ენთუზიაზმი გვიპყრობს, სოციალურ ქსელში "ვათრიოთ" და ვლანძღოთ მოგონილი თუ გამოძებნილი მიზეზებით.
ქვეყნის ჭირი, ღობის ჩხირი
მთავარია ჩვენი სახლები მოვიწყოთ და მას გავუფრთხილდეთ, საერთო ქონება და წესრიგი არასოდეს გვაღელვებს. ნაგვის და ტუალეტის თემა ხომ დღემდე ვერ დავძლიეთ.
სტერეოტიპები და სიახლეების მიუღებლობა
"მოსწავლე მოსწავლეს უნდა გავდეს, ქალი რომ ტატუს გაიკეთებს და კაცი საყურეს, ქვეყნის დაქცევაც მაშინ იწყება."
"ჩვენ თუ არ გაგვივლია სქესობრივი აღზრდა, ვერ გავაჩინეთ შვილები?"
"მასწავლებელი ან დაიყვირებს ან წამოარტყამს, აბა, ისე სწავლა ვის გაუგონია"
"მისი ცოლია და რასაც უნდა უზამს, ოჯახის საქმე სხვისი გასარჩევი არაა"
"ვისთანაც გინდა გაერთე, მაგრამ ცოლად პატიოსანი ქალიშვილი მოიყვანე".
"კაცს სახლიც უნდა ჰქონდეს და ისეთი სამსახური, რომ არაფერი მოგაკლოს, საყვარლის შენახვაც უნდა შეეძლოს და ცოლისაც..." -
და ასე დასრულებლად...
ბავშვების მიმართ მიდგომები
მშობლების თაობამ ყოველთვის უკეთ იცოდა, რა ჯობდა ბავშვისთვის, უფროსს რომ უნდა დაუჯეროს, წუთი არ უნდა ჰქონდეს თავისუფალი დრო, კლასში პირველი იყოს, არ იხმაუროს, არაფერი გააფუჭოს, უმცროს და-ძმას ყურადღება მიაქციოს, დედის და მამის დავალებები შეასრულოს...
სამაგიეროდ, რა უყვარს, რა სწყინს და რაზე ოცნებობს, ამ კითხვებს უფროსი თაობა შვილებს თითქმის არასდროს უსვამდა.
არაშემწყნარებლობა
გამუდმებით ვიმეორებთ, რომ ძალიან შემწყნარებელი ერი ვართ, თუმცა უამრავია მაგალითი იმისა, თუ როგორ ძარცვავენ, შეურაცხყოფენ და აგინებენ უცხოელებს, უცხო რელიგიის მქონეთ თუ უბრალოდ ადამიანებს, რომლებიც მათნაიარდ არ აზროვნებენ.
ახალი თაობა კი ბევრად თავისუფალი, ლაღი, მიზანდასახული და ლოიალურია და ალბათ ჯობს, ცოტა უფრო ხშირად და მეტად მოვუსმინოთ მათ.