"რაც დრო გადის, უფრო მძაფრად იგრძნობა შენი არყოფნა... უშენოდ არაფერს ლაზათი აღარა აქვს, თითქოს დაცარიელდა ჩვენი სახლი... და ჩემთვის მთელი სამყარო... შავ ფხვიერ მიწაზე ახლად ამოსულ ბალახებს აწვიმს... მე ახლა უფრო მიყვარს "ბალახი და წვიმა" და უფრო ძლიერ - შენ..."
ლამარა ბოკერიას მოგონებების წიგნიდან "ძე ქუხილისა"
"ერთ მშვენიერ დღეს (კურთხეულ იყოს ის წუთი), გავიხედე, - რას შევხედე: სიყვარული... სიყვარული არ მეძგერა! შორით ვკიდე თვალი: ორფერი კაბა ეცვა (თეთრი, - ლურჯი ზოლებით)...
"ქალიშვილმა, რომელსაც უყვარს ბალახი და წვიმა, -/ მე გული მთხოვა ერთ საღამოს იმ ქალიშვილმა./ ...და მე დილამდე ქუჩებში ვიარე.../ შინ რომ მოვედი - გულაღმა დავწექ, -/ ხელები თავქვეშ ამოვილაგე./ ქალიშვილმა, რომელსაც უყვარს ბალახი და წვიმა, -/ მე ყველაფერი შემაყვარა იმ ქალიშვილმა. სიყვარულის მეხუთე წელს, ოცდახუთი წლისამ შევირთე ქალი, - ლამარა ბოკერია"... - გასაოცარია, რომ პირდაპირობით გამორჩეულ მუხრან მაჭავარიანს საოცრად მოკრძალებული და შეფარული სიყვარული სცოდნია. მისი სატრფიალო ლირიკაც ასეთივე შეფარული და მოკრძალებულია, ხოლო მისი სიყვარული - ერთადერთი... სამარის კარამდე!
ინგლისური ენის ფილოლოგსა და ჟურნალისტს ლამარა ბოკერიას მომავალი დიდი პოეტი პირველად ძალიან ახალგაზრდას უნახავს, 1945 წელს, მოზარდ მაყურებელთა თეატრში, ნიკოლოზ ბარათაშვილის საიუბილეო საღამოზე, თუმცა იმხანად არც სცოდნია, ვინ იყო იგი, რა გვარის და რა ერქვა. ლამარა ბოკერია იქ მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა, მათ ახლობელ სულიკო გამსახურდიას ბარათაშვილისადმი მიძღვნილი ლექსი უნდა წაეკითხა: "ჩვენ მაღლა, ქანდარაზე ვისხედით. უეცრად სცენაზე გამოვიდა მაღალი, აყლაყუდა მოსწავლე და ხმამაღლა წაიკითხა ლექსი ბარათაშვილზე. ეტყობა, დარბაზს მოეწონა და დიდხანს უკრავდა ტაშს... შემდეგ გამოვიდა ჩვენი სულიკო გამსახურდია და ლექსი წაიკითხა. ჩვენ ქანდარიდან ავტეხეთ ტაში და შეძახილებია... მაგრამ რა გამოვიდა: პირველი ადგილი იმ აყლაყუდას მიანიჭეს და... საჩუქარიც იმას ერგო".
მხოლოდ წლების შემდეგ, უკვე მუხრან მაჭავარიანის მეუღლე რომ გახდა, მაშინ შეიტყო, რომ ის "აყლაყუდა", თურმე, მისი უძვირფასესი თანამეცხედრე იყო. მისი სახელი, გვარი და პოეტობის ამბავი კი პირველად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ლიტერატურული წრის ერთ-ერთ შეკრებაზე გაიგო: "გამოდის ახოვანი, თმამოშვებული ახალგაზრდა და ომახიანი ხმით იწყებს ლაპარაკს: "მე მჯერა, მოვა კაცი, პოეტი! დაანთებს ხანძარს, შეაზანზარებს მთებს, რომლებიც დგანან და ელიან... მის ხმაზე დაიძრებიან მყინვარები, მდინარეები, აღმოსავლეთიდან ზვრები, დასავლეთიდან ჩაის ბუჩქები, და მის სმენად მოვიდიან კაცნი და მხეცნი... - მე მჯერა!" -... ეს მუხრან მაჭავარიანია, არავის არ ჰგავს - ისეთ ლექსებს წერსო, - ამბობდნენ სტუდენტები...
მათი ნამდვილი გაცნობა კი მწერალთა სასახლეში შედგა, "ერთი ლექსის საღამოზე", სადაც ლამარა ბოკერია თავის განუყრელ მეგობარ ციცინო გამყრელიძესთან ერთად იმყოფებოდა. შესვენებისას გარეთ ბაღში ისხდნენ, მათთან პოეტი ნაზი კილასონია რომ მისულა და უთქვამს, - თქვენთან პოეტმა მუხრან მაჭავარიანმა გამომგზავნა, თქვენი გაცნობა სურს, თუ შეიძლებაო! - და ხელი გაუშვერია მოშორებით მდგარი ორი ახალგაზრდისკენ. ლამარა ბოკერია თავის მოგონებებში, რომელიც უძვირფასეს მეუღლესთან გასაუბრებას უფრო ჰგავს, ასე იხსენებს იმ დღეს: "ჩვენ გაოგნებულებმა გამოვიხედეთ იქით და შენ დაგინახეთ... როგორ არა, როგორ არა, - ვთქვი და ორივენი ფეხზე წამოვცვივდით... შენ ნელი ნაბიჯით წამოხვედი ჩვენკენ... ჩვენ მოკრძალებით გამოგიწოდეთ ხელი... - თუ შეიძლება, გაგაცილებთ, მეც იქით ვცხოვრობ, ვერაზეო, - თქვი მორიდებით... და წამოვედით ერთად, ნელი ნაბიჯით, გამოვიარეთ რუსთაველის გამზირი, ლენინის ქუჩა (ახლა კოსტავასი) და ჩემს სახლთან, კიროვის (ახლა ვერის) ბაღის პირდაპირ (სადაც ახლა ფილარმონიაა) შევჩერდით... - მე აქ ვცხოვრობ! - გითხარი. - მე ეს ძალიან კარგად ვიციო, - მიპასუხე. - მართლა, საიდან? - და გახარებულმა, ფრთაშესხმულმა ავირბინე კიბე! იმ საღამოს შენთან შეხვედრისას თითქოს დიდი ნათელი ჩამეღვარა გულში და დღემდე იმ ნათელით ვსულდგმულობ..." ერთისთვის ერთი არსებობს მხოლოდ! -/ სად არის იგი! -/ ეს ღმერთმა იცის! -/ იმ ერთის ხილვის, -/ იმ ერთის პოვნის, -/ ათასში ერთი გამხდარა ღირსი". - ალბათ არსთაგამრიგემ ინება, რომ მე და შენ ერთმანეთი გვეპოვა და ჭეშმარიტი სიყვარულით გვყვარებოდა ერთმანეთი გარდაცვალებამდე და შემდგომაც!"
1937 წელს, მამის დაპატიმრების შემდგომ ბოკერიების ოჯახს ბინა ჩამოართვეს, დარჩენილი ერთი ოთახი სამად გადაუტიხრეს და ერთ-ერთ ოთახში ცნობილი პიროვნების, სარდიონ ალექსი-მესხიშვილის ქალიშვილი, ქმარდახვრეტილი სონია ბაქრაძე ორი შვილით შეუსახლეს. სათნო ქალბატონი სონია, თურმე, ხშირად სთხოვდა ლამარა ბოკერიას, - იმ შენს თაყვანისმცემელ პოეტს უთხარი, ღამის სამ საათზე ჩვენს ფანჯრებთან ნუ კითხულობს ლექსებს ასე ხმამაღლა და ძილს ნუ გვიფრთხობსო... ქალბატონ ლამარას შესანიშნავად ახსოვს ის საღამოც, თავისი ოთახის ფანჯარასთან ახლოს მდგარმა, პირველად რომ მოისმინა საყვარელი ადამიანის წაკითხული "შენით თენდება, შენით ღამდება! თურმე, ისე ხშირად დადიოდა მუხრან მაჭავარიანი ლამარა ბოკერიას სახლის მოპირდაპირე ქუჩაზე, რომ იგი ქალბატონი ლამარას დედასაც კი შეუნიშნავს. ერთ მშვენიერ დღეს მათი საერთო ახლობელი გივი ძნელაძე მისულა ქალიშვილთან და მუხრანის გამოგზავნილი ყვავილებით სავსე ქოთანი მიურთმევია. ლამარას მადლობა გადაუხდია, ქოთანი ჩუმად აუტანია შინ და ფანჯრის რაფაზე დაუდგამს. - ეს ვინ მოიტანაო? - უკითხავს დედას და დაუყოლებია, - ამ ქოთანს აქედან გადავაგდებ, როცა ის მაჭავარიანი გამოივლისო. რამდენიმე დღის შემდეგ მართლაც გადაუგდია, მუხრანს მათი სახლისკენ გაუხედავს, ღიმილით ხელი ჩაუქნევია და ვერის ბაღში შესულა...