ბავშვებისთვის წერის პროცესი არც ისე მარტივია. მათ ამისთვის სხვადასხვა ელემენტის გამოყენება და ძალის სწორი კონტროლი სჭირდებათ. რა უნდა გაითვალისწინოს მშობელმა, ვიდრე ბავშვი წერის სწავლას დაიწყებს და როგორ შეიძლება მათთვის ეს პროცესი სახალისოსთან ერთად, სასარგებლოც გავხადოთ, ოკუპაციური თერაპევტი, ნინო ჭუმბურიძე ამის შესახებ გადაცემაში "პირადი ექიმი მარი მალაზონია" საუბრობს.
- ყველაფერი უნდა დავიწყოთ თამაშითა და სხვადასხვა აქტივობით იმისთვის, რომ წერისა და კითხვის პროცესი ბავშვისთვის მისაღები, საინტერესო და მამოტივირებელი გახდეს. ვიდრე წერაზე გადავალთ, აუცილებელია ეს უნარები გამოვუმუშაოთ ბავშვს. ამისთვის ძალიან ბევრ მასალას ვიყენებთ. მაგალითად, შეიძლება გამოვიყენოთ თერაპიული ცომი, პლასტილინი ან თუნდაც საცხობი ცომი. შეიძლება გამოვძერწოთ ფიგურები, ხაზები და ასე შემდეგ და ფურცელზე დავაწებოთ. წერისთვის მზაობა ნიშნავს, რომ ბავშვს უნდა შეეძლოს ხელით რაღაც ფიგურების შექმნა, მაგალითად, ხაზების გავლება, გადაკვეთა, წრე, ოთხკუთხედი. ამისთვის შეიძლება თავიდან არა კალამი, არამედ პლასტილინი გამოვიყენოთ. თერაპიული ცომი ფერების მიხედვით სხვადასხვა ასაკის ბავშვებისთვის გამოიყენება, მაგალითად, ყვითელი ფერის 2-3 წლის ასაკის ბავშვებისთვისაა რეკომენდებული. სახლის პირობებშიც შესაძლებელია მისი დამზადება. ცომს შეიძლება საკვები ფერები გავურიო. გამზადებული ფიგურების გამოყენება ფურცელზე ძალიან მარტივად შეიძლება. ბავშვს რჩება შთაბეჭდილება, რომ თამაშობს, სინამდვილეში ვმუშაობთ წერის უნარების გამომუშავებაზე.
მარი მალაზონია:
- პირველად ბავშვმა კი არ უნდა დაიწყოს კითხვა, ჩვენ უნდა დავიწყოთ მისთვის კითხვა. მერე მას უნდა მოუნდეს ჩვენთან ერთად წაკითხვა და მხოლოდ ამის შემდეგ ექნება ბავშვს სურვილი, დამოუკიდებლად წაიკითხოს. ამიტომ, იმის მოლოდინი, რომ ბავშვი ადგება და თავად წაიკითხავს, არ უნდა გვქონდეს და უნდა დავფიქრდეთ, ჩვენ ვუკითხავთ თუ არა ჩვენს შვილებს. რაც უფრო მეტს წავუკითხავთ ჩვენს შვილებს, მით უფრო მეტად გაუჩნდებათ დამოუკიდებლად წაკითხვის სურვილი. რაც შეეხება წერას, ძალიან ხშირად ბავშვს სურს, რომ გამოტოვოს სამკუთხედი, წრე და მშობლებიც ფიქრობენ, რომ პირდაპირ დააწყებინონ ასოებით, მაგრამ უმნიშვნელოვანესია, სამკუთხედები, წრეები, ოთხკუთხედები, როგორც ელემენტები, ისე შეითვისოს ბავშვმა.
ნინო ჭუმბურიძე :
- გარდა ამისა, შეიძლება მოზაიკა გადავიტანოთ ფურცელზე და ჩავრთოთ იმავე თამაშში. ცომისგან უკვე გამზადებულ ციფრებში მოზაიკა ჩავამაგროთ, ბავშვი ასე ძალის მართვას სწავლობს. ეს მნიშვნელოვანია კალმის ხელში დაჭერისას. რუბიკის კუბიკი ძალიან კარგია ხელის ნატიფი მოძრაობების განვითარებისთვის. გამოვიყენოთ დიდი ზომის ცარცები. ხშირ შემთხვევაში, სკოლაში ბავშვებს დაფასთან გასვლა არ უყვართ იმის გამო, რომ ცარცის დაჭერა უჭირთ. სკოლის მასწავლებლებს წავახალისებ და ვეტყვი, რომ გამოიყენონ დიდი ზომის ცარცი. ხელის გამშრალება დაგეხმარებათ ორი ხელის შეთანხმებულ მოძრაობასა და ძალის მართვაში. მაშინ, როდესაც ბავშვს კალამზე სამთითა ჩაჭიდება უჭირს, ხელსახოცისგან პატარა ბურთულას გავაკეთებთ, ავუხსნით, რომ ორი თითით უნდა დაიჭიროს ხელსახოცი და სამი თითით დაიჭიროს კალამი. ეს ხერხი ძალიან ამართლებს. იმისთვის, რომ ხელის სწორ პოზიციას შევუწყოთ ხელი, ძალიან აქტიურად ვიყენებთ დახრილ კუთხეს. დაახლოებით 20 გრადუსი უნდა იყოს. ამისთვის გამოვიყენებთ საქაღალდეს. ბავშვი მაგიდაზე დააყრდნობს ხელს და დაქანებულ ზედაპირზე რაღაცებს დაწერს. ზოგჯერ ბავშვები კალამს ძალიან აჭერენ ფურცელს და ვერ აკონტროლებენ ძალას. დახრილ ზედაპირზე წერისას ძალა გადანაწილებულია და ბავშვს აღარ სჭირდება ფურცელზე ძლიერად დაჭერა. ამ ხერხს მივმართავთ დასაწყისში და მერე ნელ-ნელა უნდა მივაჩვიოთ სწორ ზედაპირზე სწორად წერას. წერა-კითხვის სწავლების პროცესში აქტიურად ვიყენებთ სხვადასხვა პროდუქტს, მაგალითად წიწიბურასა და ბრინჯს. ვიდრე წერას დაიწყებს, მოხატოს ფიგურები პროდუქტებზე. წიწიბურა და ბრინჯი ჩავუყაროთ სხვადასხვა მუყაოს ან ხის ყუთში და ვთხოვთ, რომ წრე თითით გააკეთოს ან სხვა ფიგურა მოხატოს. ასევე, ერთჯერად თეფშს შეიძლება ანბანის ასოები დავაწეროთ, გამოვიყენოთ სარეცხის სარჭი, დავაწეროთ სარჭებს თითო ასო სიტყვის შესადგენად და ერთჯერად თეფშს იმ ასოს გასწვრივ დავამაგროთ შესაბამისი სარჭი. წერისთვის მაკრატლით გამოჭრაც ძალიან სასარგებლოა და მშობლებმა შვილებს მაკრატლის დაჭერა არ უნდა დაუშალონ.