- გამომძიებელმა ტელეფონით ამიხსნა და გვითხრა, რომ ბავშვის ექსპერტიზის დასკვნა მოვიდა. ვიცით, რომ ქათმის ბულიონით მოვიწამლეთ. ბავშვმა ნაყიდი ქათმით მიიღო ინტოქსიკაცია, ტოქსიკური ნივთიერება იყო, რამაც გამოიწვია სასუნთქი გზების ჩაკეტვა და გულის გაჩერება. როცა ეს უბედურება მოხდა, მე, ჩემი მეუღლეც და სამი წლის ბავშვიც მოვიწამლეთ. ჩვენ კატასტროფის ბრიგადამ თბილისში გადმოგვიყვანა. ჯერ კიდევ მიდის გამოძიება. ჩვენი ექსპერტიზის პასუხები არ არის მოსული. ბავშვის ექსპერტიზის პასუხები კი მოვიდა.
ჩვენ დავუკავშირდით საქმის გამომძიებელს. მან კომენტარის გაკეთება არ ისურვა.
შეგახსენებთ, რომ დაახლოებით ორ თვის წინ ყვარლის მუნიციპალიტეტში 11 თვის ჩვილი რეფერალურ საავადმყოფოში მიყვანიდან 2 საათში გარდაიცვალა. ოჯახის წევრები ბავშვის გარდაცვალების მიზეზად ქათმის ხორცით მომზადებული წვნიანით მოწამვლას ასახელებდნენ.
გამყრელიძეები განმარტავდნენ, რომ მომზადებამდე პროდუქტის ვარგისიანობა შეამოწმეს, თუმცა წარწერის მიუხედავად, ქათამი ძველი იყო და მოწამვლაც სწორედ ამან გამოიწვია.
მომხდარ ფაქტზე დაინიშნა როგორც კვების, ასევე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სხვისი სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობს.