ზაფხულის ცხელ დღეებში, როგორც წესი, მშობლებს შვილები ქალაქიდან გაჰყავთ. თუმცა ყველას არ აქვს საშუალება ბავშვები, თუნდაც რამდენიმე დღით, მოწყვიტოს ხმაურიან ქალაქს და სადმე სიგრილეში, მშვიდ ადგილზე წაიყვანოს. რა აკლდება ბავშვის ორგანიზმს, როცა ქალაქიდან ვერ გაჰყავთ და რით შეიძლება მშობელმა ეს დანაკლისი აუნაზღაუროს - ამ და სხვა საინტერესო კითხვებს პედიატრი ცოტნე ბესელია პასუხობს:
- რა თქმა უნდა, არასასურველია, როცა ბავშვი ვერ იცვლის გარემოს და არ აქვს ბუნებასთან მჭიდრო კავშირი. საფრთხეა თუნდაც ის, რომ მას ბუნებასთან კონტაქტი არ ექნება და ვერ შეიგრძნობს მას. ეს ბავშვის განვითარებას დადებითად არ წაადგება. არ განუვითარდება შეგრძნებები, ვერ მოექცევა შთაბეჭდილებების ქვეშ. თავისუფლად ვერ იქნება, სოფლად სხვა ბარიერებია, ის უნდა გადალახოს, აძვრეს ხეებზე, აირბინოს გორაკზე. ქალაქში ამის საშუალება არ არის. ფსიქომოტორულ განვითარებას სოფელი ძალიან კარგად უწყობს ხელს. გასაგებია, რომ ყველა სოფლად ვერ იცხოვრებს, მაგრამ ოჯახს იმის საშუალება მაინც უნდა ჰქონდეს, რომ წელიწადში რამდენიმე ხნით ბავშვი სოფლად წაიყვანოს, რომ მან ეს ყველაფერი განიცადოს და განვითარდეს. სხვა გარემოებებიც არსებობს, მაგალითად, სუფთა ჰაერზე ყოფნა. დიდ ქალაქებში ჰაერი უფრო დაბინძურებულია, ვიდრე სოფლად. ქალაქში ზაფხულისთვის დამახასიათებელი საშიშროებებიც არის. შეიძლება ბავშვი დაისიცხოს და გამოშრეს. ამიტომ, ვინც რჩება ქალაქში და ვერ ახერხებს ბავშვის სოფელში გაყვანას, აუცილებლად ყურადღებით უნდა იყოს. მისცეს ბავშვს დიდი რაოდენობით წყალი და არ გაიყვანოს გარეთბ შუადღის საათებში. დილით ადრე ან საღამოს აუცილებლად გაასეირნეთ ბავშვები. თუმცა, საღამოს გასეირნება სხვანაირად ესმით და გვიან ღამით გაჰყავთ ხოლმე პატარები გარეთ. ეს დაუშვებელია იმიტომ, რომ ზაფხულში დაბინდებისას აქტიურდებიან მწერები, რომლებმაც შეიძლება გარკვეული დაავადება შეჰყარონ მას. ბევრი დაავადება სწორედ მწერების ნაკბენით გადადის.
- რა არის თქვენი რეკომენდაცია იმ მშობლებისათვის, რომლებსაც ვერ გაჰყავთ შვილები ქალაქიდან. როგორ შეიძლება შეუვსონ დანაკლისი?
- დაიცვან უსაფრთხოების წესები, რომ ბავშვი არ გადახურდეს. მაქსიმალურად მოარიდონ მწერებს და უფრო მეტი ფიზიკური აქტივობით დატვირთონ. ზაფხული ამის საშუალებას იძლევა. შეუძლიათ პარკში წაიყვანონ, ჩართონ სპორტულ აქტივობებში, ატარონ საცურაო აუზზე.
- რას ფიქრობთ იმუნიტეტის გასაძლიერებელი მედიკამენტების მიღებასა და ხალხურ მეთოდებზე, რომლებსაც ამ მიზნით იყენებენ.
- ბავშვებში ყველაზე მეტად გვაინტერესებს ინფექციური დაავადებებისადმი მდგრადობა, რომ ნაკლებად იავადმყოფოს და არ გაურთულდეს. აბის სახით, ასეთი საშუალება, რომ დავალევინოთ ბავშვს და აღარ იავადმყოფოს, არ არსებობს. წამალი ორ მნიშვნელოვან რაღაცას უნდა აკმაყოფილებდეს: უნდა იყოს ეფექტური და უსაფრთხო. თუ ამ ორ ძირითად კრიტერიუმს ვერ აკმაყოფილებს, ის წამალი არ არის. ეს რომ მეცნიერულად დადასტურდეს, ამისთვის საჭიროა დიდი დრო და ბევრი ფული. მაღალგანვითარებულ ქვეყნებს ამის შესაძლებლობები აქვთ და ისინი ატარებენ გამოკვლევებს და წლების შემდეგ გარკვეულ ნივთიერებებს არქმევენ წამალს, ზოგიერთს - არა. ასე რომ, წამალი იმუნიტეტის გასაძლიერებლად არ არსებობს, ჯერ არ გამოუგონიათ. აუცილებელია სწორად შეხედო ამ საკითხს და შეაფასო, სჭირდება თუ არა ბავშვს იმუნიტეტის გაძლიერება. ის, რომ ბავშვობის ასაკს ხშირი ინფექციური დაავადება ახასიათებს, ეს არის აბსოლუტურად ნორმა. სკოლამდელ ასაკს უფრო ხშირად, სასკოლო ასაკს უფრო ნაკლებად. რატომ? - იმიტომ, რომ ასაკის მატებასთან ერთად, იმუნური სისტემა თავად იძენს გამოცდილებას. იმუნურ სისტემას მეხსიერება გააჩნია. ის იმახსოვრებს ყველა იმ მიკრობს, რომელთანაც აქვს შეხება და შემდეგ ამ მეხსიერებას იყენებს სასიკეთოდ. ასე რომ, ხშირი ავადმყოფობები ადრეულ ასაკში, სულაც არ საჭიროებს ამგვარ ჩარევას. უბრალოდ, უნდა მივაქციოთ ყურადღება, ხშირი ინფექციური დაავადებები ხშირადვე რთულდება თუ არა. თუ ხშირად რთულდება, ამასაც თავისი კრიტერიუმები აქვს, რა ითვლება გართულებად, მერე უკვე უნდა დასვან დიაგნოზი და დაიწყონ შესაბამისი მკურნალობა. რაც შეეხება ხალხურ მეთოდებს, თუ ამ მეთოდებს ახასიათებს გაკაჟება, სწორი კვება, დასვენებასა და ძილის რეჟიმის მოწესრიგება, მაშინ მისაღებია. ადამიანმა უნდა დაიძინოს ადრე და გაიღვიძოს ადრე. ჩვენი წინაპრები სისხამ დილით წამოდგებოდნენ, მთელი დღე შრომობდნენ და რომ დაბინდდებოდა, ადრე იძინებდნენ. ამას თავისი დატვირთვა აქვს იმიტომ, რომ ადამიანის ორგანიზმი ასეა მოწყობილი, რომ უნდა გამოიძინოს. ბავშვებს საამისოდ არაფერი უშლის ხელს და უნდა დავარეგულიროთ. აუცილებელია ჯანსაღი საკვები. უნდა გავაკონტროლოთ რამდენი ცილა, ნახშირწყალი, ცხიმი უნდა მიიღოს მან დღის განმავლობაში. მნიშვნელოვანია პირადი ჰიგიენის დაცვაც. გარდა ამისა, ძალიან საყურადღებოა გარემო, რომელშიც ის იზრდება. აუცილებელია სიმშვიდე ბავშვის გარშემო. დაძაბულობა, არასტაბილურობა, უარყოფითი მუხტი ძალიან ცუდ გვლენას ახდენს მასზე. ბულინგზე რომ არის ერთი ამბავი ატეხილი და უკვირთ, რატომ ძალადობენ ბავშვები ასე ხშირად ერთმანეთზე, უნდა დავუფიქრდეთ, რამ გამოიწვია ეს. უფროსებმა და ძალადობრივმა გარემომ გადარია ეს ბავშვები. რასაც უყურებს, იმას იმეორებს. როგორც უფროსი იქცევა, ისე იქცევა. ძალადობრივი გარემო და დაზიანებული ფსიქიკა იმუნურ სისტემას ნორმალურად მუშაობის უფლებას მისცემს? რა თქმა უნდა, არა. ერთად ძალიან ბევრი ფაქტორია და ყველაფერი გასათვალისწინებელია, როდესაც ბავშის იმუნური სისტემის მუშაობაზე ვსაუბრობთ.
- წყალი, როგორც აღნიშნეთ, ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელია ბავშვის ორგანიზმისთვის. რა უნდა გაითვალისწინონ იმ მშობლებმა, რომლებსაც ბავშვები კურორტზე მიჰყავთ დასასვენებლად, უნდა მისცნენ ბოთლის წყალი, გადადუღებული თუ ბუნებრივი ჭის?
-ჭის წყალი არ უნდა დავალევინოთ იმიტომ, რომ ის შეიძლება დაბინძურებული იყოს. მას სჭირდება ბევრჯერ შემოწმება. ასეთი სიხშირით კი მას ვერავინ ამოწმებს. ონკანის წყლის შემთხვევაშიც, გასათვალისწინებელია შემადგენლობა. ჩვენ ვიცით სტაბილურად, რა შემადგენლობის არის ონკანის წყალი? ვინმემ გვითხრა და გარანტია მოგვცა, რომ სუფთა და უსფრთხოა? - არავინ. რახან ამის გარანტიას ვერავინ გვაძლევს, მოსახლეობა ცდილობს, რომ ბოთლის წყალი გამოიყენოს. იმიტომ, რომ იქ მითითებული მაინც არის, რა შემადგენლობაა და ასევე სტერილურია.
- რა ასაკიდან უნდა მივცეთ ბავშვებს ონკანის წყალი და რა როლი აქვს გადადუღებულ წყალს?
- 6 თვემდე ანადუღარ წყალს ვიყენებთ. თუ ხელოვნურ კვებაზეა, საკვებსაც ხომ ანადუღარი წყლით ვუმზადებთ, შესაბამისად, წყალიც ამ ფორმით უნდა მივაწოდოთ. შეიძლება ვინმე შემედავოს, რომ ადუღდება, ის ხომ მინერალებს დაკარგავსო, მაგრამ 6 თვემდე, თუ ბავშვი ხელოვნურ კვებაზეა, იმ ხელოვნურ ნარევში არის ყველაფერი დამატებული. ანადუღარ წყალს რომ გამოიყენებ, ყველაფერი ერთად მოიყრის თავს და ბავშვს არაფერი დააკლდება. 6 თვის შემდეგ, როდესაც ის აღარ გამოიყენებს ხელოვნურ რძეს და გადადის ჩვეულებრივ კვებაზე, ისევე, როგორც ზრდასრული ადამიანები, მან უნდა დაიწყოს სასმელი წყლის გამოყენება. შეიძლება გამოიყენოთ როგორც ონკანის წყალი, ისე ბოთლის წყალი. ონკანის წყალთან დაკავშირებით კიდევ მნიშვნელოვანია ქლორირება. ქლორს ისინი იმისთვის იყენებენ, რომ სასმელ წყალში ბაქტერიები მოსპონ. მაგრამ, აქაც მნიშვნელოვანია, რა რაოდენობით გამოიყენებენ. თავს იცავენ და ქლორს დიდი რაოდენობით იყენებენ იმიტომ, რომ არ დარჩეს არავითარი ბაქტერია, მაგრამ დიდი რაოდენობით სასმელ წყალში ქლორი ჯანმრთელობისთვის ხომ მავნებელია. ყველაფერს თავისი წესი და რიგი აქვს. ამ კონცენტრაციითაა საკმარისი, რომ ბაქტერია არ დარჩეს, მაგრამ ეს ქლორის კონცენტრაცია სასმელ წყალში არის თუ არა აუცილებელი, ამას არავინ ამოწმებს. ასევე უნდა მოწმდებოდეს, სასმელ წყალში რა რაოდენობითაა მინერალები და ეს ინფორმაცია მოსახლეობას უნდა მიეწოდებოდეს. რომ ავიღებთ ონკანიდან წყალს და თეთრად შუშხუნებს, თითქოს გაზირებულია, ხომ გიჩნდებათ კითხვა, რატომ? - იმიტომ, რომ ქლორია შიგნით. ამიტომ, უნდა დადგეს ის დაახლოებით 2-3 საათის განმავლობაში თავღია ჭურჭელში, რომ ამოვიდეს ქლორი და მერე შეიძლება გამოვიყენოთ. ასე უნდა გამოვიყენოთ ზრდასრულებმაც.
თამარ იაკობაშვილი