მშობლის ხმას, რომელიც ძილის წინ შვილს ზღაპარს უკითხავს, ვერცერთი მულტფილმი ვერ შეცვლის. ეს განსაკუთრებული კონტაქტია და ამაზე ფსიქლოგებმა დიდი ხნის წინ გამოთქვეს საკუთარი აზრი. თუნდაც 15 წუთით, ძილის წინ წიგნის კითხვა ბავშვს თავდაჯერებულობას მატებს, ფანტაზიას უღვიძებს და პატარ-პატარა დაბრკოლებების გადალახვაშიც ეხმარება. ამიტომ, ცოტა დროს და მონდომებას როდი მოითხოვს ძილის წინ წასაკითხი წიგნის შერჩევა.
წარმოგიდგენთ რამდენიმე ვარიანტს, რომელიც, ვფიქრობთ, თქვენ და თქვენს პატარებს ძილისწინა საღამოებს ნამდვილად გაგილამაზებთ.
ალექსანდრე ლორთქიფანიძე - "იავნანა ლილისთვის"
წიგნი ერთი ჩვეულებრივი ოჯახის ცხოვრებაზე მოგვითხრობს, ოჯახის, სადაც დედა და მამა თანაბრად ინაწილებენ შვილების აღზრდის პასუხისმგებლობასა და საოჯახო საქმეებს, სადაც უახლოესი ადამიანები ერთმანეთზე ყოველდღიურად ზრუნავენ და სადაც ჰარმონია ურთიერთგაგებით, საერთო გამოწვევებისა და პრობლემების გააზრებითა და მათი გადაჭრის გზების ერთობლივად ძიებით მიიღწევა.
"ეს არის ჯადოსნური ამბავი მამაშვილობაზე, ოჯახზე, ზრუნვასა და სიყვარულზე, რომელიც კიდევ ერთხელ დაგარწმუნებთ, რომ ბედნიერებისა და ჰარმონიისკენ მიმავალი გზა თანასწორობაზე გადის." - ამბობს მწერალი სალომე ბენიძე ალექსანდრე ლორთქიფანიძის წიგნზე "იავნანა ლილისთვის".
ანტონ ჩეხოვი - "კაშტანკა"
"კაშტანკა" პროექტის - "კლასიკოსები ბავშვებისთვის" ფარგლებში გამოიცა. დიახ, კლასიკოსები ხომ ბავშვებისთვისაც წერდნენ. წიგნი ილუსტრირებულია და მაქსიმალურად არის მორგებული პატარა მკითხველის გემოვნებასა და ინტერესს. ამ დიდი კლასიკოსის თხრობის უშუალო მანერა, მისი კეთილი და გულისხმიერი სამყარო სრულიად ახალ კარს გაუღებს ბავშვს წიგნის სამყაროში. ჩეხოვი ხომ მოთხრობების უბადლო ოსტატად ითვლება.
ალექსანდრე დიუმა - "ჯადოსნური სალამური და სხვა ზღაპრები"
დიუმას საბავშვო ნაწარმოებების არსებობაზე წარმოდგენა არ ჰქონდათ ისეთ ადამიანებსაც კი, რომლებიც სხვებზე უკეთ იცნობენ მის შემოქმედებას. წიგნი ოთხ ზღაპარს აერთიანებს, რომელთა მოსმენაც ძილის წინ პატარებისთვის სასიამოვნოც იქნება და ნამდვილი საზრდოც ფანტაზიის გასაღვივებლად. მოგვიანებით მის საქვეყნოდ ცნობილ ნაწარმოებებსაც უფრო ადვილად დაუმეგობრდებიან და შეიყვარებენ.
"ჩემი პირველი ზღაპრები" და "მომიყევი ზღაპარი"
ბავშვებისთვის ზღაპრები საკმარისი არასოდესაა! ეს ორი კრებული პატარა მკითხველს უამრავ უჩვეულო ამბავს, საინტერესო გმირებთან დამეგობრების შესაძლებლობასა და მათთან ერთად დაუვიწყარ თავგადასავალს ჰპირდება. წაუკითხეთ ბავშვებს ძილის წინ და მათთან ერთად აღმოაჩინეთ კლასიკური ზღაპრების სიდიადე.
ყველა ჩამოთვლილი წიგნი მხოლოდ საკითხავი ლიტერატურა არ გახლავთ. თითოეული მათგანი ილუსტრირებული და მაღალი ხარისხის გამოცემებია. ასე რომ, პატარები მხოლოდ საინტერესო ამბებს კი არ მოუსმენენ, ნახატებსაც დაათვალიერებენ, ილუსტრაციები ახალ სამყაროს გაუხსნის მათ.