მთელი ღამე ვტიროდი, რომ გავიგე, სოფელში ჩემი მშობლების სახლის გაყიდვა დააპირეს. ყველა წუთმა თვალწინ გადამირბინა, გამახსენდა, რამდენს შრომობოდნენ დედა და მამა, რომ ჩვენ გავეზარდეთ, როგორ უვლიდნენ ეზოს, ბოსტანს. რომ წარმოვიდგინე, ჩვენს სახლში აღარ მიმესვლებოდა და იქ სხვებს უნდა ეცხოვრათ, ლამის გავგიჟდი, დავურეკე ჩემს ძმას და ვუთხარი, სახლი არ გაყიდოთ, ფულს მე გამოგიგზავნით-მეთქი. მანამდე ყოველთვიურად რასაც ვუგზავნიდი, იმაზე ორჯერ მეტს ვურიცხავდი. ტყავიდან ვძვრებოდი, ოღონდ მშობლების სახლი შემენარჩუნებინა. მითხრეს, არ გავყიდითო და მეც მშვიდად ვიყავი ორი წელი, სანამ ბიძაშვილმა არ დამირეკა, სახლს ყიდიან და მყიდველებიც გამოჩდნენო. თურმე უკვე გაუყიდიათ...
ისეთი შეგრძნება მქონდა, მიწა ჩამომეშალა ფეხქვეშ. გონს რომ მოვედი, დავუკავშირდი ვინც იყიდა იმ ოჯახს, ვეხვეწე და ვემუდარე, ორჯერ მეტს გადაგიხდით, ოღონდ სახლი დამიბრუნეთ-თქო. ისე იაფად ჰქონდათ ნაყიდი - 10 000 დოლარად, მოეწონათ შეთავაზება და 20 000 დოლარად დავიბრუნე ჩემი სახლი, დავიბრუნე ჩემი ბავშვობა და ასე მგონია, ამაზე დიდ სიკეთეს ჩემი გარდაცვლილი მშობლებისთვის ვერაფერს გავაკეთებდი. რაც დანაზოგი მქონდა, ყველაფერი დავხარჯე, თუმცა ამად ღირდა... წელს ჩამოვედი თუ არა საბერძნეთიდან, სოფელში წავედი და გიჟივით მოვირბინე მთელი კუთხე-კუნჭული. ბოლო 10 წლის მანძილზე ასე ბედნიერად არსად დამიძინია. გული მხოლოდ იმაზე მწყდება, რომ დაუფიქრებლდა მოიქცნენ, გაყიდეს სახლი და ქირით ცხოვრება არჩიეს ქალაქში. ახლა კიდევ ჩემზე ბრაზობენ, გათხოვილი არ არის და ვისთვის უნდა ეგ სახლი, ძმისშვილებს დაუბრუნოსო... ასეთი დამოკიდებულებით, კიდევ უფრო ამიცრუვდა გული ჩემს ძმაზე და რძალზე...