სამწუხაროდ, სოხუმის დაცემიდან 25-ე წლისთავზეც აფხაზეთის თემას მხოლოდ მოგონებებით ვაცოცხლებთ. ჩვენმა ერთ-ერთმა რესპონდენტმა, ქორეოგრაფმა და ანსამბლ "თოლიგეს" ხემძღვანელმა დიანა ბლიაძემ გაიხსენა, როგორ გამართეს ომის ქარცეცხლში გახვეულ სოხუმში გასტროლები ანსამბლ "მამულის" წევრებმა. მაშინ დიანაც ამ ანსამბლის წევრი იყო და მისი მეუღლეც, ასევე მოცეკვავე დავით ფრიდონიშვილი. გასტროლებიდან რამდენიმე თვეში კი სოხუმი დაეცა.
დიანა ბლიაძე:
- ანსამბლი "მამული", რომლის სოლისტიც გახლდით, თავდაცვის სამინისტროსთან არსებული ქორეოგრაფიული კოლექტივი იყო. ჩვენ სამხედრო წოდებაც გვქონდა, მე და ჩემი ქმარი აფხაზეთის ომის ვეტერანებიც ვართ. სოხუმის დაცემამდე ანსამბლმა "მამულმა" იქ ბოლო გასტროლები გამართა. სამხედრო ავტობუსით ჩავედით. დღისით ვცეკვავდით და ღამით დაბომბვას ვემალებოდით. დაბომბვის დაწყებისთანავე კოსტუმებს ვეცემოდით და ხოხვით მიგვქონდა სანგარში "გადასარჩენად". ეს კონცერტები ჩვენი მეომრების საბრძოლო სულისკვეთების ასამაღლებლად ტარდებოდა. მაშინდელი ჩვენი მაყურებლების უმრავლესობა დღეს ცოცხალი აღარაა, ომს შეეწირენ ის ბიჭები, რომლებმაც დანგრეულ სოხუმში გოგონებს თაიგულები დაგვახვედრეს. დღემდე მიკვირს, სად იშოვეს ან როგორ ააწყვეს, ამას ხომ ვერასოდეს დავივიწყებ... 19 წლის ვიყავი მაშინ, დათო - 20-ის, ახალი დაქორწინებულები გახლდით... მოცეკვავეების ოჯახების უმრავლესობამ მხოლოდ დაბრუნების მერე შეიტყვეს, მათი შვილები გაგანია ომში რომ სოხუმში ცეკვავდნენ. დანგრეული სოხუმი ჩემი თვალით ვნახე, მაგრამ ვიცი, ის ისეთი "ჩვენია", რომ გენეტიკური კოდი თავისას იზამს და კიდევ დავიბრუნებთ მას. ჩემი მოწაფეები აუცილებლად ჩავლენ და იცეკვებენ სოხუმში.
მოცეკვავის ცხოვრებამ ბევრი სიძნელეც გვანახა და კარგიც. მაგრამ გვიყვარდა ჩვენი საქმე და არ ვეშვებოდით. რთული ცხოვრება გვქონდა, მაგრამ ბედნიერებაა მაინც, ახალგაზრდა რომ ხარ და ყველაფერი შეგიძლია.
რატომ არ უნდა მიიყვანოთ სკოლამდელი ასაკის ბავშვი ცეკვაზე და რა უნდა იცოდეთ, თუ ბავშვი ცეკვაზე დადის - აუცილებელი რჩევები გამოცდილი მასწავლებლისგან
ვინ არის 7 წლის ბიჭი, რომლის ცეკვამ სოციალური ქსელი აღაფრთოვანა და რას ამბობს მისი პედაგოგი