ეს 18 წლის ელენე კაპანაძის ფეისბუქპოსტია, რომელიც ალბათ ბევრს დააფიქრებს:
"ამ პოსტის დაწერის მიზანი არ არის ის, რომ ვინმეს შევეცოდო(თ).... ან მე ან ამ პოსტის მთავარი "გმირი"... ვწერ იმიტომ, რომ... თქვენ მოუყვეთ... ან თავად ნახონ "ასეთმა" ადამიანებმა... ის, რაც ვიღაცისთვის სასიკვდილო განაჩენი და სირცხვილია, შეიძლება სხვისთვის ცხოვრების ნაწილი იყოს...
ხო... ცოტა ხნის წინ, ერთმა ადამიანმა (არ მიცნობდა "კარგად") ჩემი თანდასწრებით განიხილა, როგორი რძალი უნდა "შემოიყვანოს" ოჯახში... კარგად უნდა გაიკითხო, იქნებ ვინმე "კიბოიანი" ჰყავს ოჯახში, ეგეთი "რათ ვარგია", ვის რად უნდაო... და ალბათ ამ სიტყვებმა კიდევ უფრო "შთამაგონა" ამ პოსტის დაწერაც ..
...ოჯახში ძალიან იშვიათი, შორეული და მტკივნეული საუბრებიდან ერთი დასკვნა გამომქონდა მხოლოდ - დედა ავად იყო ოდესღაც (დროის დადგენა არც მიცდია მაშინ). ისიც ვიცოდი, რომ გაციებასა და გრიპზე უფრო რთული რაღაც იყო... სწორედაც ამ გაუაზრებლობის ასაკიდან შემომეხვია სხეულზე ეს დაავადება (ჯერჯერობით ასე მოვიხსენიებ) ან პირიქით, აჩრდილივით ამეკიდა უკან იქამდე, სანამ საბოლოოდ არ დამიმეგობრდა. ხო... ისეთივე აჩრდილივით, როგორიც კარადაში, ყველაზე მაღალ თაროზე შემოდებული პარიკი გახლდათ, რომელიც ცოტა რომ წამოვიზარდე, ჩემი საყვარელი სათამაშოს როლს ასრულებდა (ეს კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია ჩვენი მეგობრობის გზაზე) .
წლების მანძილზე არც ერთი კითხვა არ დამისვამს...
არც მაშინ, როცა უკვე 2 წლის წინ, სახლში მისულს, დედას მაისურის ჭრილიდან თეთრი სახვევი ბრილიანტის ყელსაბამივით მობჯენოდა. მაშინ მხოლოდ მე შემეშინდა... მის მაგივრად...
ისევ... ყველანაირი კითხვის გარეშე, მეორე დღეს საავადმყოფოში ცივ სკამზე ვისხედით და რაღაც პასუხს ველოდებოდით. პასუხი ყველამ იცით... სწორედ აქ დაიბადა ჩვენი ლამაზი, ტანადი და ღირსეული მეგზური... ჩემი, ჩვენი მეგობარი... ამ ჩვენმა ახალმა ოჯახის წევრმა თითქოს ყველაფერი წინასწარ იცოდა, სად და როგორ იყო... აი ისე, უძღები შვილი რომ უბრუნდება საკუთარ სახლს და კერას. მეც, რა თქმა უნდა, მივიღე დიდი სიყვარულით, დედას სხეულში ჩასახლებული ახალი "სიცოცხლე", ჩემი საუკეთესო მეგობარი...
გავიდა დრო...
ნელ-ნელა დავემშვიდობეთ საავადმყოფოს ყოველდიურობას, სახლში წამოვაბრძანეთ "განელებული" ჩემი მეგობარი... იმდენად დავუბრუნდით ჩვეულ რიტმს, რომ ხანდახან წარმოვიდგენდი, თითქოს ჩვენი ცხოვრების ეს ეპიზოდი საერთოდაც არ ყოფილა...
გავიდა 2 წელი... ვარ ასე "გალაღებული" იმის ფიქრით, რომ უკვე ყველაფერი კარგადაა... ზაფხულია...
ჩვეულებრივ, რიგით შემოწმებაზე მიდიოდა დედა... ჰოდა დავურეკე, რომ მეკითხა, როგორ ჩაიარა პროცედურამ...
პასუხი?
იცით, რა ?! უახლოესი მეგობრები არასოდეს გვტოვებენ!! დიახ, იგივე დიაგნოზი.... მესამედ... აი ახლა, ამ წუთას, ამ წამს... ისევ...
და იცით რა?!
...დედაჩემი ასეთი აქტიური, ლამაზი და სიცოცხლით სავსე არასდროს მინახავს, როგორიც ახლაა..
მე მიყვარს ქუჩაში ამაყად მოსიარულე თმაგაცვენილი, თავშალშემოკრული, ნაჩქარევად დაფარებულპარიკიანი ქალები...
ამ წლების მანძილზე ვნახე უამრავი "ასეთი" ქალი...
ისინი სხედან საავადმყოფოს ცივ სკამებზე... ერთად ხუმრობენ, ტირიან, იცინიან, ყვებიან, იხსენებენ...
ელოდებიან... ეძებენ იმედს... და სიცოცხე ყველაზე... ჩემზე და შენზე მეტად უხარიათ...
თუ ახლა ვინმე დგახართ ამ გზაზე, დამიჯერეთ, დედაჩემის სიტყვებმა "კიბომ რა უნდა მიქნას მე" - მოგვიყვანა აქამდე... საკუთარი თავის რწმენა ყველაზე უიმედო სიტუაციებშიც კი გიხსნით ყველაფრისგან...
თქვენ ყველაზე ლამაზი, ძლიერი, ამაყი, მებრძოლი და გმირი ქალების რიცხვში ხართ...
არასდროს "იგლოვოთ", უბრალოდ იამაყეთ საკუთარი თავით...
მოკვეთილი მკერდი ის იარლიყია, რომლის ტარებაც მხოლოდ იშვიათ ქალებს შეუძლიათ.
და დიახ... ჩვენ მესამედაც ჩავუდგებით ჩვეული ცხოვრების რიტმს... მე მართლა მჯერა ამის...
პ.ს. თუ გამხნევება არ შეგიძლიათ, არ არის ეგ დანაშაული... მაგრამ, გთხოვთ, არასდროს არავის შეხედოთ სიბრალულის და ფარსი ნუგეშის სახით... და რაც არ უნდა იყოს, არასდროს მოიხსენიოთ სხვისი ცხოვრების ნაწილი დაუდევრად და აგდებულად...
პ.პ.ს თუ ვინმეს ცოტათი მაინც "წაეხმარება" ჩემ მიერ ამ საკითხის "გასაჯაროება", ძალიან ბედნიერი ვიქნები ამით..."
"სიკვდილი მოვკალი, ადამიანებო" - რას წერს ახალგაზრდა ქართველი ქალი, რომელმაც სიმსივნე დაამრცხა