საქართველო ერთიანი ევროპული სამეცნიერო სივრცის, EURAXESS-ის წევრი ქვეყანა გახდა. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის შეფასებით, ამით ქართველ მეცნიერებს გზა იმ რესურსებისკენ ეხსნებათ, რომლებითაც ევროკავშირის წევრი ქვეყნები სარგებლობენ.
”ორი კვირის წინ, ბრიუსელში, ხელი მოეწერა უმნიშვნელოვანეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, საქართველო ერთიანი ევროპული სამეცნიერო სივრცის Euraxess-ის წევრი გახდა. ეს გულისხმობს იმას, რომ ქართველ მეცნიერებს ეხსნებათ გზა იმ რესურსებზე, რომლითაც სარგებლობენ ევროკავშირის წევრი ქვეყნები.
მათთვის ხელმისაწვდომი ხდება უმსხვილესი ევროპული ფონდები. ქართველ მეცნიერებს გაუჩნდათ შესაძლებლობა ითანამშრომლონ სხვადასხვა ევროპულ ინსტიტუციებთან, განახორციელონ ერთობლივი პროექტები. დღეს გვქონდა უმნიშვნელოვანესი შეხვედრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებთან, რომელთაც გავაცანით ყველა ის შესაძლებლობა, რაც EURAXESS-ში გაწევრიანებით თითოეული მათგანს გაუჩნდება”, - ამბობს მიხეილ ბატიაშვილი.
შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის ხელმძღვანელის, ზვიად გაბისონიას, თქმით, ყოველივეთი სარგებლობა აფხაზ მეცნიერებსაც შეეძლებათ.
”ერთი კვირის წინ დაფუძნდა EURAXESS-ის წარმომადგენლობა საქართველოში - EURAXESS Georgia. ჩვენ ინტენსიური შეხვედრები დავიწყეთ უნივერსიტეტებთან იმისათვის, რომ ქართველ მეცნიერებს პირდაპირი წვდომა ჰქონდეთ EURAXESS-თან, ავუხსნათ ყველა ის ტექნიკური დეტალი, რომლის მეშვეობითაც ისინი შეძლებენ ისარგებლონ ევროკავშირის მიერ გამოყოფილი უზარმაზარი ბიუჯეტით - თქვენ იცით, რომ ჯამური ბიუჯეტი დაახლოებით ასი მილიარდია და EURAXESS -ის პლათფორმაზე დღეს მიმდინარე კონკურსების ბიუჯეტი დაახლოებით ორი მილიარდ ევროს შეადგენს.
პასიურ რეჟიმში დარეგისტრირება დღეიდან უკვე შესაძლებელია, ხოლო იანვრიდან ამოქმედდება ახალი ვებ-გვერდი - EURAXESS Georgia, რაც მეცნიერებს საშუალებას მისცემთ ქართულ, ინგლისურ და აფხაზურ ენებზე მონაწილეობა მიიღონ კონკურსებში. აფხაზ მეცნიერებს, კონკურსში მონაწილეობის მიღება საქართველოს დროშის ქვეშ შეეძლებათ”, - ამბობს ზვიად გაბისონია.
საქართველო ევროკავშირის კვლევებისა და ინოვაციების სახელმწიფოთაშორისი ორგანიზაცია EURAXESS-ის წევრი ოფიციალურად მიმდინარე წლის 24 სექტემბერს გახდა. შესაბამის დოკუმენტს ხელი ბრიუსელში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა, შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორმა ზვიად გაბისონიამ და ევროპული კომისიის კვლევებისა და ინოვაციების გენერალური დირექტორის მოადგილემ, პატრიკ ჩაილდმა მოაწერეს.