მოზარდებს შორის გახშირებულმა სუიციდის ფაქტებმა ყველა ააფორიაქა. განსაკუთრებით მტკივნეულია ეს თემა მშობლებისთვის, რომლებსაც თავადაც ძალიან უჭირთ შვილების ასაკობრივ პრობლემებთან ჭიდილი და შიშით შეჰყურებენ გაღიზიანებულ შვილებს.
შევეცადეთ ეს თემა მშობლებთან, მასწავლებელთან და სახელმწიფოს ოფიციალურ წარმომადგენლებთან ერთად გაგვეანალიზებინა. დაგვეთანხმებით, რომ რაც უფრო მეტს ვიფიქრებთ ამ თემაზე, უფრო მომზადებული შევხვდებით პრობლემებსაც.
ნათია, 13 წლის მოზარდის დედა - ვცდილობ ,მოვარიდო ჩემს შვილს მორიგი სუიციდის შესახებ ინფორმაციის გაგება, არ ვიცი, რამდენად გამომდის. რაღაც კუთხით, არის მიმბაძველობის მომენტიც, თითქოს მოდაში შემოვიდა. მეგობრებს, გარემოს, ძალიან დიდი გავლენა აქვს. 13 წლის შვილი მყავს და ახლა გვაქვს ურთულესი პერიოდი. ხანდახან არ ვიცი რა რეაქცია უნდა მქონდეს მის ამა თუ იმ სურვილზე. როცა სასურველს ვერ იღებს, აქვს ხოლმე მუქარის მომენტი, მადლობა ღმერთს, არ მეუბნება თავს მოვიკლავო, მაგრამ მეუბნება, რომ სახლიდან გაიქცევა, რომ საცხოვრებლად მეგობართან გადავა.
მანანა, 16 და 14 წლის მოზარდების დედა - როცა ვიგებ, რომ მოზარდმა თავი მოიკლა, უმძიმესი მოსასმენია როგორც მოქალაქისთვის და როგორც მათი თანატოლების დედისთვის, გინდა თუ არა, შენც გეფიქრება, რომ შეიძლება შენმა შვილმაც გადადგას მსგავსი ნაბიჯი. იცით რა, დღეს ძალიან რთული ცხოვრებაა, მშობლები წასულები ვართ, ვმუშაობთ, ბავშვები კი მარტოები გვყავს, რას აკეთებენ, რით არიან დაკავებულები მთელი დღე, არ ვიცით. საღამოს, სახლში დაღლილები რომ მივდივართ, არაფრის თავი აღარ გვაქვს. პირადი გამოცდილებით გეუბნებით, ერთი წლის წინ სამსახურიდან წამოვედი იმიტომ, რომ შვილებთან ურთიერთობამ ფორმალური სახე მიიღო. ვამჯობინე, რომ რაღაც მომეკლო და შვილების გვერდით ვყოფილიყავი. არ ვიცი, შეიძლება არიან დედები, რომლებიც იდეალურად უთავსებენ ერთმანეთს ყველაფერს, მაგრამ მე ეს ვერ შევძელი, ახლა ვცდილობ, სულ კომუნიკაცია მქონდეს ბავშვებთან, მოვუსმინო მათ, გავუგო, არ ვიცი, ხანდახან ძალიან მიჭირს გაგება, მაგრამ ვცდილობ.
Mshoblebi.ge ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდილ მასწავლებელს ესაუბრა, თუმცა მის ვინაობას ანონიმურად ვტოვებთ. როდესაც პედაგოგს კითხვებით მივმართეთ, გვითხრა, რომ პირველ რიგში, მოსწავლეების აზრის გაგება სურდა ამ საკითხზე. მან მოზარდებს გახშირებული ბულინგისა და სავარაუდო სუიციდის შესახებ ჰკითხა და გვითხრა, რომ საკმაოდ გულწრფელი საუბარი გამოუვიდათ. როგორც პედაგოგი გვიყვება, მოსწავლეები მას გამოუტყდნენ, რომ თავადაც ბულინგის მსხვერპლნი არიან, ზოგი წონის გამო, ზოგიერთი სათვალის გამო, ზოგიც სახელის გამო, მიზეზები ბევრი და არაერთგვაროვანია. მოზარდთა ნაწილს უჭირს ფსიქოლოგიურად ყოველივეს გადალახვა, ნაწილიც უფროსებს მიმართავს დასახმარებლად და მამისა, თუ ბიძაშვილების ჩარევით აგვარებს პრობლემას.
- მე მასწავლებელი ვარ და რა თქმა უნდა, ძალიან ბევრს ვფიქრობ ბულინგის და სუიციდის თემაზე, საიდან მოდის, რატომ უჩნდებათ ამის სურვილი, რა არის საფუძველი? განათლების სამინისტრო ვერაფერს ვერ გააკეთებს იმიტომ, რომ ეს არის ყველაზე მაღალი ინსტანცია. ყველაფერი კი დაბლიდან არის აყროლებული, გაფუჭებული და მაღალმა ინსტანციამ რა უნდა გააკეთოს?! პრობლემის მოგვარებას სჭირდება სოციოლოგების, ფსიქოლოგებისა და მასწავლებლების ერთობლივი მუშაობა. ადრე ისწავლებოდა ასეთი საგანი - ”ოჯახური ცხოვრების ეთიკა და ფსიქოლოგია”, მე თვითონ ვიყავი ერთ-ერთი პირველი მასწავლებელი. მოზარდები წერილებს წერდნენ ანონიმურად, თავიანთ სატკივარზე, საოცრება იყო, ვფიქრობ, რომ სკოლებში ეს საგანი აუცილებლად უნდა იყოს.
პრობლემა, უპირველეს ყოვლისა, ოჯახებში უნდა ვეძებოთ, ასევე საბავშვო ბაღში. ბაღებში კატასტროფული მდგომარეობაა. ისეთი აღმზრდელებია საჭირო, რომლებმაც იციან აღზრდის თანამედროვე მეთოდები. ძველი მენტალუტეტით აღარ შეიძლება თანამედროვე ბავშვების აღზრდა. არსებობს კონფლიქტოლოგია და სწორედ ამ კუთხით უნდა იყოს განსწავლული აღმზრდელი საბავშვო ბაღში. თუ ბავშვს ასეთი პედაგოგი ჰყავს, ის მარტივად აგვარებს კონფლიქტებს და არ გადადის ძალაზე.
ყველაფრის ძირი და საფუძველი ოჯახია. გახსოვთ ქართული ზღაპარი? – ”იყო და არა იყო რა, იყო ღარიბი ცოლ-ქმარი. ოჯახს ძალიან უჭირდა, ადგა და კაცი მოჯამაგირედ წავიდა”. ახლაც იგივეა, ოღონდ ახლა ქალი მიდის მოჯამაგირედ. ეს ძირფესვიანად არყევს ოჯახის ინსტიტუტს. რას აკეთებს ოჯახში დარჩენილი კაცი? სვამს, ლოთობს ძირითადად, დადის აქეთ-იქით. ბავშვები მიყრილები არიან და სხვადასხვა გავლენის ქვეშ ექცევიან. ეს ცხოვრებამ გამოიწვია, ტექნიკამ მამაკაცს სამუშაო წაართვა და ქალის როლი უფრო წინ წამოვიდა, მაგრამ ეს ხომ იმას არ ნიშნავს, რომ ამას შვილების ბედი ვანაცვალოთ?!
ფუტკრების ოჯახის მაგალითი ავიღოთ, როგორი ძლიერი ოჯახიც უნდა იყოს, ის იშლება, თუ დედა ფუტკარი წავა. ზუსტად ისევეა ადამიანთა ოჯახებშიც. სკოლებშიც მასწავლებლების მხრიდან ადამიანური ფაქტორი უნდა იყოს წინ წამოწეული, განსაკუთრებით გარდამავალ ასაკში. გარდამავალ ასაკში მოზარდებს ცოტა სხვანაირი შეხედულებები აქვთ, ჰგონიათ, რომ ქვეყანა დაექცათ თავზე, მორჩა, დამთავრდა ცხოვრება და ზოგჯერ გამოსავალს სუიციდში ხედავენ.
კიანუ რივზს აქვს ერთ-ერთ ფილმში ასეთი ფრაზა - დათვი რომ დაიჭირო ან მგელი მოკლა, ლიცენზია გჭირდება და ამ დროს ყველა იდიოტს შეუძლია მშობელი გახდესო. მამაჩემი დილით ასე მაღვიძებდაო, მესროდა ანთებულ სიგარეტსო და მეუბნებოდა, ადექი, შე იდიოტო, დროზე, ჩაი მომიდუღე, სამსახურში მივდივარო. ასეთ მშობლებს რამე რომ უთხრა, გაოცებული შემოგხედავენ, გკითხავენ, რა, მე ცუდი მშობელი ვარ? მშობლებმა არ იციან ბავშვის ფსიქოლოგია, ავიწყდებათ, თვითონ როგორები იყვნენ შვილების ასაკში, რომ გვერდით დგომა უნდოდათ. როცა მშობელია თვითონ გასაზრდელი, მან შვილი როგორ უნდა გაზარდოს?!
დათვი რომ დაიჭირო ან მგელი მოკლა, ლიცენზია გჭირდება და ამ დროს ყველა იდიოტს შეუძლია მშობელი გახდეს
ადრე კერია იყო, გარშემო წრეზე ისხდნენ ყველანი იმ კერიასთან და ერთმანეთთან საუბრობდნენ, მერე ტელევიზორი გაჩნდა და მათი ყურადღება უკვე ერთმანეთისკენ კი არა, ტელევიზორისკენ იყო მიმართული, მაგრამ ახლა ზურგი აქცია ყველამ ერთმანეთს, ყველას თავის სამყარო აქვს ტელეფონში. შეიხედეთ ოჯახებში, მაღლა სართულიდან დაბლა დედა-შვილი ერთმანეთს ”მესიჯებით” ესაუბრება. ოჯახებში დაივიწყეს მაგიდაც... მაგიდას აქვს გამაერთიანებელი, ოჯახის შემაკავშირებელი ფუნქცია, მხოლოდ სასადილოდ კი არ არის?! დღეს მაგიდა აღარ არის ოჯახში და ამან ოჯახს გარკვეული ბზარი გაუჩინა.
”ზოგიერთს არც გაუვლია კურსები, ისე აიღო სერტიფიკატი. არაპროფესიონალია და თუ გინდა გამოტენე სკოლა ასეთი არაპროფესიონალი ფსიქოლოგებით შედეგი არ იქნება. ბავშვები ერთ ამბავს მომიყვნენ და იცინოდნენ ჩვენს ფსიქოლოგს იქეთ სჭირდება ფსიქოლოგიო”, - გვიყვება ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი.
ხატია ვარდოსანიძე