სოციალურ ქსელში ნუგზარ ჩხიკვაძემ გორელ ახალგაზრდებზე პოსტი გამოაქვეყნა, რასაც ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა:
"ჩემი სახლის სადარბაზოსთან გორელ ახალგაზრდებს ხილბოსტნეულის მაღაზია აქვთ გახსნილი.
გუშინ სახლში შედარებით გვიან დავბრუნდი. მაღაზა დაკეტილი იყო, კარების წინ კი ერთი ყუთი იდგა ხილით და ბოსტნეულით სავსე. თან სხვადასხვა ხილბოსტნეული ეწყო ყუთში. ყველაფერი საღი იყო. გამიკვირდა. მეუღლემ მითხრა, ყოველ საღამოს ასეაო. ამ დილას ვკითხე ბიჭებს, ყუთი იდო და ხომ არ დაგრჩენიათ-მეთქი. არაო, ასე ვტოვებთო. თან მორიდებულად მკითხა: - აღარ დავტოვოთო?
- პირიქით, მაგარი ბიჭები ხართ-მეთქი!
ხომ ხვდებით, რატომ ტოვებენ?
გული გამითბა!!!
P.S. ჩემს ბიჭთან ერთად გადავუღე ახლა. რომ სცოდნოდათ, რატომ ვუღებ, ალბათ არ დამეთანხმებოდენ.”
ახალგაზრდები, რომლებზეც ნუგზარ ჩხიკვაძე საუბრობს ვალერი ხუროშვილი და მორის დათუნაშვილი არიან და თითქმის ერთი წელია ხილსა და ბოსტნეულს ჰყიდიან. არ ფიქრობენ, რომ რაიმეს განსაკუთრებულს აკეთებენ. კითხვაზე, თუ რატომ გამოიწვია ამბავმა ამხელა გამოხმაურება, ვალერი ხუროშვილი ამბობს:
"ცხოვრების ისეთი ეტაპია ყველა დადარდიანებული დადის და სითბოსაც ნაკლებად უზიარებენ ერთმანეთს. ალბათ ამიტომაც გამოიწვია გამოხმაურება ამ ამბავმა.“
მეგობრები მაღაზიის წინ ყოველ საღამოს ტოვებენ ახალ ხილსა და ბოსტნეულს.
"ჩვენი ხილბოსტნეული ყველასთვისაა. ბევრჯერ მდომებია, უფასოდ გამეტანებინა კლიენტისთვის, მაგრამ ვერ ვაკადრე. ამიტომ, გადავწყვიტეთ, დაგველაგებინა და თავისით წაეღოთ, ვისაც რა სჭირდება“, - ამბობს ვალერი ხუროშვილი
მორის დათუნაშვილის თქმით კი, სიკეთის კეთება ჩუმად ჯობს, თუმცა მათზე უკვე ბევრი ადამიანი საუბრობს.
"ისეთ რაღაცებს ვტოვებთ, დიასახლისს გამოადგება და ერთი ოჯახი მაინც დაპურდება. ზოგს უჭირს და ვერ გვეუბნებიან, ამიტომ ღამით თავისით მიაქვთ. კარგი იქნება, დიდმა სუპერმარკეტებმაც რომ მოგვბაძონ", - ამბობს ის.
თამარ იაკობაშვილი