აცივებასთან ერთად გრიპის ვირუსის შემთხვევები იმატებს. თუმცა, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ჯერჯერობით ამ დროისთვის არსებული სიტუაცია არაფრით განსხვავდება შარშანდელი ან შარშანწინდელი მონაცემებისგან. როგორც ეპიდემიოლოგმა პაატა იმნაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, ბევრი რამ არის დამოკიდებული ამინდზე.
"ყველაფერი დამოკიდებულია ამინდზე. როგორც კი მზიან ამინდს ცივი ამინდები შეცვლის, ვირუსის გამოვლინებებიც მოიმატებს, რადგან სწორედ მზეზე ნადგურდებიან გრიპისა და გრიპის მსგავსი ვირუსები. ავადყოფი სახლში უნდა დარჩეს. დაავადებას ავრცელებენ ისინი, ვინც არ რჩებიან სახლში. ბავშვი არ უნდა იყოს ბაღში, სკოლაში, ხოლო უფროსი არ უნდა იყოს სამსახურში" -ამბობს პაატა იმნაძე.
მოსახლეობის უმრავლესობამ ვაქცინა აფთიაქში უნდა შეიძინოს.
დავინტერესდით, აუცილებელია თუ არა ვაქცინის გასაკეთებლად პოლიკლინიკაში მისვლა თუ სახლის პირობებშიცაა შესაძლებელი კერძო სექტორში შეძენილი ვაქცინის გაკეთება:
პაატა იმნაძე აცრას სახლის პიობებში არ გვირჩევს.
"ყოველთვის ჯობს სამედიცინო დაწესებულებაში ან ექიმის მეთვალყურეობით აცრა"- ამბობს იმნაძე.
"აცრა ნებისმიერ, შემთხვევაში პოლიკლინიკის ფარგლებში უნდა გაკეთდეს. სასურველია, რისკ ჯგუფშში მყოფმა ადამიანებმა განსაკუთრებით გამოიჩინონ სიფრთხილე. ვაქცინით 100% დაცვა არ ხდება, მაგრამ აუცილებელია გართულებების თავიდან ასარიდებლად, განსაკუთრებით, როცა თანმხლები დაავადებები აქვს პაციენტს." -ამბობს ოჯახის ექიმი.
"ბავშვების აცრა 6 თვის ასაკიდან ხდება, იმ შემთხვევაში, თუ აქვთ კონტაქტი სხვა ადამიანებთან, არიან მრავალშვილიანი ოჯახიდან და დიდხანს იმყოფებიან დახურულ სივრცეში. სამი წლის ასაკიდან ბავშების აცრა ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ დადიან საბავშვო ბაღებში, დიდი ხნის განმავლობაში იმყოფებიან დახურულ სივრცეში და არსებობს რისკები. ვაქცინა იცავს მხოლოდ გრიპის ვირუსისგან. თუმცა, ჯვარედინი მოქმედების გამო, შესაძლოა სხვა ვისურული ინფექციების სიმპტომების შესუსტებაც, შეხვედრის შემთხვევაში. ბავშვები აუცილებლად ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ უნდა აიცრან. მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინა სრულიად უსაფრთხოა, მაინც უცხო აგენტების შეყვანა ხდება ორგანიზმში და ჯობს, სამედიცინო დაწესებულებებს მივმართოთ "- ამბობს პედიატრი, ინგა მამუჩიშვილი.
თამარ იაკობაშვილი