სოფიო ბუცხრიკიძემ, რომელსაც ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს (იხილეთ მისი ინტერვიუ), ეს ჩანახატი მამამთილს მიუძვნა, რომელიც 3 წლის წინ უბედური შემთხვევის გამო დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდება და ეტლით სარგებლობს. ამ პატარა ამბავში რძალმა მამამთილის, თავისი შვილების ბაბუის მიმართ მთელი თავისი მადლიერება და სითბო გამოხატა.
"შემოდგომის ფერმილეული დღეა. დილით ადრე ამდგარა, აივნის კარი გაუღია... ეტლში ზის, სანამდეც თვალს აწვდენს, ათვალიერებს არემარეს, გაშიშვლებულ ხეებს. მზე აღარ უკრთის თვალებში, სევდიანია. ამდენი ტკივილებისგან უპეები ჩავარდნილი აქვს. შემეშინდა, ამ ყველაფრით გაბეზრებულმა გადახტომა არ ცადოს-მეთქი. გავიფიქრე...
- წამოდი, გარეთ გავიდეთ, ბავშვებიც წავიყვანოთ.
- შენ ვერ ჩამიყვან, გაგიჭირდება.
- მერე, კიბეზე დაგაგორებ ამ ეტლით. იტყვიან: რძალმა დააგორა-ო (ვცდილობ გავაცინო).
ხითხითებს.
- აი, იმ დღესაც, წვერს რომ გპარსავდი, სისხლი თქრიალით წამოგივიდა, მე შევწუხდი. რძალმა სახე დაგიჩეხა, შენ კიდე ხელებს მიკოცნიდი. ხედავ, რას მოესწარი?! (ვიცინით ორივე). ჩემს სოფლიდან ჩამოსვლას რომ ელოდი, კი გქონდა ეგ სახე მიტოვებული ყანასავით (ისევ გავაცინე).
პირზე მიდებული სასმისივით შემოეცალა ცხოვრება. დღეს რაღაც შფოთიანად გაეღვიძა. ეზოში ფოთლებგაცვენილი შემოდგომა იდგა; ჩვენს სახლში კი იჯდა შემოდგომა, ეტლში იჯდა ცრემლიანი.
სადღაც გაექცა ისევ ფიქრები. მთელი ცხოვრება ჩვენი განწყობილებაა და მეტი არაფერი. გუშინ სიხალისეც ჰქონდა, რაღაცის იმედს ებღაუჭებოდა. დღეს რა ღმერთი უწყრება, - გავიფიქრე. ფიქრებიდან თავის დასაღწევად სწრაფად წამოვაჯინე, საგარეო პერანგი ჩავაცვი, ლიფტი გამოვიძახე და ბავშვებთან ერთად ეზოში ჩავიყვანე.
ვაკვირდები, თითქმის ყველაფერი განელდა მასში. დაცლილი, ნაღვინარი ბოთლივითაა .ბავშვები ყვითელი ფოთლების ხალიჩაზე დარბიან, იცინიან.
- ბაბუ, აბა თუ დამიჭერ?! გამომეკიდე.
ყველაზე მეტად ეს წუთები მიჭირს. ისევ შორს გაექცა მზერა და ატირდა. ბავშვები ფოთლებში გაუჩინარდნენ. თავზე გადავუსვი ხელი, ვცდილობ დავაწყნარო.
- რა პატარა ბავშვივით ეფერები, დედა-შვილივით, - მომესმა უკნიდან ხმა.
არც ვაციე, არც ვაცხელე - დიახ,დედა ვარ, - მივუგე მე. - აი, ჩემი პატარა გოგონები, ეს ჩემი უფროსი ბიჭია. პატარაობისას აკვნიდან გადმომივარდა, ტვინი დაუზიანდა და მას მერე ეტლში ზის.
ქალს მჟავედ გაეღიმა და გაგვშორდა. მოვბრუნდი და "ჩემი უფროსი ბიჭი’’ სიცილისგან სულს ვერ იბრუნებს.
დღე ყველგან ერთნაირად თენდება, უბრალოდ ადამიანები უცვლიან ფერს, ხასიათის მიხედვით. მე დღეს ეს შევძელი. სიცილის ცრემლები დაეკიდა წამწამებს. რამდენ სიხარულს, რამდენ განცდას, რამდენ ემოციას, რამდენ ტკივილს ვინახავთ ერთად. ღმერთო, - გავიფიქრე გულში, - ერთი სულის შებერვა უნდა კიდევ, ხომ გადაარჩინე?! ამ ერთხელაც ვკადნიერდები და გთხოვ, უფალო, ერთხელ კიდევ ჩაბერე სული ჩემს "უფროს შვილს’’, ჩემს მამამთილს! ღმერთო, შთაბერე სული, ცოტა კიდევ ააელვარე, თვალებში იმედის ნაპერწკალი უკიაფობს, იმედის სხივი არ გაუნავლო!"