პედაგოგი ბავშვის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანია. მოზარდის განვითარებისთვის, მისი საჭიროებების სწორად განსაზღვრისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მშობლისა და მასწავლებლის ჯანსაღ კომუნიკაციას, თუმცა, ხშირ შემთხვევაში, მათი ურთიერთობა პრობლემური ხდება.
Mshoblebi.ge პედაგოგებისგან მოსმენილ მშობლებთან დაკავშირებულ ამბებს მოგიყვებათ.
ამბავი #1
”ბაღში ვმუშაობ. ერთ დილასაც, ერთმა მშობელმა ბავშვი მოიყვანა, ნუ ვერ ვაღვიძებთ ამ ბავშვს, სძინავს. თავიდან არ მივაქციეთ ამ ფაქტს ყურადღება. დედაც წავიდა. მერე ჭამის დრო დადგა, შევაღვიძეთ ბავშვი და დავსვით მაგიდასთან. სამი წლის მოზარდზეა ლაპარაკი. შეჭამა ერთი ლუკმა და ჩამოეძინა მაგიდასთან. გავგიჟდით პედაგოგები, ვიფიქრეთ, რომ ცუდად იყო პატარა. სასწრაფოდ დავურეკეთ მშობელს და იცით, რა გვითხრა? შეიძლება ვინმემ არც დაიჯეროს, წუხელ სამსახურიდან რომ მოვედი, ”იუთუბზე” მულტფილმი ჩავურთე, მე ჩამეძინა და ეგ მთელი ღამე მულტფილმებს უყურებდაო. რა უნდა ელაპარაკო ასეთ მშობელს?!”
ამბავი #2
”მშობლებთან ურთიერთობისას განსაკუთრებულ პრობლემებს არ ვაწყდები, მაგრამ რაც ყველაზე მეტად მაოცებს მათში, ის არის, რომ შვილებს კატეგორიულად უკრძალავენ ნივთის მეგობრისთვის თხოვებას. დაწყებითების მასწავლებელი ვარ და დაწყებით საფეხურზე ძალიან მნიშვნელოვანია, ბავშვს თანამშრომლობითი უნარები გამოუმუშავდეს. მშობლები კი ასწავლიან შვილებს, რომ არა, არავის ათხოვო საშლელი, სახაზავი და ა.შ. მერე ბავშვებსაც ეგოისტური მიდგომები უყალიბდებათ. ვურჩევ მშობლებს, რომ ასე არ მოიქცნენ”.
ამბავი #3
”15 წლის პედაგოგიური გამოცდილება მაქვს და ხომ წარმოგიდგენიათ, რამდენ მშობელთან მქონია ურთიერთობა?! მასწავლებლობა სხვა თემაა და ჩემი აზრით, მშობლებთან ურთიერთოობა კიდევ განსხვავებულ და განსაკუთრებულ უნარებს მოითხოვს. ერთი მშობელი მყავდა, ბავშვს ეუბნებოდა, მასწავლებელს სძულხარ, შენი კლასელები შენზე მეტად უყვარს, ეგ ნიშანს არასოდეს დაგიწერსო. ამ ბავშვს ჩამოუყალიბდა საშინელი აგრესია კლასელებისა და მასწავლებლების მიმართ. ყველა, მთელი სკოლა მტრად მიაჩნდა. როცა 10 ქულა დავუწერე, გაკვირვებულმა მითხრა: ”ვაა, მას, აბა თქვენ რომ ვერ მიტანთ?!” გაოგნებული ვიყავი. მერე ცალკე დავისვი და გვქონდა გულახდილი საუბარი, მითხრა, რომ მშობელი ასეთ რაღაცებს ეუბნებოდა.”
ამბავი #4
”პირველკლასელი ბავშვის სკოლიდან გაყვანა დაავიწყდა ერთხელ დედას. ანუ კი არ დააგვიანდა, არაფერი მსგავსი, დაავიწყდა. ვურეკავ, არ მპასუხობს. ბავშვი ტირის, ვერ ვამშვიდებ. ასე საშინლად თავი არ მიგრძნია. ცხადია, სკოლამ იცოდა მისამართი და მივუყვანე ბავშვი სახლში და მან ჩვეულებრივ ამბად ჩათვალა ის, რომ მე, მასწავლებელს მიმეყვანა სახლში”.
ამბავი #5
”განსაკუთრებით მიჭირს იმ მშობლებთან ურთიერთობა, რომლებიც ბავშვის გაჩერების მიზნით მთელი დღე პლანშეტებში, ტელეფონებში რაღაც უაზრო ვიდეოებს აყურებინებენ. თვალებჩაწითლებულები მოდიან სკოლაში და მშობლებს რომ ვეკითხები, რა ხდება, ან როცა რეკომენდაციებს ვაძლევ, რომ ეს მავნებელია, რომ ბავშვები გათიშულები არიან ამდენ ხანს ციფრულ ტექნოლოგიებთან დროის გატარების გამო, მათი პასუხია: აბა, რა ვქნათ? სხვაგვარად ბავშვს ვერ ვაჩერებთ”.
ეს ანონიმური ამბებია. ამას გარდა, Mshoblebi.ge მშობლებთან ურთიერთობის საკითხზე კიდევ ერთ პედაგოგს ესაუბრა.
ლია უკლება დაწყებითი საფეხურის მასწავლებელია. ის ამბობს, რომ მასწავლებლისთვის მშობელთან ურთიერთობა დიდი გამოწვევაა. როგორც პედაგოგი გვეუბნება, სკოლაში მთავარი პრობლემაა დისციპლინა, ეს კი, იმითაა გამოწვეული, რომ ბავშვებმა კულტურის ელემენტარული ნორმები არ იციან. ლია უკლებას თქმით, ასეთი ნორმები ბავშვმა პირველ რიგში ოჯახში, მშობლისგან, უფროსებისგან უნდა ისწავლოს.
- არ ვითხოვ რაღაც განსაკუთრებულს, რა უნდა მოსთხოვო ექვსი წლის ბავშვს, მაგრამ ელემენტარულ ჩვევებზე ვამბობ. მშობლებს ამ ელემენტარულის გათვალისწინებაც არ უნდათ ან არ იციან, მაგალითად, როგორ შემოვიდნენ კლასში, როგორ მოგმართონ. ეს ყველას არ ეხება, ზოგიერთი ძალიან მოწესრიგებულია, მაგრამ ასეთი თითო-ოროლაა.
პირველ კლასში გვყავდა ბავშვი, რომელიც სადილობის დროს ბუფეტში, კოვზებს ღუნავდა, აფუჭებდა და უბრალოდ მავნებლობდა. ძალიან რთული ბავშვი იყო. მშობლებს შეატყობინეს და მამა მოვიდა. შეხედა ბავშვს და ეკითხება - ”კოვზებს ღუნავ? რატო?”. სხვა რეაქცია არ ჰქონია. მერე უთხრეს მამას, რომ მისმა შვილმა თანაკლასელს ჩაარტყა. მისი რეაქცია კი ასეთი იყო: - ”ვა, მარტო იმასთან ჩხუბობს? სხვასთან რატომ არ ჩხუბობს?!” იმ მშობელსაც ხომ უნდა გაზრდა, მე გავზარდო?!
ყველაფერს გვიკრიტიკებენ პედაგოგებს - ვაიმე, ხმამაღლა არ უთხრა, დედისერთაა. ამ დროს გვყავს მოსწავლე, გოგო, რომელიც კედლებზე გადის, ისეთი ცელქია და როგორ შეიძლება, ცოტა მკაცრად არ უთხრა რაღაც. ეს ზედმეტი ლმობიერება, მოფერება უფრო აბნევს და ათავხედებს ბავშვს. ეს ყველას უნდა ესმოდეს, მშობელსაც და მასწავლებელსაც. ცოტა სიმკაცრეა საჭირო.
მშობლებს ვურჩევ, რომ ზედმეტი ლმობიერება არ არის საჭირო. იმას არ ვამბობ, რომ ბავშვი უნდა სცემოს ვინმემ. არავითარ შემთხვევაში! ბავშვს ხელი როგორ უნდა ახლო? არანაირად, მაგრამ მკაცრი საუბარი აუცილებლად გამოიღებს შედეგს.
დღეს მშობლები სახლში არ არიან, ყველა მუშაობს. მოზარდებს სითბოსა და სიყვარულის დეფიციტი აქვთ. ყველა მეხუტება და მეფერება იმიტომ, რომ სითბო აკლიათ და ეს აშკარად იგრძნობა. ბავშვს დედა სჭირდება. იცით რამხელა მნიშვნელობა აქვს დედის ერთ სიტყვას?! ზოგი მშობელი მძიმე რეჟიმში მუშაობს და რა ქნას, მაგრამ არის მშობლების კატეგორია, რომლებსაც მინებებული ჰყავთ ბავშვები, თავისით გაიზრდებაო, მიშვებული ჰყავთ...
ხატია ვარდოსანიძე