ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის ექიმი სცემეს. არსებული ინფორმაციით, დაშავებული ექიმი ზუგდიდის საავადმყოფოში მკურნალობს, თუმცა ექიმები მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ კომენტარს არ აკეთებენ.
როგორც "ინტერპრესნიუსს" შს სამინისტროში განუცხადეს, ცემის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. უწყების ცნობით, დანაშაულში არასრულწლოვანია მხილებული.
ამასთან, ცნობილია, რომ ნაცემ ექიმს 42 წლის მამაკაცის გარდაცვალებაში ადანაშაულებენ გარდაცვლილის ახლობლები. 42 წლის თ. ზ.- ს კუჭის ოპერაცია 10 სექტემბერს ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გაუკეთდა.
"სულ ჩაუტარდა ექვსი ოპერაცია, აქედან ოთხი ზუგდიდში და ორი - თბილისში. პირველი ოპერაცია იყო უსისხლო. ოპერაციის შემდეგ ჭრილობა ცუდად იყო გაკერილი. პირველი არასწორი ოპერაციის შემდეგ კიდევ ხუთი დასჭირდა. რა თქმა უნდა, ექიმის ბრალია. ორგანიზმი მოიწამლა და ამას ვერ მიხვდნენ. ოპერაცია 10 სექტემბერს გაუკეთეს, სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ შეძლეს და რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა", - აცხადებს გარდაცვლილის ახლობელი.