მოსწავლეთა მშობლებისა და პედაგოგების ურთიერთობის საკითხი მწვავე პრობლემაა. არადა, ჯანსაღ კომუნიკაციას, პედაგოგისა და მშობლის ურთიერთკავშირის ფორმას ემყარება მოზარდის სწორად განვითარება. ”მშობელთა კრება” ჯერ კიდევ რჩება ზოგიერთ სკოლაში მოსწავლეთა ერთგვარ სასამართლოდ, სადაც არც მშობლები და არც პედაგოგები არ იცავენ მოზარდთა პერსონალურ ინფორმაციას. პრაქტიკა აჩვენებს, რომ სწორედ მშობელთა შეკრებებზე გაიცემა ბავშვზე ისეთი სახის პირადი ინფორმაცია, რომელიც შემდეგ ბავშვებშივე ვრცელდება და მოზარდის ბულინგის მიზეზიც კი ხდება.
Mshoblebi.ge-სთან თავად მშობლები ყვებიან, რომ ბოლო პერიოდში ვითარება მცირედით გამოსწორებულია, მაგრამ მშობელთა შეკრების არსებული ფორმა მაინც ტოვებს კითხვის ნიშნებს და გარკვეულ ცვლილებებს საჭიროებს.
რას ამბობენ მშობლები?
მაგდა ვარდოსანიძე: თუ რაიმე საერთო დისციპლინარული პრობლემაა, ამ შემთხვევაში განიხილება ის მშობელთა კრებაზე, ყველა მშობლის თანდასწრებით. თუ პრობლემა კონკრეტულ ბავშვს ეხება, როგორც დიციპლინაზე, ასევე აკადემიურ მოსწრებასთან დაკავშირებით, მის მშობელს კრების ბოლოს ტოვებენ და საკითხს ცალკე განიხილავენ. აკადემიური მოსწრების შესახებ მშობლებს გვირიგდება ფურცლები და ასეთი ფორმით ვეცნობით. მასწავლებელმა რომ გამოაცხადოს ყველას თანდასწრებით, ასე არ ხდება. შეიძლება ისაუბროს რომელიმე გამორჩეულად კარგი მოსწავლის შესახებ. ახლა გვქონდა მშობელთა შეკრება, რომელიც ძირითადად გაცნობით ხასიათს ატარებდა. გავიცანით ახალი პედაგოგები.
ლანა დიასამიძე: მშობელთა შეკრებებზე ზოგჯერ ისეთ საშინელებებს ვისმენ. ზოგიერთი მშობლის ადგილას, საერთოდ არ მომინდებოდა დასწრება. პედაგოგები ზოგჯერ ძალიან ამეტებენ და ბავშვებზე უარყოფით კონტექსტში ყველას თანდასწრებით საუბრობენ. ვისურვებდი, რომ ასე არ იყოს. ხანდახან მთელი კრების განმავლობაში მხოლოდ ერთ კონკრეტულ ბავშვზეა საუბარი, დანარჩენი მშობლები ვისმენთ ამ საუბარს და მოვდივართ. ანუ უშინაარსო და არაფრისმომცემია ხოლმე.
თამთა ცხადაძე: მეშვიდე კლასშია ჩემი შვილი და შემიძლია თამამად ვთქვა, რომ მშობელთა კრებების ფორმა და მასზე განხილული საკითხების თემა მნიშვნელოვნად შეიცვალა. ორი წლის წინ, როცა მშობელთა კრებაზე მივდიოდი, ეს იყო ქაოსი, რამდენიმე ბავშვის მშობელს რასაც ჰქვია კუთხეში აყენებდნენ მასწავლებლები, საშინელი სიტყვებით ულანძღავდნენ შვილებს. "დებილი", "მისგან ადამიანი არ დადგება" და მსგავსი ტერმინებით მოიხსენიებდნენ ბავშვებს, მშობლები ტიროდნენ ამის მოსმენისას, მაგრამ ახლა ასე არ ხდება. ინდივიდუალურად ესაურებიან პრობლემური ბავშვების მშობლებს და ყველას თანდასწრებით არ განიხილავენ.
ნინო კვარაცხელია: ჩემი შვილი ახალ სკოლაში გადავიყვანე და აქ ინდივიდუალურად ხდება მშობელთან გასაუბრება - ყველა საგნის მასწავლებელი ესაუბრება კონკრეტული ბავშვის მშობელს და არა ყველას თანდასწრებით. წინა სკოლაში კი ეს სერიოზული პრობლემა იყო. მე არ მიმაჩნია სწორად საჯაროდ განხილვა იმის, რომ ვიღაც ძალიან ჭკვიანია, ვიღაც - ძალიან ცელქი ან ოროსანი. ასე მშობლებს შორისაც დიფერენცირება ხდება და უხერხული სიტუაციები იქმნება. თანაც მქონია შემთხვევა, რამდენიმე ბავშვიც დასწრებია კრებას (მშობლის გვერდით ისხდნენ, ვითომ მათ ელოდნენ) და ისეთი უხერხული იყო, მათი თანდასწრებით საუბარი სათითაოდ ბავშვების მოსწრებაზე თუ ქცევაზე. მგონია, რომ ეს და მით უმეტეს ბავშვის ლანძღვა-თათხვა ან პირიქით - მეტისმეტად გაიდეალება ასე საჯაროდ, არასწორია და მეტისმეტი ჩამორჩენილობაა.
”მშობლები განათლებისთვის” აღმასრულებელი დირექტორი, მეგი კავთუაშვილი გვეუბნება, რომ მშობელთა შეკრებებზე ხშირად საჯარო განსჯის საგანი ხდება ბავშვის პერსონალური მონაცემები, იქნება ეს აკადემიური მოსწრება, ქცევა, ჰიგიენის საკითხები, ამბები პირადი ცხოვრებიდან, დიაგნოზი და ა.შ. ამ ინფორმაციას გასცემენ როგორც მასწავლებლები, ასევე მშობლები.
მეგი კავთუაშვილი: ”სასკოლო ყოველდღიურობაში მშობლების ჩართვა მოითხოვს ხედვას, პოლიტიკას და სტრატეგიას, რასაც დირექტორისგან და მასწავლებლებისგან დამატებითი დრო და პროფესიული უნარები სჭირდება. სწორედ ამ უნარების და დროის დეფიციტის გამო, სკოლები არ მუშაობენ მშობელთა ჩართულობის პროგრამების შემუშავებაზე და მარტივ გზას ირჩევენ, რაც მდგომარეობს საბჭოთა წარსულის მსგავსად, მშობელთა კრებების ორგანიზებაში, სადაც მშობლებს კი არ იწვევენ, არამედ ჯერ კიდევ იბარებენ.
ფორმა და შინაარსი ნელ-ნელა იხვეწება, თუმცა ის, რომ მშობელთა კრება ერთადერთი ადგილია მშობლისა და სკოლის ურთიერთობისთვის, ცხადია მიანიშნებს იმაზე, რომ მათი თანამშრომლობა უფრო სავალდებულია, ვიდრე სასიამოვნო. ანუ სკოლა და მოსწავლის ოჯახი ამ დრომდე არ არიან პარტნიორები და მათ არ შეუძლიათ შეთანხმებული მოქმედება, რაც მეტად საჭიროა იმისთვის, რომ სკოლამ მიაღწიოს ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებს.
მშობელთა შეკრებებზე ხშირად საჯარო განსჯის საგანი ხდება ბავშვის პერსონალური მონაცემები, იქნება ეს აკადემიური მოსწრება, ქცევა, ჰიგიენის საკითხები, ამბები პირადი ცხოვრებიდან, დიაგნოზი და ა.შ. ამ ინფორმაციას გასცემენ როგორც მასწავლებლები, ასევე მშობლები. დიახ, ზოგჯერ მშობლები თავად გასცემენ მოზარდის შესახებ პერსონალურ ინფორმაციას და ამას აკეთებენ სრულიად გაუცნობიერებლად. შესაძლოა, ყოველივე ამან მძიმე შედეგამდე მიიყვანოს ესა თუ ის მოზარდი. რადგან მშობელთა კრებაზე გაჟღერებული ინფორმაცია, სხვადასხვა ინტერპრეტაციით ბრუნდება ისევ ბავშვების საზოგადოებაში და ეს შესაძლოა დამატებით გართულების მიზეზი გახდეს.
ამ საკითხის შესახებ ცნობიერება არის ძალიან დაბალი. ამიტომ ჩვენ „ღია საზოგადოების ფონდის“ დაფინანსებით დავიწყეთ საქართველოს სკოლებში საპილოტე პროექტი „პერსონალური მონაცემების მართვა საჯარო სკოლებში“. წლის ბოლოს ჩვენ გვექნება სახელმძღვანელო, რომელშიც დეტალურად იქნება აღწერილი ის გამოწვევები, რაც გვაქვს და ასევე ჩვენ შევთავაზებთ საჯარო სკოლებს მოდელს, რომლის დანერგვაც მარტივად შეეძლებათ.
მნიშვნელოვანია, რომ მშობელთა კრება მასწავლებელმა მიზნობრივად ჩაატაროს. მაგალითად. ყოვლად დაუშვებელია კრებაზე ისეთი საკითხის განხილვა, თუ კლასში არის „ბომინგი“, ანუ ერთ ბავშვს, ან ბავშვს და მშობელს უპირისპირდება დანარჩენი კლასი და მშობლები. ასეთ დროს კრება ემსგავსება საქმის გარჩევას და მხოლოდ ართულებს როგორც ბავშვების, ისე საერთო მდგომარეობას.
გვქონდა ასეთი შემთხევევა, ჩვენთან მოვიდა მშობელი, რომელმაც მოიტანა საათნახევრიანი ჩანაწერი მშობელთა კრებიდან, ფარულად ჩაწერილი იყო და ბუნებრივია, მას რაიმე იურიდიული ძალა ვერ ექნებოდა, მაგრამ ამ ჩანაწერში ისმოდა ხმაური, ერთმანეთის მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებები, ყვირილი, ლანძღვა, ცილისწამება, ბრალდება. ისმოდა როგორც მშობლებისგან, ისე მასწავლებლებისგან, სასწავლო ნაწილისგან და დირექტორისგან. მშობელთა კრებამ იმდენად მძიმე გავლენა მოახდინა მშობელზეც და მოზარდზეც, რომ ბავშვი სხვა სკოლაში გადაიყვანეს.
ერთ შემთხვევასაც გავიხსენებ, მოგვმართა შშმ პირის მშობელმა. მისი ინფორმაციით, კლასის დანარჩენი მშობლები უპირისპირდებოდნენ მის შვილს, რაზეც სკოლამ დაგეგმა მშობელთა კრება, თუმcა ამ მშობელს სთხოვეს თავი აერიდებინა კრებაზე მისვლისგან. გვკითხა, თუ რისი უფლება ჰქონდა, რისი გაკეთება შეეძლო. ჩვენ ვურჩიეთ პირველ რიგში, გაეგო რა მიზნით ტარდებოდა კრება და რატომ ითხოვდა სკოლა მისგან თავის არიდებას. სკოლას წინასწარ უნდა ჰქონდეს გათვლილი რას ელის კონკრეტული კრებიდან.
გარე დაკვირვებით რაც ჩანს, ბოლო დროს შედარებით გამოსწორებულია კრებებზე მასწავლებლებისა და მშობლების კომუნიკაციის ფორმა, თუმცა საერთო ფონი მაინც მძიმეა. ზოგიერთმა სკოლამ იმის შიშით, რომ კრებაზე პერსონალური მონაცემები გაიცემა, საერთოდ უარი თქვა მშობელთა შეკრებებზე, მაგრამ არც ალტერნატივა შესთავაზა მშობლებს და დატოვა ისინი ინფორმაციულ ვაკუუმში.
კარგი იქნება, თუ მშობელთა კრების არსებული პრაქტიკა ჩანაცვლდება მშობლებისა და პედაგოგების ინდივიდუალური გასაუბრებების ორგანიზებით. თითოეულ მასწავლებელს, თითოეული საგნის პედაგოგს უნდა ჰქონდეს ურთიერთობა მშობლებთან, აცნობდეს პროგრამებს, მეთოდოლოგიას, მისაღწევ მიზნებს, მშობლის როლს, სკოლის მოლოდინებს და სხვა საჭირო ინფორმაციებს.
განათლების სპეციალისტების მიერ შემუშავებული რჩევები მრავლად მოიძებნება ინტერნეტ სივრცეში. მასწავლებლებს შეუძლიათ მოიძიონ ეს რჩევები და ამის მიხედვით დაგეგმონ მშობელთა კრება. თუმცა კიდევ ვიმეორებ, რომ კრება არ არის მშობლებთან ურთიერთობის ერთადერთი გზა და სკოლები სერიოზულად უნდა დაფიქრდნენ ამაზე. სულ მოკლე ხანში ჩვენი ორგანიზაცია დაიწყებს ტრენინგებს მასწავლებლებისთვის. რაც დაეხმარება მოტივირებულ მასწავლებლებს მშობელთა ჩართულობის გაზრდაში. ეს იქნება უპრეცედენტო ტრენინგი თავისი მასშტაბით და შინაარსით, რაც გულისხმობს იმას, რომ მასწავლებელი საჩუქრად მიიღებს მშობლების გადამზადებას. ასე რომ, იმედი გვაქვს, ჩვენ სასიკეთო ძვრებს შევიტანთ მასწავლებლებისა და მშობლების ურთიერთობაში”, - ამბობს მეგი კავთუაშვილი.
ის პედაგოგებს მშობელთა კრების ჩასატარებლად კონკრეტულ რეკომენდაციებსაც აძლევს:
”ქვემოთ მოცემული რჩევები არ არის ჩვენი მოგონილი, ეს არის განათლების სპეცილისტების მიერ შემუშავებული და კარგი იქნება, თუ პედაგოგები ამ რჩევებს გამოიყენებენ მშობელთა კრებების ორგანიზების პროცესში”, - ამბობს მეგი კავთუაშვილი.
რეკომენდაციები პედაგოგებს:
არასოდეს მოაწყოთ მშობელთა კრება, თუ ადგილი აქვს ჯგუფის მიერ ინდივიდთან დაპირისპირებას. კრებაზე არ გასცეთ და არც მშობლებს მისცეთ საშუალება გასცენ ბავშვების პერსონალური მონაცემები. იყავით ნეიტრალური, არ დაიცვათ ვინმეს პოზიცია ცალსახად; ყველა მშობელს მიეცით საშუალება, რომ მოუნდეს და ჩაებას საუბარში; დააწესეთ რეგლამენტი; არ გადაუხვიოთ თემას; შეაჯამეთ დისკუსიის შედეგები და დაასრულეთ დადებითი განწყობით. მზად გქონდეთ შეფასების ანონიმური კითხვარი, რომელსაც კრების დასრულების შემდეგ მშობლები შეავსებენ. მათ თვალში ეს თქვენს კომპეტენციას უფრო აამაღლებს. ხატია ვარდოსანიძე