ფარისებრი ჯირკვლის კიბოს პრობლემა განსაკუთრებულად აქტუალურია თანამედროვე ონკოლოგიაში. საქართველოს კიბოს პოპულაციური რეგისტრის 2015 წლის მონაცემებით, ფარისებრი ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნეები ქალებში სიხშირით, ძუძუს კიბოს შემდეგ, მეორე ადგილზეა. ასევე, ხშირია კანის კიბოს შემთხვევებიც, რომლის დიაგნოსტიკაც რთული არ არის და ადრეულ სტადიაზე განკურნებადია.
მიუხედავად ამისა, პაციენტები ხშირ შემთხვევაში მხოლოდ მაშინ იწყებენ გამოკვლევებზე ფიქრს, როცა დაავადება მწვავე სტადიაში გადადის.
რა სიმპტომების შემთხვევაში უნდა მივმართოთ ექიმს და რა უპირატესობა აქვს თავ-კისრის ონკოდაავადებების მრავალპროფილურ კლინიკაში მკურნალობას, ამ საკითხებზე აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრის თავ-კისრის ქირურგიის განყოფილების ხელმძღვანელი გიორგი ქრისტესაშვილი გვესაუბრება.
ქალბატონებში განსაკუთრებით ხშირია ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნე და ის ძუძუს კიბოს შემდეგ მეორე ადგილს იკავებს. ამასთანავე, მატულობს დაავადების ინციდენტობა. თუ წლების წინათ ის ხუთეულშიც ვერ ხვდებოდა, დღეს მეორე ადგილზეა.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 2018 წლიდან ამოქმედებულია ფარისებრი ჯირკვლის კიბოს სკრინინგის პროგრამა. პაციენტები სწორედ ამ საშუალებით გადიან პირველად დიაგნოსტიკას. ჩვენთან მოსული პაციენტების უმეტესობას გავლილი აქვს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამა.
ეს არის დაავადება, რომელიც, თუ 55 წლამდეა დიაგნოსტირებული და თუ, რა თქმა უნდა, არ არის მეტასტაზები, მიიჩნევა, რომ I-II სტადიაა. ეს მეტყველებს იმაზე, რომ ამ სიმსივნის ბიოლოგიური აქტივობა ძალიან მაღალი არ არის და საწყის სტადიაზე განკურნებადია.
თუ პაციენტი ამჩნევს, რომ მას სხეულზე აქვს რაიმე ახალი წარმონაქმნი, რომელმაც, ვთქვათ, ზომაში მოიმატა, ან შეფერილობა შეიცვალა, აქვს უსწორმასწორო ფორმა ან ფიქსირდება გამონადენი სისველის სახით და იკეთებს ფუფხს, ეს უკვე ჩვენებაა, რომ ადამიანმა მიმართოს ექიმს.
ტრაგედიაა, როცა ასეთი ნოზოლოგიით პაციენტები მოგვმართავენ დაგვიანებით, მე-3, მე-4 სტადიაზე. კანის სიმსივნეები, ბრტყელი და ბაზალურუჯრედოვანი პათოლოგიებიც განკურნებადია. მაგალითად, ბაზალურუჯრედოვანი კიბო, რომელიც არ მეტასტაზირებს. მას უბრალოდ ახასიათებს კანის ადგილობრივი დესტრუქცია. შესაბამისად, დროული მიმართვის შემთხვევაში ის განკურნებადია.
მკურნალობის მეთოდებში, საერთაშორისო გაიდლაინებით, პრიორიტეტულია ოპერაციული მკურნალობა, ხოლო ალტერნატიულ ვარიანტად სხივური თერაპია განიხილება. აბსოლუტურად ცალკე საკითხია მელანომები, რომელიც გაცილებით აგრესიული სიმსივნეა და მის მიმართ დამოკიდებულება განსხვავებულია. ასეთის შემთხვევაში, ფაქტობრივად, დაუშვებელია ბიოფსია, რადგან მექანიკური ტრავმირება დაავადების გავრცელებას უწყობს ხელს. ამ შემთხვევაშიც წინა პლანზეა ოპერაციული მკურნალობა, რომლის მასშტაბიც დამოკიდებულია გავრცელებაზე.
ასევე, საკმაოდ ხშირია ცხვირ-ხახის სიმსივნეები. ამ დროს პირველ ეტაპზე ერთვება ქიმიო-სხივური თერაპია.
ჩვენს კლინიკაში კეთდება ყველა ის ოპერაცია, რომელსაც თავ-კისრის ქირურგია მოიცავს, იქნება ეს ფარისებრი ჯირკვლის, ხორხის, ზედა და ქვედა ყბის თუ კანის ავთვისებიანი სიმსივნეების შემთხვევა, ასევე, ყბაყურა ჯირკვლის კიბო. ყველა გამოწვევას, რაც ამ მიმართულებითაა, ჩვენ მაღალი ხარისხით ვპასუხობთ.
პაციენტებს ვთავაზობთ დიაგნოსტიკისა და მკურნალობის სრულ სერვისს. იგულისხმება ულტრაბგერითი კვლევა, თუ საჭიროა კომპიუტერულ-ტომოგრაფიული კვლევა, პოზიტრონულ-ემისიური ტომოგრაფია. გარდა ამისა, გვაქვს გამართული მორფოლოგიური დეპარტამენტი, მაღალი დონის ლაბორატორია და გვყავს ძალიან ძლიერი სპეციალისტები.
აღვნიშნავ, რომ წარმოუდგენელია, ონკოლოგიური ოპერაცია ჩატარდეს ექსპრეს ჰისტოლოგიის გარეშე. სამწუხაროდ, ბევრ კლინიკაში დღემდე ასეა, რაც დაუშვებელია ჩვენს კლინიკაში. ექსპრეს ჰისტოლოგია რიგ შემთხვევებში აუცილებელია ოპერაციის საბოლოო მასშტაბის განსაზღვრისთვის და მის გარეშე ოპერაციები არავითარ შემთხვევაში არ უნდა ტარდებოდეს.
დაბოლოს, ყველაზე მთავარი და სასიამოვნო ჩემთვის, როგორც ამ კლინიკის ექიმისთვის, არის ის, რომ ჩვენთან არის საერთაშორისო რეკომენდაციულ მეთოდებზე დაყრდნობით მიღებული შიდა გაიდლაინები. ფაქტობრივად, თითოეული პაციენტი გადის ე.წ. ტუმორბორდს, სადაც გუნდურად ხდება მისი მდგომარეობის განხილვა და მკურნალობის დაგეგმვა. აქედან გამომდინარე, ჩვენთან ექიმიცა და პაციენტიც დაზღვეულია მთელი რიგი გაუგებრობებისგან. სწორედ გუნდურობის პრინციპი უზრუნველყოფს მაღალ ხარისხსა და უსაფრთხოებას.