სურსათის ეროვნულმა სააგენტომ "ბიუ-ბიუს" წარმოების ქათმის ხორცში სალმონელა გამოავლინა.
"მიმდინარე წლის 21 ოქტომბერს, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიდან მიიღო შეტყობინება 11 პირის ინტოქსიკაციის შესახებ, რესტორანში "ლუდის ქარხანა ჩემო კარგო".
სააგენტომ სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, იმავე დღეს განახორციელა არაგეგმური ინსპექტირება ბიზნესოპერატორთან (თბილისი, ბელიაშვილის ქ.N25). ლაბორატორიული კვლევისთვის მოხდა სურსათის ნიმუშების აღება:
უკრაინული ქათმის ბარკალი; "ბიუ-ბიუ"-ს ქათმის ფრთები (ნახევარფაბრიკატი); "ბიუ-ბიუ"-ს ქათმის ფილე დამარინადებული. სააგენტომ მიკვლევადობის მიზნით, კონტროლი, წარმოების, დისტრიბუციის და რეალიზაციის ყველა ეტაპზე განახორციელა.
ლაბორატორიული კვლევის შედეგად ქათმის დამარინადებული ფილეს ნიმუშში, რომლის მწარმოებელია შპს "ჩირინა" (ბიუ-ბიუ) და დისტრიბუტორია შპს "ჯეო დისტრიბუშენ გრუპი", გამოვლინდა სალმონელა.
შემოწმდა ის მარკეტიც (თბილისი, გლდანი I მიკრორაიონი, მე-2 კორპ.), სადაც ზემოაღნიშნულმა რესტორანმა შეიძინა ნედლი ქათმის ფილე, სარეალიზაციო ობიექტს გამოვლენილი კრიტიკული შეუსაბამობების გამო შეუჩერდა საწარმოო პროცესი და 1000 ლარით დაჯარიმდა.
სააგენტომ, ბოლო ეტაპზე, სახელმწიფო კონტროლი განახორციელა შპს "ჩირინასა" (ფრინველთა სასაკლაო) და სადისტრიბუციო კომპანია "ჯეო დისტრიბუშენ გრუპში", სადაც ლაბორატორიული კვლევის შედეგად, აღებული ხუთი ნიმუშიდან, ოთხ მათგანში, სალმონელა გამოვლინდა.