ძალიან ბევრ სკოლაში არ არის ელემენტარული პირობები თუნდაც ხელის დასაბანად სასწავლო დაწესებულებებში სანიტარიისა და ჰიგიენის მოთხოვნების უზრუნველყოფა განათლების უფლების განხორციელების მნიშვნელოვანი წინაპირობაა, რომელიც კონსტიტუციით არის გათვალისწინებული. არაადექვატური სანიტარიულ-ჰიგიენური პირობები უარყოფით გავლენას ახდენს მოსწავლეთა ჯანმრთელობაზე, სწავლის მოტივაციაზე, სკოლაში დასწრების მაჩვენებლებსა და სწავლის შედეგებზე.
საქართველოს სკოლებში ჰიგიენის თემა უკვე წლებია აქტუალური პრობლემაა. დღესაც ძალიან ბევრ სკოლაში არ არის ელემენტარული პირობები თუნდაც ხელის დასაბანად. 2013 წელს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების ეროვნული სააგენტოს მიერ, გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით, ჩატარდა წყლის, სანიტარიული და ჰიგიენური პირობების კვლევა საჯარო სკოლებში. კვლევის შედეგები საქართველოს 600 სკოლის წარმომადგენელი სხვადასხვა ჯგუფების - მოსწავლეების, მასწავლებლების, სკოლის ადმინისტრაციისა და დირექტორების მიერ მოწოდებულ ინფორმაციას, ასევე 600 საჯარო სკოლის სანიტარიულ-ჰიგიენურ პირობებსა და მოსწავლეების ქცევაზე პირდაპირი დაკვირვების შედეგებს ეყრდნობა.
2013 წლის მონაცემებით კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ ზოგადად, საქართველოს საჯარო სკოლებში დღეისათვის არასახარბიელო მდგომარეობაა წყლის, სანიტარიისა და ჰიგიენის საერთაშორისო სტანდარტის ყველა ძირითადი პუნქტის მიხედვით. სკოლებში სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობის გაუმჯობესების მნიშვნელოვან წინაპირობას, ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის ღონისძიებებთან ერთად, სკოლაში ჰიგიენის სწავლების გაუმჯობესება წარმოადგენს. თუმცა თეორიულ სწავლებასთან ერთად, რასაკვირველია, პრაქტიკული მუშაობაა საჭირო. ხელის სწორად დაბანის სიკეთეებზე ბევრი შეიძლება ვისაუბროთ თეორიულად, წავიკითხოთ წიგნები, მაგრამ დღეს ბევრ სკოლაში ხელს პრაქტიკულად ვერ დაიბან. დაბანა კიდევ ცალკე საკითხია, ძალიან საყურადღებოა წყალმომარაგება და სასმელი წყლის უვნებლობა. საერთაშორისო სტანდარტის ამ პუნქტის დასაკმაყოფილებლად სკოლას უნდა გააჩნდეს წყალმომარაგების გამართული სისტემა, რომლის მეშვეობითაც მიეწოდება საკმარისი რაოდენობის უსაფრთხო სასმელი წყალი და იგი ნებისმიერ დროს ხელმისაწვდომი უნდა იყოს მოსწავლეებისათვის, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობების მქონეთათვის.
საქართველოს საჯარო სკოლებში არსებული მდგომარეობით, სკოლების 70%-ში წყალმომარაგების მილსადენი სისტემა არ არის შეყვანილი სკოლის შენობაში. კვლევაში ნათქვამია, რომ სოფლის სკოლების ნაწილში, დაკვირვების მომენტისათვის, წყალმომარაგების წყარო არც შენობაში და არც მის შემოგარენში არ იყო დაფიქსირებული; წყალმომარაგების მილსადენი სისტემა სკოლების შენობის გარეთ განთავსებულია სოფლის სკოლების 80%-ში. სასმელი წყლის ხარისხი საქართველოს სკოლებში სათანადო რეგულარობით არ მოწმდება.
რაც შეეხება სანიტარიას. საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, სკოლას უნდა გააჩნდეს სათანადო რაოდენობით და გამართული ტუალეტის ჯიხურები გოგონებისათვის, ბიჭებისათვის და მასწავლებლებისათვის, რომელიც ასევე ხელმისაწვდომი და მოხერხებული უნდა იყოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის.
კლევის შედეგების თანახმად, სკოლის შიგნით ტუალეტების ჯიხურები სკოლების მხოლოდ 35%-ს აქვს, სოფლად სკოლის შიგნით სან-კვანძი მხოლოდ ყოველ მეხუთე სკოლას აქვს. საქართველოს საჯარო სკოლებში სან-კვანძების რაოდენობა ზოგადად არასაკმარისია მოსწავლეების რაოდენობასთან მიმართებაში. განსაკუთრებით მაღალია ფარდობა ურბანულ დასახლებებში, სადაც 1 ჯიხურზე 54 მოსწავლე მოდის. შეგიძლიათ მარტივად წარმოიდგინოთ 1-წუთიანი დასვენება და რიგში მდგარი 54 მოსწავლე. შშმ საჭიროებებზე მორგებული ტუალეტები კი არ არის იმ სკოლებშიც, სადაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები ირიცხებიან.
ჰიგიენის თვალსაზრისით სკოლაში არსებული მდგომარეობა დამაკმაყოფილებლად ითვლება, თუ სკოლას გააჩნია გამართული ხელსაბანები, სადაც ყოველთვის ხელმისაწვდომია საპონი სკოლის მოსწავლეებისათვის და სკოლაში ისწავლება ჰიგიენა. კვლევის შედეგების თანახმად, ყოველ მეათე საჯარო სკოლაში ფუნქციონირებადი ხელსაბანი არ არის. სკოლების აბსოლუტურ უმეტესობაში ხელსაბანებთან არ არის საპონი, პირსახოცი ან ხელსახოცი. დაკვირვების თანახმად, საპირფარეშოში შესვლის შემდეგ მოსწავლეების ნახევარი ხელს არ იბანს. სკოლების დირექტორების 90%-ზე მეტი აღნიშნავს, რომ მოსწავლეები სწავლობენ ხელების დაბანის, პირის ღრუს ჰიგიენასთან, სხეულის და თმის მოვლასთან დაკავშირებულ საკითხებს. გაკვეთილი ჰიგიენის შესახებ ათიანზეა ჩაბარებული, მაგრამ ხელდაუბანელი ბავშვები ფაქტობრივად დაავადების გადამტანები ხდებიან.
ქვეყნის მასშტაბით დაკვირვების მონაცემებით სუფთად ჩაითვალა ტუალეტის ჯიხურების მხოლოდ ნახევარი, მწყობრიდან გამოსული იყო დაახლოებით ყოველი მეხუთე გამოკვლეული ჯიხური. ზოგადად, სკოლების უმეტესობაში ტუალეტის ჯიხურებთან არ არის ტუალეტის ქაღალდი.
საერთაშორისო კვლევები, აგრეთვე, ცხადყოფს, რომ დიარეების 40%-ზე მეტი შემთხვევა სასკოლო ასაკის ბავშვებში სკოლებში დასნებოვნების შედეგია. საპნით ხელების დაბანას შეუძლია 25%-ით შეამციროს მწვავე რესპირატორული დაავადებები, მათ შორის პნევმონია.
კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც სკოლებში სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების უზრუნველყოფა საზოგადოებისათვის უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ მიზანს წარმოადგენს, არის სკოლის გარემოს მნიშვნელოვანი გავლენა მოსწავლეთა ზოგადი სოციალური ჩვევებისა და ქცევის წესების ჩამოყალიბებაზე. შესაბამისად, სკოლაში სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების გაუმჯობესება, აგრეთვე აუმჯობესებს სანიტარიისა და ჰიგიენის ზოგად პრაქტიკას საზოგადოებაში.
იმედს ვიტოვებთ, რომ 2013 წლის შემდეგ მდგომარეობა ოდნავ მაინც გაუმჯობესდა ან ახლო მომავალში გაუმჯობესდება.
მოამზადა სალომე გორგოშიძემ