პოპულარული ქართული სერიალის "ჩემი ცოლის დაქალების" პერსონაჟების სახასიათო როლები აქტუალობას თითქმის არასდროს კარგავენ. როგორც ჩანს, "დოჩის", "კვაზის" და "ბარბარიკას" მიერ გათამაშებული სცენებით ამჯერად პატარებიც დაინტერესდნენ და მათი გაშარჟებული ვიდეოთი სოციალური ქსელის მომხმარებლები გაამხიარულეს.
როგორც mshoblebi.ge-სთან საუბარში ვიდეოს ავტორი ქეთევან გუნცაძე ამბობს, ვიდეოში ასახული სცენების დადგმაზე, მსახიობების ჩაცმულობაზე მისმა შვილმა, 9 წლის თეკლა შაინიძემ იზრუნა, რომელიც "დოჩის" როლს ანსახიერებს.
- თავიდან ვიდეო, ჩემი მეგობრებისთვის დავდე, ასე ვიღებთ ხოლმე ვიდეოებს და ვდებ მათ გასამხიარულებლად. მსგავსი ბევრი ვიდეო აქვთ გადაღებული. ეს ყველაფერი იუმორს ემსახურება. ხალხს აკლია სიცილი და პოზიტიური განწყობა. ამ კონკრეტულ ვიდეოში, ჩემი შვილი დოჩის, ძმისშვილი - კვაზის (ირაკლი გუნცაძე, 8 წლის), დისშვილი (ანანო ბუაჩიძე, 6 წლის) კი - ბარბარიკას როლს თამაშობს. ჩვენ ბათუმში ვცხოვრობთ, ეს ვიდეო თბილისშია გადაღებული ჩემს მშობლებთან. ირაკლი და ანანო იქ ცხოვრობენ.
- კვაზი როგორ შეგიმოსავთ...
- ბამბის თმა და ულვაშები გავუკეთეთ. ფეხზე კი ბაბუას ფეხსაცმელები ჩავაცვით.
- არ გაგიჭირდათ ვიდეოს გადაღება, რამდენი დუბლი დასჭირდათ? პატარებს უყვართ სერიალის ყურება, რამე ფრაზებს ხომ არ ამბობენ სერიალიდან?
- არ დაგვჭირვებია დუბლები. პირველივე ჯერზე ვიღებთ ვიდეოებს. ხშირად ვუყურებთ ერთად სერიალს, მაგრამ როგორც ასეთი, რამე ფრაზები თქვან, ასეთი რამ არ მახსენდება.
- კომენტარებში წერენ, რომ კარგი მსახიობები არიან პატარები. რომელიმე მათგანს ხომ არ უნდა მომავალში მსახიობი გამოვიდეს?
- თეკლას სურვილი დიდია, ამბობს, ჰოლივუდის ვარსკვლავი უნდა გავხდეო (იცინის).
რუსკა კილასონია