გაეროს ბავშვთა ფონდი-ის (UNICEF) კვლევის მიხედვით, უკანასკნელ პერიოდში საქართველომ მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა საგანმანათლებლო შედეგების თვალსაზრისით. 2009-დან 2015 წლამდე პერიოდში საქართველოში 15 წლის მოსწავლეებმა გააუმჯობესეს სწავლა კითხვაში, მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში თითქმის ერთი სრული კლასით.
თუმცა, გაეროს ბავშვთა ფონდის ინფორმაციით, ეს პროგრესი საქართველოში მოსახლეობის ყველა ჯგუფს თანაბრად არ შეეხო. ქალაქად მცხოვრები მოსწავლეები უსწრებენ თანატოლებს სოფლად; სოციალურ-ეკონომიკურად პრივილეგირებული მოსწავლეები უსწრებენ თავიანთ სოციალურად დაუცველ თანატოლებს; ხოლო, ის მოსწავლეები, რომლებიც შინ ქართულად ლაპარაკობენ, უსწრებენ თავიანთ თანატოლებს, რომელთა მშობლიური ენა ქართული არ არის. მიღწევებში ეს უთანასწორობა 2009-2015წწ. პერიოდში კიდევ უფრო გაიზარდა.
UNISEF-ის კვლევის თანახმად, საქართველოში მოსწავლეთა შეფასება, ძირითადად, კვლავ მოსწავლეთათვის ნიშნების დასაწერად გამოიყენება და არა სწავლის გაუმჯობესებაში მათ დასახმარებლად.
მოსწავლეთა მიღწევებისა და სწავლის გაუმჯობესებისათვის განმავითარებელი შეფასება პედაგოგიური პრაქტიკის მთავარი აქცენტი არ არის. მასწავლებლები არ იყენებენ შეფასების მრავალფეროვან ტექნიკებს და უპირატესობას ანიჭებენ მოსწავლეთა შეფასებას, ძირითადად, მრავალპასუხიანი ტესტებით, რომლებიც უნარების ფართო სპექტრს არ აფასებენ.
"ისეთი მოსწავლეების მომზადება, რომლებიც კონკურენტუნარიანები იქნებიან 21-ე საუკუნის ეკონომიკებში, საჭიროებს ისეთ მასწავლებლებს, რომელთაც აქვთ ცოდნა, უნარები და მოტივაცია, რომ განაგრძონ კვალიფიკაციის ამაღლება. საქართველოში პედაგოგები მნიშვნელოვნად უფრო ნაკლებად მონაწილეობენ პროფესიულ განვითარებაში, ვიდრე OECD-ის სხვა ქვეყნებში. PISA 2015-ის მონაცემები გვიჩვენებს, რომ განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებელთა თითქმის 30%-ს და საშუალო საფეხურის პედაგოგთა 30%-ს არ გაუვლია რაიმე სახის დაწყებითი მომზადება მასწავლებელთათვის, OECD-ის ქვეყნებისაგან განსხვავებით, სადაც ფაქტიურად ყველა პრაქტიკოსი მასწავლებელი გადის საწყის მომზადება", – ნათქვამია გაეროს ბავშვთა ფონდის ანგარიშში.
UNISEF-ის ანგარიშის მიხედვით, ამჟამად, ავტორიზაცია ქვეყნის 225 კერძო სკოლაზე გავრცელდა. საქართველოს თავდაპირველი გეგმა გულისხმობდა 2021 წლამდე საჯარო სკოლების ავტორიზაციას. საქართველოში ავტორიზაციის მიზანია სკოლის ეროვნულ სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა. OECD-ის ქვეყნებსა და ეკონომიკებში სკოლების შეფასებისაგან განსხვავებით, საქართველოში ავტორიზაცია არ აფასებს განათლების ხარისხს და არ ითვალისწინებს სკოლის ისეთ მიღწევებს, როგორიცაა მოსწავლეთა შენარჩუნება და შეფასების შედეგები.