"ბედნიერებაა საქართველოში დაბადება, ბედნიერებაა ქართველი გერქვას... სამხედრო ფორმას რომ იცვამ, სხვანაირი პასუხისმგებლობა გეკისრება“ - ეს სიტყვები ავღანეთიდან დაბრუნებულმა, 43-ე სამხედრო ბატალიონის ჯარისკაცმა ზურა ცერცვაძემ სკოლაში ბავშვეთან შეხვედრისას წარმოთქვა. იგი სამშობლოში გუშინ დაბრუნდა და პირველი, რაც გააკეთა, გადაწყვიტა შვილების სკოლას სწვეოდა. ამის შესახებ ინფორმაცია სოცალურ ქსელში ზურას მეუღლემ, ხათუნა შუკვანმა გამოაქვეყნა:
"ჩვენი ორი შვილი გიგი და ბექა 115-ე საჯარო სკოლაში სწავლობენ. ბავშვებისთვის არ მითქვამს, მამა რომ ჩამოდიოდა. ბექა სახლში დახვდა მამიკოს. ამ ყველაფერს ზღვა ემოცია ახლდა თან. გიგი და მისი თანაკლასელები კი ისე იყვნენ ინფორმირებულები, თითქოს განათლების სამინისტროს წარმომადგენელი უნდა სწვეოდა სკოლას. ყველა ბავშვი უკლებლივ ელოდა ზურას კლასში. ასე დახვედრის იდეა ეკუთვნის კლასის დამრიგებელს
ხატია წულაიას. მადლობა მას და მთელ სკოლას ამ გულთბილი შეხვედრისთვის. ძალიან ემოციური დახვედრა მოწყვეს. ვულოცავთ 43-ბატალიონს შინ უდანაკარგოდ და მშვიდობით დაბრუნებას“, - წერს ხათუნა შუკვანი.
რამდენად რთულია და როგორ უმკლავდება ოჯახი ჯარისკაცის ოჯახიდან შორს ყოფნას და როგორ ხვდებიან ამ ფაქტს შვილები, ამის შესახებ mshoblebi.ge - ს ზურა ცერცვაძის მეუღლე ესაუბრა:
- ქალბატონო ხათუნა, გაგვიზიარეთ ემოციები...
- სიხარულის, სიამაყის და ბედნიერების გრძნობა გეუფლება, როცა სამშვიდობო მისიიდან ბრუნდება ჯარისკაცი. ღმერთს სწირავ მადლობას და ბედნიერი ხარ იმით, რომ მშვიდობით დაუბრუნდა ოჯახს. სიამაყის გრძნობა გეუფლება, როცა იცი, რამხელა პასუხისმგებლობა ეკისრებათ ავღანეთში მყოფ ქართველ ჯარისკაცებს, რომ ღირსეულად დაბრუნდნენ სამშობლოში. სიხარულის უსაზღვრო გრძნობა გეუფლება, როცა იცი, სახლშია ბავშვებთან, რომელთაც მამა ძალიან ენატრებოდათ. ჩემი უფროს ვაჟი გიგი 15 წლისაა, ბექა - 6-ის. ბავშვებმა არ იცოდნენ მამის დაბრუნების შესახებ და სიუპრიზი მოუწყვეთ. შეხვედრის მომენტმა უსაზღვრო ემოცია გამოიწვია. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ამდენი თბილი სიტყვისთვის.
- არ არის ადვილი ოჯახისთვის, როცა ჯარისკაცი ქვეყნის გარეთ სამშვიდობო მისიით იმყოფება. თქვენ შემთხვევაში როგორ არის?
- ოჯახის წევრებისთვის რთულია. აცნობიერებ, ფიქრობ იმას, რომ შეიძლება ისე არ იყოს ყველაფერი, როგორც გინდა. როცა მიდის მისიაში, ჯარისკაცი ყველაფრისთვის მზად უნდა იყოს. თავს ვიმშვიდებდი, ყველაფერი კარგად იქნება-მეთქი. მიუხედავად იმისა, რომ ინტერნეტით ვეკონტაქტებოდით ერთმანეთს, მაინც ძალიან დაძაბული ვიყავი, თუ დააგვიანდებოდა მოწერა: "კარგად ვარ"! ნერვიულობით ადგილსაც ვერ ვპოულობდი, თან ჩუმად უნდა გადამეტანა ეს ყველაფერი, რადგან ბავშვებს არ მინდოდა შეემჩნიათ ჩემი შფოთვა. გიგი მაინც ხვდებოდა ჩემი ნერვიულობის მიზეზს, ჩამეხუტებოდა, დედიკო ყველაფერი კარგად იქნება, მამიკოს მალე ჩავეხუტებითო. პასუხისმგებლობის გრძნობა გიასმაგდება ოჯახის წინაშე, უფრო ძლიერდები და გინდა ის დანაკლისი შეუვსო ბავშვებს, რასაც ამ 7 თვის განმავლობაში განიცდიან მამიკოს არყოფნით. ამავე დროს ზურასთვისაც უნდა გვეგრძნობინებინა, რომ ჩვენ კარგად ვართ და არ ენერვიულა. ოჯახიდან შორს ყოფნა ძალიან რთულია. ვცდილობდით ერთმანეთის გამხნევებას, მონატრების დამალვას, რადგან ასე უფრო დავეხმარებოდით ზურას თავი გაერთვა იმ პასუხისმგებლობისთვის, რაც ეკისრა.
მადლობა უფალს იმისთვის, რომ 43-ე ბატალიონის ჯარისკაცები მშვიდობით და უდანაკარგოდ დაუბრუნდნენ სამშობლოსა და ოჯახებს.უფალი იყოს იქ მყოფი ჯარისკაცების მფარველი.
რუსკა კილასონია