"გთხოვთ, გამათავისუფლოთ სასწავლო პროცესიდან, რადგან ძალიან მეზარება სწავლა და ეს საკითხი ოჯახში მუდმივად კონფლიქტის საგანია.
მივდივარ სოფელში ბებიასთან, სადაც დილა, საღამო, შუადღეს ჩემს ნებაზე ვიქნები. მშვიდობით სკოლა!!!" - ბათუმის მე-15 საჯარო სკოლის მესამე კლასის მოსწავლის, გეგა წიტაიშვილის ამ განცხადებამ, რამდენიმე დღის წინ, "ფეისბუქი" მოიარა და ქართველი ინტერნეტმომხმარებელი გაახალისა.
8 წლის ბიჭუნას გაცნობა ჩვენც გადავწყვიტეთ და მის დედას დავუკავშირდით, რომელიც ბათუმელი ჟურნალისტია. ხატია იაშვილი გაზეთ "აჭარაში" მუშაობს და AMBEBI.GE-ს უყვება მისი შვილის შესახებ:
- გეგა სამი წლის ასაკიდან სოფელში ბებიასთან იზრდებოდა, ბებო, იქაურობა ძალიან უყვარს... თუ რამის გაკეთება არ უნდა, გვეუბნება, რომ სოფელში მიდის - ასე აპროტესტებს. თუმცა, იქ რომ არის, აქეთ უნდა... მოკლედ, როცა ის ცნობილი განცხადება დაწერა, მის მორიგ პროტესტთან გვქონდა საქმე...
კვირის განმავლობაში დატვირთული გრაფიკი აქვს, კარგად სწავლობს, ყოჩაღი ბავშვია, მაგრამ ხანდახან სიზარმაცე შემოუტევს ხოლმე. იმ დღესაც შაბათი იყო, მთელი დღე კომპიუტერზე დეიდაშვილს ეთამაშებოდა ინტერნეტით.
ვირას ვუთხარი, ვიმეცადინოთ-მეთქი და სწავლა აღარ მინდა, სოფელში წავალო. წასვლა ასე არ ხდება, სკოლას შენზე პასუხისმგებლობა აქვს აღებული, ვინმე საქმის კურსში უნდა ჩააყენო, თან, ჩემზეც იტყვიან - ცუდი დედააო. რადგან შენი სურვილია, განცხადება უნდა დაწერო-მეთქი. რა განცხადებაო? ფორმა არსებობს და ახლა მოგიძებნი ინტერნეტში-მეთქი.
მოკლედ, დაჯდა და იმ ფორმის მიხედვით წერა დაიწყო, ტექსტი თვითონ მოიფიქრა. დაწერაში ცოტა მივეხმარე. რომ დაასრულა, წინ დამიდო. ხომ ვამბობ, მისგან ასეთ პროტესტებს მიჩვეული ვარ, მაგრამ ამ წერილობით ფორმაზე ძალიან გამეცინა. მერე განცხადება მის დამრიგებელს ზეინაბ შავაძეს გადავუგზავნე - დამეხმარე, მიშველე-მეთქი. ზეინაბი გეგას აღზრდის საკითხებში გვერდში მიდგას, ჩართულია, მისი მადლობელი ვარ...