„ჩემს შვილს კითხვა არ უყვარს“, „ბავშვი ვერ სწავლობს“, „მეცადინეობა ეზარება“, „ქართულში განსაკუთრებული მეცადინეობა რა საჭიროა?!“, "რა არის მთავარი, რისი ცოდნაც მოსწავლისთვის აუცილებელია?", "რა წიგნები წავაკითხო ბავშვს?" – ამ და მსგავსი შინაარსის ფრაზებსა და კითხვებს საკმაოდ ხშირად მოისმენთ მშობლებისგან. მოზარდთა სწავლა, მათთვის სრულფასოვანი განათლების მიცემა მშობელთა ერთ-ერთი მთავარი საზრუნავია, შესაბამისად, სწავლასთან დაკავშირებული სხვადასხვა კითხვები ხშირად აწუხებთ და ამ კითხვებით mshoblebi.ge-ს მომართავენ ხოლმე.
ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი, მანანა მაისურაძე გვეუბნება, რომ არსებობს ცოდნის მინიმუმი, რომელიც აუცილებლად უნდა ჰქონდეს ყველას. ეს ეხება ნიჭიერსაც და უნიჭოსაც, ზარმაცსაც და ბეჯითსაც. პედაგოგი მიიჩნევს, რომ შედეგის მისაღწევად ყველა მოსწავლეს ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება.
ქალბატონ მანანას, რომელსაც საზოგადოება ტელე-შოუ „ვის უნდა 20 000“-ის გამარჯვებულად იცნობს, 40-წლიანი პედაგოგიური გამოცდილება აქვს. მან სწავლა-სწავლების საკითხებთან დაკავშირებით თავისი მოსაზრებები გაგვიზიარა.
– ბუნებრივია, ნებისმიერმა ადამიანმა, უპირველეს ყოვლისა, მშობლიური ენა უნდა შეისწავლოს საფუძვლიანად, როგორც ერთგვარი ბაზისი დანარჩენი იმ ცოდნისა, რომელიც შემდგომ ცხოვრებაში გამოადგება. ასეთი ცდა ჩაატარეს, ახალშობილს საწოვარაზე დაუყენეს ე.წ. წოვის სიჩქარის გამზომი. როცა მშობლიურ ენაზე ელაპარაკებოდნენ, წოვის სიხშირე იზრდებოდა, უცნობ ენაზე საუბრისას, მცირდებოდა.
გარდა ამისა, ადამიანის უკულტურობის მიმანიშნებელია, როცა გაუმართავი მეტყველება აქვს. მაგალითად, მაღალი რანგის საჯარო მოხელე არ უნდა ამბობდეს ისეთ წინადადებას, როგორიცაა – „მოხდა ხალხის გამოსვლა ქუჩაში მასიურად“. კიდევ ბევრი მაგალითის მოყვანა შეიძლება. ასევე, ერთმა ცნობილმა ადვოკატმა ასეთი წინადადება თქვა: „დღე მოხდა ადვოკატების არმოსვლა სასამართლოში“. ასე მგონია, რადგან გამართულად ვერ მეტყველებენ, ვერც სწორად აზროვნებენ. ამასთანავე, მშობლიური ლიტერატურის და ისტორიის სწავლა იდეოლოგიის სწავლაცაა. სწორედ ამიტომ გადაიყვანეს 40-იან წლებში აფხაზები და ოსები რუსულ სკოლებში, რადგან კარგად ხვდებოდნენ, რომ ასეთ სასწავლებლებში გაზრდილი თაობა აუცილებლად რუსული ორიენტაციისა იქნებოდა.
როცა ადამიანი გარეთ გამოდის, თავს ავალდებულებს, რომ ყველაფერი კარგად ჰქონდეს, ჩაცმულობაც და ვარცხნილობაც. ამისთვის ის საკმაოდ ირჯება და იხარჯება. სწორედ ასევე უნდა მიექცეს ყურადღება გამართულ მეტყველებასაც.
რაც შეეხება იმას, თუ რატომ უნდა ვისწავლოთ ჩვენი ლიტერატურა, ამაზე ორი აზრი არ არსებობს: ეს ჩვენი კულტურაა, ჩვენი მონაპოვარი, ჩვენი სიმდიდრე, ამიტომ კიდეც უნდა ვისწავლოთ და კიდეც უნდა ვიამაყოთ.
ასევე, არაა საჭირო ცალ-ცალკე, დაწვრილებით ვასწავლოთ დამოკიდებული წინადადების სახეები. უბრალოდ, ყურადღება გავამახვილოთ იმ ტიპურ შეცდომებზე, რომლებსაც უშვებენ. კიდევ ბევრის თქმა შეიძლება. თუ ასე მოიქცევიან, გრამატიკის შესწავლა ადვილიც იქნება და საინტერესოც.
– უნდა ისწავლებოდეს თუ არა საზეპიროები? ხშირად გვესმის, რაში მჭირდება შუშანიკიდან ამ საზეპიროს ცოდნა, ან ვეფხისტყაოსნიდან ამა თუ იმ სტროფის ცოდნა, როგორი დამოკიდებულება გაქვთ ამ საკითხის მიმართ?
- საზეპიროებზე დღეს ბევრს დავობენ. მიმაჩნია, რომ საზეპირო ისეთ როლს ასრულებს, როგორსაც სალესავი დანისთვის. მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ იგი უაზრო დაზუთხვაში გადაიზარდოს. კარგად აქვს ეს პროცესი აკაკი წერეთელს თავის ავტობიოგრაფიულ ნაწარმოებში „ჩემი თავგადასავალი“. იმდროინდელი მასწავლებლებისთვის მთავარი გაკვეთილის ზეპირი გადმოცემა იყო და არა აზრის გაგება. შეიძლება თავის დროზე არ მსიამოვნებდა, როდესაც სკოლაში „ვეფხისტყაოსნის“ სტროფებს მაზეპირებინებდნენ, მაგრამ ახლა დიდ სიამოვნებას განვიცდი მათი წარმოთქმის დროს. ადამიანებს მოსწონთ ლექსების ზეპირად წაკითხვა. აბა, ლირიკულ ლექსს როგორ მოჰყვები?! სცადეთ და ნოველებად მომიყევით ბარათაშვილის, ან გალაკტიონის ლექსები, სულ დაიკარგება ის ხიბლი, რაც მათ აქვთ.
– თანამედროვე ბავშვების გარკვეულ ნაწილს არ უყვარს კითხვა. ერთ პატარა გოგონას ვიცნობ, რომელიც ამბობს, რომ „პეპი გრძელწინდაც“ კი არ აინტერესებს, ეს ბავშვი სწავლობს კარგად, უყვარს მეცადინეობა, თუმცა არ უყვარს მხატვრული ლიტერატურის კითხვა. ბევრია ასეთი და მშობლები ძალიან განიცდიან ამ ამბავს. როგორ ფიქრობთ, თუ მხატვრული ლიტერატურის მიმართ არ აქვს მოზარდს ინტერესი, უხეშად რომ ვთქვათ, „დავიღუპეთ“? – რატომ ამახვილებთ ყურადღებას მაინცდამაინც თანამედროვე ახალგაზრდებზე? ეს ყოველთვის ასე იყო. ვიღაცას ისე უყვარს კითხვა, რომ სახლში შეშფოთებული არიან, არაფერი დაემართოს, ამდენს რომ კითხულობსო. ზოგის მშობელი კი დარდით აღარ არის, როცა მის შვილს კითხვა არ უყვარს. როგორ შევაყვაროთ? ძალიან რთული საკითხია. ერთსა და იმავე ოჯახში ერთისა და იმავე მშობლისგან გაზდილი შვილებიდან ერთს უყვარს კითხვა, მეორეს – არა. უპირველეს ყოვლისა, ბავშვმა უნდა დაინახოს, რომ მშობელი კითხულობს. ე.ი. ეს კარგია. გარდა ამისა, თანამედროვე ახალგაზრდები ძალიან ბევრს კითხულობენ. ამას მოწმობს თუნდაც სატელევიზიო გადაცემა „წიგნის თარო“. ასევე არის ლიტერატურული ჯგუფები, რომლებშიც უამრავი ახალგაზრდაა გაერთიანებული და მათ ძალიან ბევრი რამ აქვთ წაკითხული. ასე რომ, სიტყვა „დავიღუპეთ“ ძალიან ხმამაღლა ნათქვამია.
ხატია ვარდოსანიძე